
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდ მწუხარებას განიცდის ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს ჩრდილოეთ ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, პარასკევს კი იორდანიაში განხორციელებულ დარტყმებს ორი სამხედრო ემსხვერპლა, რითაც აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებიდან დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა ირანს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-მა მათ დღესაც ძალიან ძლიერად დაარტყა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის ოფიციალური რიტორიკა ხშირად ეწინააღმდეგება რეალურ სტრატეგიულ მოცემულობას და ტრამპის ადმინისტრაციის რეალურ მიზნებს რამდენიმე ძირითად ასპექტად ყოფენ - „ბერკეტების მოპოვება" მოლაპარაკებების წინ.
ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტრამპის მთავარი მიზანი ირანის სრული განადგურება კი არ არის, არამედ მისი იძულება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან აშშ-ის პირობებით.
მათი შეფასებით, სამხედრო დარტყმებით, ხიდებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებით, ტრამპი ცდილობს ირანს წაართვას მისი მთავარი კოზირი - გავლენა ჰორმუზის სრუტეზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ომის განახლება და წნეხის გაზრდა ემსახურება ირანის პოზიციების მაქსიმალურ დასუსტებას ახალი დიპლომატიური შეთანხმების გაფორმებამდე.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი ამას ყოველთვის ღიად არ აცხადებს, ანალიტიკოსების ნაწილი პირდაპირ მიუთითებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიზანი ირანში არსებული ისლამური რეჟიმის დესტაბილიზაცია და მისი დამხობაა.
ანალიტიკოსების აზრით, ომის საწყის ეტაპზევე უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია აჩვენებს, რომ კოალიცია მიზნად ისახავდა ირანის მართვის ვერტიკალის მოშლას და შიდა არეულობის პროვოცირებას. ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ს სურს „პოსტ-ირანული ახლო აღმოსავლეთის" შექმნა, სადაც თეირანი ვეღარ იქნება რეგიონული მოთამაშე.
შემდეგი ასპექტი არის „სამუდამო ომის" ხაფანგი და სტრატეგიის დეფიციტი. ექსპერტები მაგალითად „სი-ენ-ბი-სი-ის" და „გარდიანის" მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ომი მკაფიო „გამოსვლის სტრატეგიის" გარეშე დაიწყო.
ანალიტიკოსების ხედვით, ტრამპმა ვერ გათვალა ირანის გამძლეობა. მიუხედავად უზარმაზარი სამხედრო დანაკარგებისა და ლიდერების დაღუპვისა, ირანის რეჟიმი არ ჩამოშლილა და ასიმეტრიული დარტყმებით (დრონებით, რაკეტებით, საზღვაო ბლოკადით) აშშ-ის მოკავშირეებსა და ბაზებზე დიდ ზიანს აყენებს. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ეს კონფლიქტი რისკავს გადაიქცეს ზუსტად იმ ტიპის ხანგრძლივ, დამღლელ „სამუდამო ომად", რომლის დასრულებასაც ტრამპი თავის ამომრჩეველს ყოველთვის პირდებოდა.
ამასთან, ზოგიერთი ანალიტიკოსი ღიად საუბრობს იმაზე, რომ კონფლიქტის მიზანი ნავთობის გლობალურ ბაზარზე კონტროლის მოპოვება და ირანის ენერგორესურსების იზოლაციაა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ნავთობის ფასის ზრდა და ეკონომიკური ზიანი არის ის ფასი, რომელსაც მხარეები გავლენისთვის ბრძოლაში იხდიან.