მარიამ ვეკუა
23.07.2026

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა თუ ინტერნეტანონიმურობის დასასრული? ევროკავშირისა და დასავლური სამყაროს მცდელობა, მოზარდები სოციალური ქსელების "მტაცებლური ალგორითმებისგან" აკრძალვით დაიცვან, სერიოზულ ციფრულ დილემას აჩენს. კეთილშობილური მიზნის მიღმა იმალება ე.წ. "|ვ-ვერიფიკაციის მახე", რომელიც ზრდასრულ მომხმარებლებსაც უსპობს ინტერნეტში ანონიმურობის უფლებას, ხოლო კრიტიკოსები ამ ინიციატივას ბიუროკრატიულ უსუსურობასა და რეალურ საფრთხეებთან ბრძოლის იმიტაციაში ადანაშაულებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მასშტაბით ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ინიციატივით გამოდის, რაც დღის წესრიგში დადგა ექსპერტთა ჯგუფის მიერ 13 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ინტერნეტსივრცეში მკაცრი შეზღუდვის დაწესების მოითხოვნის შემდეგ.

"ნათელია, რომ პლატფორმებზე ასაკის შესაბამისი შეზღუდვის დაწესება აუცილებელია", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას ინტერნეტში ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ მომზადებული ახალი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

საქმე ეხება არა იმას, აქვთ თუ არა ბავშვებს წვდომა სოციალურ ქსელებზე, არამედ იმას, აქვთ თუ არა და როდის აქვთ სოციალურ ქსელებს წვდომა ჩვენს შვილებზე", - აღნიშნა მან და ე.წ. "მტაცებლურ ალგორითმებზეც" გაამახვილა ყურადღება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა საკანონმდებლო პროექტის შემოდგომისთვის მომზადება დააანონსა, მინიმალური ასაკის დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ დასძინა, რომ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეთავაზებული "ეტაპობრივი მიდგომა" (რეკომენდაციები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით) მისთვის "ძალიან დამარწმუნებელია".

სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც გერმანელი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი იორგ ფეგერტი და ფრანგი ეპიდემიოლოგი მარია მელშიორი ხელმძღვანელობდნენ, ევროკავშირის მასშტაბით 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის "სოციალური მედია პლუსის" შეზღუდვისკენ მოუწოდა. ეს ტერმინი აერთიანებს სხვადასხვა პლატფორმას, რომლებიც მსგავს ფუნქციებს იყენებენ, მაგალითად, ვიდეოთამაშებსა და ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს.

კომისიის წევრთა განცხადებით, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე", სოციალური ქსელების გამოყენებაზე უფრო მაღალი ასაკობრივი ბარიერიც დააწესონ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: საქმე ეხება არა იმას, აქვს სუ არა ბავშვებს წვდომა სოციალურ ქსელებზე, არამედ იმას, აქვს თუ არა და როდის აქვს სოციალურ ქსელებს წვდომა ჩვენს შვილებზე".

მჟამად ევროკავშირის, სულ მცირე, 10 ქვეყანას უკვე აქვს გაცხადებული ბავშვებისთვის მსგავსი აკრძალვის დაწესების გეგმა. მაგალითად, საფრანგეთი სოციალური ქსელების დაბლოკვას 15 წლამდე მოზარდებისთვის აპირებს, ესპანეთს შეზღუდვის 16 წლამდე ასაკის პირებზე გავრცელება სურს, ხოლო საბერძნეთში 15 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილი რეგულაცია ძალაში შევა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან.

ამ ზომების წინააღმდეგ ერთადერთ ოპოზიციურ ხმად ესტონეთი რჩება, რომლის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აქცენტი თავად პლატფორმების რეგულირებაზე უნდა დაისვას, რადგან ბავშვები ნებისმიერი აკრძალვისთვის გზის ავლის საშუალებას მაინც იპოვიან.

ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც არასრულწლოვანთათვის სოციალური ქსელები აკრძალა. ეს პოლიტიკა, თეორიულად მაინც, 16 წლამდე ასაკის მოზარდებს ისეთ პლატფორმებზე წვდომას უზღუდავს, როგორიცაა ფეისბუქი, ტიკ-ტოკი.

ევროკავშირის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტსივრცე თავიდანვე უსაფრთხოდ უნდა იყოს დაპროექტებული.

"ჩვენ ხომ არ ველოდებით, რომ ბავშვები თავად შექმნიან უსაფრთხოების ღვედებს, ან მშობლები სახლის პირობებში დაამონტაჟებენ უსაფრთხოების ბალიშებს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიამ უკვე მოამზადა წინასწარი ბრალდებები "მეტასა" და "ტიკტოკის" წინააღმდეგ და ამ საქმეებმა, შესაძლოა, კომპანიებს აპლიკაციების "დამოკიდებულების გამომწვევი" მექანიზმების შეცვლა აიძულოს. პარასკევს კომისიამ განაცხადა, რომ "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" მფლობელმა კომპანიამ ვერ შეძლო მომხმარებლებზე მისი ნარკოტიკული დიზაინის გავლენის რისკების აღმოფხვრა. მსგავს დასკვნამდე კომისია "ტიკტოკთან" მიმართებით ჯერ კიდევ აპრილში მივიდა. ორივე კომპანია ევროკომისიის ბრალდებებს უარყოფს, გამოძიება კი გრძელდება.

