
კომერციულ ბანკებს ლარის მოზიდვის მიმართ ინტერესი გაუქრათ. როგორც სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს, სექტორი არც მოსახლეობას ასტიმულირებს და აღარც რეფინანსირების სესხებით ინტერესდება. ამ წყაროების ერთადერთ ალტერნატივად ფინანსისტები საპენსიო ფონდს მიიჩნევენ, თუმცა ესეც ვარაუდის დონეზეა. წლების ტენდენციის მკვეთრი კლება სპეციალისტებში სერიოზულ ეჭვს იწვევენ.
როგორც ირკვევა, რეფინანსირების სესხების მოცულობა ექვს თვეში 13-ჯერ შემცირდა. 31 დეკემბერს კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან 4,2 მილიარდი ლარი ისესხეს, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 300 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა, რაც ანომალიური მოვლენაა.
საბანკო სფეროს მკველვარი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ კომერციულ ბანკებს ლარის ჭარბი რაოდენობა აქვთ, რითაც აიხსნება, რომ დამატებითი კაპიტალის მოზიდვას არ ცდილობენ. იშოვეს თავისუფალი ფული და დაბალი საპროცენტო განაკვეთითაც. თოქმაზიშვილი არ გამორიცხავს, ეს ფული ბანკებს სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და საპენსიო ფონდიდან ჰქონდეთ მოზიდული.
,,კომერციულ ბანკებს სახსრების მოიძიების რამდენიმე წყარო გააჩნიათ. ეს არის დეპოზიტები და ეროვნული ბანკიდან სესხები, რასაც უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ. იმის გამოც, რომ დიდი რაოდენობით შეემატათ ფული საპენსიო ფონდიდან, სებ-დან სესხის მიღება აღარ აინტერესებთ. რამდენადაც მათი სტაბილურობა და მომგებიანობა სულ უფრო და უფრო იზრდება, რეფინანსირებაზე დამოკიდებულება შეამცირეს.
"ტენდენცია გაგრძელდება და საპენსიო ფონდიდან ფული კიდევ შეემატებათ, თუმცა აქ დიდი მნიშვნელობა ექნება ეკონომიკური ზრდის დონეს. ადრე ძალიან მაღალი ტემპი იყო და ახლა ეს დინამიკა შემცირდა, შესაბამისად, სესხებზე მოთხოვნაც უფრო დასტაბილურდა და არ არის ისეთი აქტიური, როგორიც წინა წლებში.
სავარაუდოდ, ბანკებს დიდი რაოდენობით დაუგროვდათ სახელმწიფოს ორგანიზაციებიდან კაპიტალიც, რაზეც ალბათ თავის დროზე შესაბამისი განმარტება გაკეთდება“, - განაცხადა თოქმაზიშვილმა და წინა წლების გამოცდილებაზეც ისაუბრა.
,,90-იან წლებში კომერციული ბანკები, ძირითადად, დამოკიდებული იყვნენ უცხოეთიდან მოზიდულ სახსრებზე. შემდეგ შეიცვალა ეს დამოკიდებულება და რეფინანსირებამ პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო დროს უკვე საპენსიო ფონდიც დაემატა და, აქედან გამომდინარე, რეფინანსირების კომპონენტიც შესუსტდა. არ მგონია, რომ ეს ანომალიური მოვლენა იყოს. ყველაზე რთულია საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ამაში უფრო ვხედავ პრობლემას. ისევ და ისეც ეს ემსახურება ინფლაციურ ზეწოლას, 2-3%-იანი რეფინანსირების სესხი რომ გვქონდეს, გარკვეული წლები სჭირდება, რა მაჩვენებელიც დღეს ფიქსირდება, ინფლაციისკენაა მიმართული და არა იმაზე, რომ სესხებმა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყონ“, - აღნიშნა მიხეილ თოქმაზიშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
რეფინანსირების სესხების ალტერნატიულ წყაროს სპეციალისტების ნაწილი საეჭვოდ მიიჩნევს. ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში არ არის ყველა ის ტენდენცია სათანადოდ გამოკვეთილი, რის გამოც ეროვნული ბანკის თანხებზე დამოკიდებულება ბანკების მხრიდან იკლებს.
,,შეიძლება, კომერციულ ბანკებს ფული ალტერნატიული წყაროებიდან ჰქონდეთ, მაგრამ ასეთი არ იკვეთება, თუ არ ჩავთვლით საპენსიო ფონდის სახსრებს. თანხების დაბანდების ალტერნატიული საშუალებები ბანკებს არ აქვთ. ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებული არ არის და შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა, რაც ასევე არ არის აქტიური.
ბანკები ყოველთვის იყენებდნენ რეფინანსირების სესხებს, რადგან სხვა წყაროებთან შედარებით, იაფი იყო. საპენსიო ფონდს კი საბანკებო დეპოზიტების გარდა, სხვა დაბანდების საშუალება არ აქვს, ეს მათთვის ყველაზე გარანტირებულია. უნდა განიმარტოს, რატომ მოხდა რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის მასშტაბური შემცირება. დეპოზიტების მასა იზრდება, როცა ეკონომიკა იზრდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ტენდენცია არ გამოკვეთილა. ვერ ვხედავ ლოგიკას, იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატიული წყარო დიდად არ ჩანს.
საპენსიო ფონდიც ყველა ბანკში ვერ განათავსებდა კაპიტალს, შეიძლება ორ წამყვან ბანკში, ამიტომ ვერ ვხედავ საფუძველს, რითი მოხდა ჩანაცვლება, ეს წყაროები პრაქტიკულად არ ჩანს. უნდა აიხსნას, რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე, ცალსახად ეს სტატისტიკა არაფერს გვეუბნება“, - აღნიშნა ხომიზურაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.