
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის რეგიონი და პოლონეთი რუსეთის ყველაზე ახლო სამიზნეა.
„რადგან უკრაინაში ომი ისე არ ვითარდება, როგორც რუსეთი გეგმავდა, მათ გამარჯვება არ შეუძლიათ და დღეს რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქების ხმა ისმის, საწვავის დეფიციტია. რუსული საზოგადოება უკვე უსვამს კითხვებს კრემლის რეჟიმს იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს და სად არის დაპირებული გამარჯვება...
კრემლს, პუტინს, სჭირდება ახალი ესკალაცია, რაიმე სახის ახალი გამარჯვება და ამ შემთხვევაში ბალტიისპირეთის რეგიონი და პოლონეთი ყველაზე ახლო სამიზნეა" -განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
თუ რატომ გახშირდა საუბრები ბალტიისპირეთზე თავდასხმაზე სწორედ ახლა, ექსპერტები ასახელებენ სამ მთავარ მიზეზს: პირველი, ეს არის უკრაინის ფრონტის ჩიხი და კრემლის შიდა წნეხი, რადგან რუსეთმა უკრაინაში სწრაფ და აბსოლუტურ გამარჯვებას ვერ მიაღწია, ხოლო თავად რუსეთის ტერიტორიაზე (საზღვრისპირა რეგიონებში, ნავთობბაზებზე) აფეთქებები და დივერსიები გახშირდა, პუტინის რეჟიმს შიდა აუდიტორიისთვის „ახალი გამარჯვება" ან ესკალაცია სჭირდება.
ნატოს ერთიანობის ტესტირება (ნატოს მე-5 მუხლი) - ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსკოვს სურს შეამოწმოს, რეალურად დაიცავს თუ არა დასავლეთი ბალტიისპირეთის პატარა ქვეყნებს, თუკი იქ მცირე მასშტაბის ინციდენტი მოხდება.
შემდეგი ეს არის დასავლეთის ყურადღების გადატანა. კრემლის მიზანია დააშინოს ევროპა, რათა ამ უკანასკნელმა შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა საკუთარი უსაფრთხოების შიშით.
ანალიტიკოსებისა და სამხედრო მაღალჩინოსნების, მათ შორის ლიეტუვისა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურების შეფასებით, ფართომასშტაბიანი ომი ნაკლებად სავარაუდოა.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთს დღეს არ გააჩნია სამხედრო რესურსი, რომ ნატოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი, ტრადიციული ომი დაიწყოს, რადგან მისი ძირითადი ძალები უკრაინაშია დაბმული. ანალიტიკოსები უახლოეს თვეებში ელიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს, დივერსიებს, კიბერთავდასხმებს და ხანძრებს ენერგეტიკულ ობიექტებსა თუ რკინიგზაზე.