ორივე შემთხვევაში ევროკავშირის გამოძიებამ პრობლემურად მიიჩნია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ე.წ. "უსასრულო სქროლვა", ვიდეოების ავტომატური გაშვება, "პუშშეტყობინებები" და მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული, პერსონალიზებული ალგორითმები.

ექსპერტთა რეკომენდაცია სოციალური ქსელების გამოყენების შესახებ უსაფრთხო ინტერნეტის არსებობას ეფუძნება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 13 წლიდან "მოზარდებმა უნდა ისარგებლონ ასაკის შესაბამისი და უსაფრთხო სოციალური მედიისა თუ სხვა ციფრული სერვისების ეტაპობრივად დამოუკიდებელი გამოყენების შესაძლებლობით".

აკრძალვისთვის შერჩეული ასაკის დასაბუთებისას ერთ-ერთმა ექსპერტმა განმარტა, რომ 10-დან 13 წლამდე პერიოდი ბავშვებისთვის "ძალიან მოწყვლადი ფაზაა". აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ასაკში სოციალური ქსელების გამოყენება "საკმაოდ დიდ ზიანს" აყენებს მოზარდებს, განსაკუთრებით კი გოგონებს საკუთარი სხეულის აღქმის მხრივ.

"რაც უფრო ადრე იწყებ გამოყენებას, მით უფრო ძლიერია დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციების უარყოფითი გავლენა", - აღნიშნა ექსპერტმა.

კიდევ ერთი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვინაიდან ტვინის განვითარება 25 წლამდე გრძელდება, ამ ასაკამდე მაღალია მავნე დამოკიდებულებისა და ემოციური პრობლემების რისკიც.

"ჩვენ ნამდვილად არ ვამბობთ, რომ 13 წლის შემდეგ ბავშვებმა თავისუფლად უნდა დაიწყონ "სოციალური მედია პლუსის" გამოყენება", - დასძინა მან.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 13-დან 15 წლამდე პერიოდი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ "მოწყვლადობის პიკია".  სოციალური შედარების, სხვებისგან შეფასების (უკუკავშირის) მოლოდინისა და გარიყვის შიშის მიმართ მომატებული მგრძნობელობა დამატებით საფრთხეებს უქმნის "სოციალური მედია პლუსის" მომხმარებლებს.

ახალი ინიციატივა თუ თვალთვალისა და შეზღუდვის კარგად ნაცნობი სცენარი?

პაველ დუროვი, რომლის მიერ შექმნილი "ტელეგრამი" მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო მესინჯერად მიიჩნევა, ამბობს, რომ პირადი თავისუფლება, პრაქტიკულად, გამონაკლისის გარეშე, დედამიწის ყველა კუთხეში ილახება და ჩვენ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. იმასაც ამსბობს, რომ უკვე 20 წელია, აკვირდება, რა მეთოდებით ახერხებენ ავტორიტარული რეჟიმები ჩვენი თავისუფლების ჩახშობას და გეგმაზომიერად გვართმევენ ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს. მისი აზრით, ამჟამად იმავე ხრიკების გამოყენებას სულ უფრო ხშირად იწყებენ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში.

პაველ დუროვი: მას ასევე სურს, მიიღონ წვდომა თქვენს პირად მიმოწერებზე. სურს, იცოდნენ თითოეული ადამიანის აზრები, ვინც იყენებს სოციალურ ქსელებს. წარმოიდგინეთ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამან ადამიანებს, თუ ისინი თავისას მიაღწევენ.

"გაერთიანებულ სამეფოში ყოველ წელს ათასობით ადამიანს აკავებენ სოციალურ ქსელებში პუბლიკაციებისთვის. ინტერნეტში პოლიტიკურად არაკორექტულ რაღაცას თუ იტყვი, შეიძლება ჯარიმა დაგაკისრონ ან თუნდაც გარკვეული დრო ციხეში გაგატარებინონ. გერმანიაში, რომელიც ევროპის კავშირის ყველაზე დიდი ქვეყანაა, ადამიანებს აკავებენ და დევნას უწყობენ პოლიტიკოსების ინტერნეტში შეურაცხყოფისთვის. ათასობით ადამიანს ყოველ წელს. პოლიტიკოსს ინტერნეტში ღორად ან ქურდად თუ მოიხსენიებ, შეიძლება 3 წლამდე ციხე მიიღო", - აცხადებს იგი.

ახლა ადამიანებს საკუთარი ნამდვილი სახელების გამოყენების ეშინიათ და წყვეტენ საკუთარი ნამდვილი სახელების გამოყენებას, როდესაც ინტერნეტში კომენტარებს ტოვებენ. ახლა ევროკომისია ახალი ინიციატივით სოციალური ქსელის მომხმარებელს ავალდებულებს, წარადგინოს პირადობის მოწმობა, მათი ოფიციალური გამართლება კი ბავშვების დაცვაა.

