
მსოფლიო ბაზარზე ნვთობის ფასი დაეცა, თუმცა საქართველოში ცვლილება ფაქტობრივად არ ასახულა. ბენზინი კვლაც ძვირია და სავარაუდოდ, ტენდენცია დიდად არ შეიცვლება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე არსებული გაურკვევლობაა. მართალია, ბოლო კვირების განმავლობაში სპარსეთის ყურიდან წამოსულმა ნავთობმა გლობალური მარაგი შეავსო, ახლა გადამუშავების პრობლემებია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები შეზღუდულად მოცულობით მუშაობენ, რამაც შესაძლოა, ბენზინის კრიზისამდე მიგვიყვანოს.
აღნიშნულ თემას ეხმიანება ,,სიენენიც". მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმითაა აღწერილი საწვავის კუთხით არსებული ყველა მასშტაბური გამოწვევა, რის წინაშეც დღეს მსოფლიოა. დღეს ნავთობგადამამუშავებელი რესურსები კატასტროფულად არის შეზღუდული.
ამის მიზეზი ნაწილობრივ ომის დროს მიწოდების ჯაჭვების მოშლაა. გარდა ამისა, ირანმა ახლო აღმოსავლეთის ათეულობით ქარხანაზე მიიტანა იერიში. სულ ახლახან კი უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკული ობიექტების აფეთქება დაიწყო.
"ჯიპი მორგანის" გლობალური სასაქონლო კვლევების ხელმძღვანელის, ნატაშა კანევას მონაცემებით, დღეს მსოფლიო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დღეში 8.4 მილიონით ნაკლებ ბარელ ნედლ ნავთობს ამუშავებენ, ვიდრე ომის დაწყებამდე. ეს ნიშნავს, რომ საწვავის წარმოება 10%-ით არის შემცირებული.
„კითხვა ახლა იმაში კი არ მდგომარეობს, დაბრუნდება თუ არა ნედლი ნავთობი ბაზარზე, არამედ იმაში, რამდენად სწრაფად შეძლებს გლობალური გადამუშავების სისტემა მის ათვისებას“, - აცხადებს კანევა.
სპარსეთის ყურეში საომარი მოქმედებების განახლება, ცხადია ახლო აღმოსავლეთში ნავთობის გადამუშავების პროცესსაც ართულებს. რეგიონს დღეში 11.7 მილიონი ბარელის გადამუშავების სიმძლავრე აქვს, თუმცა ამ ინფრასტრუქტურის სრულად ამუშავება აზრს კარგავს, თუკი მზა საწვავის ტრანსპორტირება შეუძლებელი იქნება.
ხოლო, რაც შეეხება რუსეთს, მსოფლიოში ნავთობგადამუშავების შემცირების მეხუთედი სწორედ რუსეთის დაკარგულ სიმძლავრეებზე მოდის. უკრაინის თავდასხმებამდე რუსეთი დღეში 800 000 ბარელ დიზელს აექსპორტებდა, რაც გლობალური დიზელის მიწოდების 12%-ს შეადგენდა. ასეთ კრიტიკულ მომენტში, რუსეთმა, რომელიც მსოფლიოში მაზუთის უმსხვილესი და დიზელის მეორე უდიდესი ექსპორტიორია აშშ-ის შემდეგ, საწვავის ექსპორტი ფაქტობრივად, შეაჩერა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, რაც არ უნდა აღდგეს ნედლი ნავთობის ნაკადები, ბენზინისა და დიზელის ფასი იმაზე ბევრად დიდხანს დარჩება მაღალ ნიშნულზე, ვიდრე ეს ვინმეს სურს.
ეკონომიკის ექსპერტ ნიკა შენგელიას შეფასებით, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბენზინისა და დიზელის დეფიციტის პრობლემა მსოფლიოში არ დგას. ამიტომაც, შენარჩუნდება ის ფასი, რაც ამ ეტაპზეა და არც საქართველოს ექნება რაიმე სახის პრობლემა ამ მიმართულებით.
,,თავის დროზე, ირანსა და აშშ-ს შრორის დადებულ შეთანხმების ეჭვის თვალით ვუყურებდით. მაშინაც აღვნიშნე, რომ ნავთობის ფასი ძნელად ჩამოცდება 80-დოლარიან ნიშნულს-თქო. რაც შეეხება ბენზინს, ის დგინდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ის, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 60% განადგურებულია, არ ნიშნავს, რომ ევროპაში ქარხნები შეფერხებით მუშაობს.
საქართველოში ახლა, ფაქტობრივად, ევროპიდან შემოტანილი საწვავით ვაჭრობენ და სავარაუდოდ, სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში არსებული ფასი შენარჩუნდება. ბენზინისა და დიზელის დეფიციტი ან ღირებულების დამატებით გაზრდა ამ ეტაპისთვის საფუძველსმოკლებულია. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ამ მიმართულებით დღეს სირთულეები აქვს რუსეთია, განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.
იგივე შეხედულებას იზიარებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი. მისი აზრით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი საწვავის მიმართულებით დიდ პრობლემას არ შექმნის საქართველოსთვის.
,,ჩვენ ახლოაღმოსავლეთიდან არასდროს არ შემოგვქონდა საწვავი, თანაც გადაწყობილი ვართ ევროპული ქვეყნები ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობაზე. თუკი ისინი მიიღებენ და გადაამუსავებენ იმ რაოდენობს ნავთობს, რასაც მუდმივად მოიხმარდნენ, პრობლემა არც ჩვენ უნდა შეგვეხოს.
რაც შეეხება გლობალურ ჭრილში არსებულ პრობლემას, რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო სწრაფად აღმოიფხვრება კრიზისი. თუ მსოფლიო სანავთობო ბაზებზე გადამამუშავებელ ქარხნებში შევა საკმარისი რაოდენობის ნედლი ნავთობი, მსოფლიოც იმ რაოდენაობას მიიღებს, რაც მას სჭირდება. ახლა როდესაც რუსეთში, მთლიანობაში თითქმის მთელი სექტორი გაჩერდა, ძნელი განსასაზღვრელია რა რაოდენობის ნავთობი შემოვა ან გადამუშავდება.
საქართველომ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. გვაქვს ბათუმის, ფოთის, ყულევის სანავთობო ტერმინალები და ეს სწორად უნდა ვმართოთ. ამ რთულ ვითარებაში დადებითია ის გარემოება, რომ თურქმენეთმა გამოთქვა ევროპასთან მეგობრობის სურვილი და სთავაზობს ნავთობს საქართველოზე გავლით. ეს კი ჩვენთვის მომგებიანი იქნება," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ იობაშვილმა.
ამ ეტაპზე 1 ტონა ბენზინი, "პლატცის" მიხედვით, 1060 დოლარი ღირს, 1 ტონა დიზელი კი - 1165 დოლარი. ეს დაახლოებით ის ნიშნულია, როდესაც ნავთობის ღირებულება მსოფლიოში 110 დოლარი ფარგლებში ტრიალებდა. ახლა 1 ბარელის ფასი 86-88 დოლარია, მაგრამ ბენზინისა და დიზელის ფასი, ზემოთაღნიშნული პრობლემების გამო, კვლავ მაღალ დონეზე რჩება.