რეზონანსი
20.07.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, 20 ივლისის ღამეს აშშ-მა სამიზნეში ამოიღო ირანის სამხედრო ცენტრები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო პოზიციები. 

"აშშ-ის ცენტრალური სარდლობამ დღეს, ზედიზედ მეცხრე ღამეა, ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღის განხორციელება დაიწყო. დარტყმები შეასუსტებს ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რომლებიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მოძრავ კომერციულ გემებსა და სამოქალაქო მეზღვაურებზე თავდასხმისთვის" - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ზე. 

ბოლო თავდასხმები მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შესახებ გამოაცხადა. ორი მათგანი იორდანიაში, აშშ-ის ბაზაზე თავდასხმას ემსხვერპლა. მესამე სამხედრო ერაყში ჩამოგდებული ირანული დრონის "კონტროლირებადი აფეთქებისას" დაიღუპა.

ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განაცხადა, რომ "მოულოდნელი თავდასხმა" განახორციელა სირიაში მდებარე "მტრის" სამეთაურო ცენტრზე. 

ჰორმუზის სრუტისა და სპარსული ყურის ქვეყნები ისევ იტყობინებიან საკუთარ ტერიტორიებზე ირანული საჰაერო იერიშების მოგერიების მცდელობებზე. 

შაბათს, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში გააფრთხილა აშშ "დაუვიწყარი გაკვეთილების" შესახებ, თუკი იგი გააგრძელებს ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმას. ეს იყო მისი პირველი საზოგადოებაში გამოჩენა ომის დაწყების შემდეგ. მან ორ ქვეყანას შორის დროებით შეთანხმებას "უღირსი და ბათილი" უწოდა აღნიშნა, რომ თეირანი აჩერებს თავის ვალდებულებებს, რომელიც დროებითი შეთანხმებების შედეგად ქონდა დაკისრებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავ ღიაა დიპლომატიისთვის, მაგრამ თუ შეთანხმება იქნება "რეალური" და ისეთი, რომლის დაცვისთვის ირანი "მზადაა".

"მათ არ შეუძლიათ ჰქონდეთ ძალაში მყოფი ურთიერთგაგების მემორანდუმი, თუკი მისი პირობებს არღვევენ. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ღია რჩება დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ ირანთან და კვლავაც გავაგრძელებთ მცდელობას", - თქვა რუბიომ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×