კომისიას სურთ, სოციალურ ქსელებზე წვდომა აუკრძალონ 16 წლამდე მოზარდებს და ამისათვის ყველა მომხმარებელმა ასაკის დასასასტურებლად პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს.

"რა მოხდება, მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას თუ აუკრძალავენ? ზიანს მოიტანს ეს თუ სარგებელს?" - სვამს კითხვას დუროვი და თვითონვე პასუხობს:

"ნამდვილად ვიცით ამ კითხვაზე პასუხი. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დაებლოკა "ტელეგრამი", თუმცა რუსეთის მოზარდების 95% მაინც ყოველდღე იყენებს "ტელეგრამს" ქზ#-ის საშუალებით.

"რუსეთი ძალიან ცდილობს. მილიარდები ჩადეს ზ#-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასობით სხვადასხვა ზ#-სერვისს თვალთვალის აპარატურა დაუყენეს ინტერნეტპროვაიდერის მონაცემთა ცენტრში, ცდილობენ, აკონტროლონ მთელი ტრაფიკი და არ გამოსდით. იგივე ვითარებაა ირანშიც.

ასე რომ, მოზარდები, უბრალოდ, გადავლენ ზ#-ზე. პრობლემა ის არის, რომ ამ შემთხვევაში მათთვის იხსნება ყველანაირი საძაგელი, უკანონო, მარგინალური კონტენტი. ზოგი საიტი, რომელიც მრავალი წლის წინ იყო დაბლოკილი, უცებ კვლავ ხელმისაწვდომი გახდება".

ეს არაკომპეტენტურობაა? შესაძლოა, მაგრამ როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობამ უკვე გასცა პასუხი ამ კითხვაზე, საჯაროდ წარმოადგინეს კანონპროექტი ინტერნეტში უსაფრთხოების შესახებ ვითომ ბავშვების დასაცავად, ინგლისის უმაღლეს სასამართლოში კი სულ სხვა ახსნა მოიყვანეს. მათ განაცხადეს, რომ ინტერნეტში უსაფრთხოების შესახებ კანონის ძირითადი ნაწილი საერთოდ არ უკავშირდება ბავშვების დაცვას, არამედ მიზნად ისახავდა კონტროლის დამყარებას ისეთი დიდი პლატფორმებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ დისკურსზე.

ახლა ამავე საბაბს აქტიურად იყენებს ევროკომისია, რათა წინ წაწიოს მასშტაბური თვალთვალის კანონების პაკეტი, რომელიც ცნობილია როგორც ჩათკონტროლი. ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკომისია ჯიუტად ცდილობდა, გაეტარებინა ახალი კანონების პაკეტი, რომელიც ავალდებულებდა თითოეულ მესინჯერის აპლიკაციას, თავის შიფრებაში ჩაენერგა კოდი, რათა ყველაფერი, ყოველი პირადი შეტყობინება, ყოველი პირადი ფოტო ხელმისაწვდომი ყოფილიყო მათთვის.

მთავარი გამართლება აქ ისევ და ისევ აუცილებელი და ყოვლისმომცველი ბავშვების დაცვაა და ცდილობდნენ, ეს გაეტანათ როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე.

საფრანგეთის მთავრობა შეეცადა, მიეღო მსგავსი კანონი, რომელიც ეროვნულ დონეზე მასობრივი თვალთვალის შესაძლებლობას შექმნიდა. ფრანგულმა სენატმა ოფიციალურად მხარი დაუჭირა და დაამტკიცა იგი, მხოლოდ ეროვნულმა ასამბლეამ უარყო. ფრანგებმა ოდნავ სხვა გამართლება გამოიყენეს - დანაშაულთან", - აღშფოთებულია პაველ დუროვი.

მას ჩვენთვის უსიამოვნო და შემაშფოთებელი სიახლეები აქვს. გასულ წელს საფრანგეთის საგადასახადო სამსახურის ერთი მაღალჩინოსანი მხილებული იყო მოქალაქეების კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის გაყიდვაში.

"შედეგად, მხოლოდ 2026 წლის პირველ 3 თვეში საფრანგეთში ორმოცზე მეტი ადამიანი გატაცების მსხვერპლია. საფრანგეთში ადამიანებს იტაცებენ, აწამებენ, სძალავენ ფულს, დევნიან და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სახელმწიფოს სურდა მოქალაქეების შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვება და არ შეუძლია დაცვა.

"ახლა კი მათ კიდევ უფრო მეტი მონაცემი უნდათ. სიტუაციაც ისედაც უკვე კატასტროფულია, მაგრამ მათ ამაზე გაჩერება არ სურთ. მათ ასევე სურთ, მიიღონ წვდომა თქვენს პირად მიმოწერებზე, სურთ, იცოდნენ თითოეული ადამიანის აზრები, ვინც იყენებს სოციალურ ქსელებს. წარმოიდგინეთ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამან ადამიანებს, თუ ისინი თავისას მიაღწევენ", - აცხადებს პაველ დუროვი.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×