
პროკურატურა თელავში, სასტუმროში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული გიორგი ჭიღლაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს მოთხოვნას გეგმავს, თუმცა, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული რეალურად თავად არის დაზარალებული. ადვოკატის ვერსიით, კონფლიქტი რუსი დამსვენებლების მხრიდან ქართული სიმღერებისა და ქორწილის მიმართ აგრესიამ გამოიწვია, რასაც სიძის ძმის მისამართით ფიზიკური თავდასხმა მოჰყვა.
სოციალურ ქსელში მომხდარზე აზრი ორად არის გაყოფილი - ნაწილი აქცენტს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ქმედებების სისტემურ ხასიათზე აკეთებს, მეორე ნაწილი კი ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.
შეგახსენებთ, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, მაშინ როცა ქართველი წყვილის ქორწილი მიმდინარეობდა, უცხოელმა დასმვენებლებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან ქორწილში მყოფ პირებს შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურას წყალი გადაასხეს, რის შემდეგაც ბრალდებული სასტუმროს ნომერში ავიდა და დამსვენებლებს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
რას ამბობს პროკურატურა
"დაკავებულს(გიორგი ჭიღლაძეს) ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით", - განაცხადეს უწყებაში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვითონ გიორგი ჭიღლაძეს, სიძის ძმას, რომელმაც უცხოელ დამსვენებლებს სასტუმროს ნომერში ააკითხა, მას შემდეგ რაც, როგორც ბრალდებულის მხარე აცხადებს, უცხოელებმ, აპარატურა დააზიანეს და სტუმრების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს აჟღერებდნენ, კისრის არეში დაზიანება აქვს მიღებული.
ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც. შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებოთ მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.
რუსეთის მოქალაქეების ადვოკატი თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს რამდენიმე დღით ქვეყნის დატოვების აკრძალვა აქვთ.
აღნიშნულის შესახებ ინციდენტში მონაწილე ქალის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა. „უკრაინელები - რუსეთის მოქალაქეები არიან. დაზარალებული მათ შორის, თურქეთის მოქალაქეცაა. რა თქმა უნდა, გამოიკითხნენ, ჩვენება მისცეს, აღწერეს მომხდარი მოვლენები. მოკლედ გეტყვით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი მეც და ამ გოგოებსაც", - აცხადებს აფციაური.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რადგან დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს კისრის არეში დაზიანებები აქვს, ადვოკატი აცხადებს:
„მე იურისტი ვარ და წინასწარ ამის გამორიცხვა არ შემიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი ძიების მწარმოებელ ორგანოსთან არ გვქონია. ელემენტარულად დადგენა უნდა, [დაკავებულს] ვინ მიაყენა დაზიანება, რადგან კადრებში, რომელიც გავრცელდა, ამ გოგონასგან რომ ყელის არეში რამე შეხება ჰქონდა, არ ჩანს. მახრჩობდაო ამბობს, ეს გოგო 60-კილოიანია და დათვის ხელები საიდან აღმოჩნდა მის ყელზე, ვერ გეტყვით. დაიწყოს გამოძიება, თუ ექნება ეს გამოძიებას, არც ეს არის პრობლემა", - აცხადებს აფციაური.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან პროვოკაციულ ქმედების ჩადენის შესაძლებლობას გამორიცხავს.
„ამ ქორწილში, 120 კაცი იყო მოწვეული, თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა და გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში, დავიჯერო, ფანრიანი „ნოკიაც" არავის ჰქონდა, რომ გადაეღო?", - აცხადებს აფციაური.
რაც შეეხება ვიდეომასალას, სადაც ქორწილის მონაწილეები რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ კარგად მოქცევისკენ, ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეოში ასახული არაა, ვისგან დაიწყო ინციდენტი.
„ისინი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ, აივანზე გახსნეს შამპანური და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი. კატეგორიულად გამორიცხავენ პროვოკაციულ ქმედებებს. კატეგორიულად გამორიცხავენ მითუმეტეს, იმ ქმედებას, რასაც ამბობენ, რომ აფურთხებდნენ, წყალს ასხამდნენ. სხვათა შორის, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, წვიმდა", - აცხადებს ადვოკატი.
