
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა - ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. გადაწყვეტილებას, რომელსაც ოპოზიციაში „უკიდურესად მძიმე პოლიტიკურ განაჩენს" უწოდებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „წუხილით" ეხმაურება. მმართველი გუნდი კი იმედოვნებს, რომ ექვსთვიან ვადაში სანქციები გადაიხედება.
ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია. კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს თანახმად, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.
"ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, ასევე, მსხვილ ბელარუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის შეიქმნა.
დამატებით, [სანქციების] პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთსა და მესამე ქვეყნებში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ და გადაამუშავებენ.
ამ ჩარჩოში ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც ძალაში ექვს თვეში შევა - ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს ყულევში. მეტიც, ევროკავშირმა ხუთი ნავთობთრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ „წუხილს გამოხატავს" და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
„ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.
საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.
საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეფასებები
ყულევის პორტის დასანქცირებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არაერთხელ დადასტურდა, „ყულევის ტერმინალს უშუალოდ სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ ჰქონია".
„ყულევის ტერმინალს კერძო კომპანია განაგებს. ამ კუთხით გარკვეული აქტიურობა აქამდეც იყო, თუმცა საბოლოოდ, სანქცირებულთა სიიდან ყულევის ტერმინალის ამოღება მოხდა. როგორც ტერმინალის ხელმძღვანელობა აცხადებს და ეს დადასტურდა კიდეც აქამდე არსებული ყველა მონიტორინგით, ამ ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ გააჩნია.
ვიმედოვნებთ, რომ ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული. აქამდე არსებული ინფორმაციით, ყულევის ტერმინალს უშუალოდ სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ ჰქონია, რაც არაერთგზის დადასტურდა, მათ შორის შემოწმებით.
ექვსი თვეა მითითებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული საკითხებია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. სავარაუდოდ, ექვსთვიანი ვადა იმიტომ არის გათვალისწინებული, რომ ეს სანქციები იყოს თავიდან არიდებული", - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ქვეყანაში არანაირი სანქცირებული პროდუქცია არ შემოდის, არც სანქცირებული გემი.
„ის გემი, რომელიც სანქცირებული აღმოჩნდა, ეს იყო მას შემდეგ, რაც პორტში იმყოფებოდა, პორტში მას შემდეგ არ დაბრუნებულა. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არ არსებობს და იმედია, ეს ყველაფერი დროებითია. ექვსთვიანი ვადაა და იმედია, პორტის მფლობელები და ბრიუსელი გაერკვევიან ერთმანეთში. დარწმუნებული ვარ, სიიდან ამოღებული იქნება. ანუ, სანქციების ქვეშ არ მოექცევა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა თქვა, რომ „ყულევის ქარხნის ხელმძღვანელობამ წარადგინა არგუმენტები, რომ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა, იმედია, სანქციები არ ამოქმედდება.
„სანქციებს ექვსი თვის ვადა აქვს და როგორც ვიცი, ყულევის ხელმძღვანელობამ შესაბამისი არგუმენტები წარადგინა, რომ იქ სანქცირებული ტვირთის მოძრაობა არ ყოფილა და მსგავსი არც შეიმჩნეოდა. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, ევროკავშირთან საერთო ენას გამონახავენ და სანქციები არ ამოქმედდება.
რა თქმა უნდა, შესაძლებლობაა, რომ სანქციები არ ამოქმედდეს და გადახედილი იყოს, რადგან არსებულ კომპანიას არგუმენტები აქვს და იმედია, ევროკავშირთან საერთო ენას ნახავენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება არ ერევა", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყულევის ქარხნის სანქცირება უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენია „ქართული ოცნების" რეჟიმისთვის.
„ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი „ქართული ოცნების" რეჟიმისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც არა ცალკეული ევროპული სახელმწიფო, არამედ სრულიად ევროკავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ.
ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არასოდეს უნდა აღმოჩენილიყო. ეს არ არის ერთი კომპანიის, ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი.
როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად არის მიჩნეული, როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი!",- განაცხადა „ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
„ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა თქვა, რომ ყულევის ქარხნის დასანქცირება, ეს ბიზნესცივილიზაციისგან მოწყვეტას ნიშნავს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილები ვართ აბსოლუტურად ბიზნესცივილიზაციას. ნიშნავს იმას, რომ რეპუტაციული რისკი და რეპუტაციული უსაფრთხოება ზიანდება დღიდან დღემდე და გუშინდელი გადაწყვეტილება ამის დასტურია", - განაცხადა ყიფიანმა.