"პროვოკაციის მსხვერპლი" საპირისპირო ვერსიაზე საუბრობს დაკავებულის ადვოკატი ლაშა კაპანაძე. მისი თქმით, გიორგი ჭიღლაძე თავად არის დაზარალებული.
ადვოკატი სოციალურ ქსელში ინციდენტის დეტალურ ქრონოლოგიას აქვეყნებს: გთავაზობთ ადვოკატის წერილიდან ამონარიდს: „სასტუმრო აგარანში" მომხდარი მთელი ისტორია არის ასეთი: 2026 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათიდან ვიმყოფებოდით სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო „აგარანის მამულში", ქორწილის აღსანიშნავად. ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმროს პირველ სართულზე არსებულ ვერანდაზე. სასტუმროს მე-3 სართულზე იმყოფებოდნენ რუსულ ენაზე მოსაუბრე დამსვენებლები, რომელთაც მეფე-დედოფლის მიმართულებით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა). იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, აღნიშნულზე გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით.
გადმოსხმული სითხე ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედეგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა. აღნიშნულ ფაქტზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ქორწილის სტუმრებსა და მე-3 სართულზე მყოფ დამსვენებლებს შორის.
ქორწილის სტუმრებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და შესულიყვნენ შიგნით, ხოლო მე-3 სართულზე მყოფებმა სტუმრების მისამართით რუსულ ენაზე დაიწყეს გამოთქმები, რომ ვართ პაპუასების ქვეყანა და დედა აგინეს ქორწილში მყოფ სტუმრებს.
ქორწილის სტუმრებმა იქვე მყოფ სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართეს დასახმარებლად, რომ აღმოეფხვრათ პრობლემა. ადმინისტრაციის წარმომადგენელიც დაჰპირდა შესაბამის რეაგირებას. ამ ფაქტიდან მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა აამუშავა მუსიკალური აპარატი და მუსიკები, სიმღერა გაგრძელდა.
დაახლოებით 10-15 წუთში, მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.
გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, პრობლემა არ აღმოიფხვრა, გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა მე-3 სართულზე და კარზე დაუკაკუნა იქ მყოფ დამსვენებლებს. კარის გაღების შემდეგ, გიორგი ჭიღლაძე დადგა კარის ზღურბლთან, შეიძლება ოდნავ შიგნითაც და ქართულად მიმართა იქ მყოფ ქალს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად, ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი.
აღნიშნულზე სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ინგლისურად უპასუხა, რომ იმყოფებოდა მის ოთახში და მოითხოვა მასთან რუსულად ლაპარაკი. აღნიშნულზე გიორგი ჭიღლაძემ ინგლისურად უპასუხა, რომ ეს ქალი იმყოფებოდა გიორგი ჭიღლაძის ქვეყანაში, ანუ საქართველოში და მოსთხოვა ესაუბრა ქართულად, ან საუბარი გაეგრძელებინა ინგლისურად, რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking whore (შე ...). ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა.
გიორგი ჭიღლაძეს და იქ დამსვენებელ ქალს შორის გაგრძელდა სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო იმ ქალმა გიორგი ჭიღლაძეს მოუქნია მარჯვენა ხელი ყელის არეში. გიორგიმ ხელი აუკრა და აიცილა ქალის მოქნეული ხელი. წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი. გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა.
აღნიშნულზე ოთახში მყოფმა სხვა ქალებმა ატეხეს კივილი, ხოლო იმისათვის, რომ კონფლიქტი უფრო დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, გიორგიმ დატოვა ოთახი და გაეცალა სასტუმროს ნომერს.
აღსანიშნავია, რომ რუსულად მოლაპარაკე, სავარაუდოდ, რუსმა დამსვენებლებმა ვერ აიტანეს ვერანდაზე არსებული ქართული ქორწილი და ქართული სიმღერები, რის გამოც მოაწყვეს პროვოკაცია და როგორც ქცევაზე ეტყობოდათ, იმყოფებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების თრობის ქვეშ. "