მარიამ ვეკუა
24.07.2026

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო და ლოჯისტიკურ ჯაჭვებზე იერიშები ახალ მასშტაბში გადაიყვანა - ფრონტის ხაზიდან ათასზე მეტი კილომეტრის დაშორებით განხორციელებული დარტყმები უკვე არა მხოლოდ ნავთობობიექტებს, არამედ საჰაერო თავდაცვის მწარმოებელ საკვანძო ქარხნებსა და კომერციულ ლოგისტიკურ ჰაბებსაც აზარალებს.

სანამ კიევი მტრის სამხედრო მანქანის ზურგიდან პარალიზებას ცდილობს, რუსეთი კიევს დამანგრეველი ბალისტიკური დარტყმებით პასუხობს.

უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, კიროვის ოლქში მდებარე სამხედრო ქარხანა „ავიტეკი" და უკრაინის საზღვრიდან 1350 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნავთობობიექტი დააბომბა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივლისს განაცხადა. მისი თქმით, რუსული ძალები აღნიშნულ აღჭურვილობას უკრაინულ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე მასშტაბური თავდასხმებისთვის იყენებენ.

„დღეს ჩვენმა თავდაცვის ძალებმა რუსეთში, კიროვში მდებარე ერთ-ერთ საკვანძო სამხედრო საწარმოს დაარტყეს. ის ოკუპანტის ავიაციასა და სარაკეტო სისტემებს კომპონენტებით ამარაგებს", აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან უკრაინელ სამხედროებს ზუსტი დარტყმების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და იერიშებს რუსულ აგრესიაზე „სამართლიანი პასუხი" უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა იერიში რუსეთის სიღრმეში, საზღვრიდან 1350 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნავთობობიექტზე. მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა დამატებითი დარტყმები მტრის სხვა სამიზნეებზეც განახორციელეს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სამხედრო ოპერაციებს იმ რუსული სამხედრო ლოგისტიკის წინააღმდეგ, რომელიც ოკუპანტებს დრონების კომპონენტებით, სანავიგაციო აღჭურვილობითა და საბრძოლო ამუნიციით უზრუნველყოფს, ისევ აქტიურად განაგრძობს.

მანამდე "ტელეგრამ-არხი" "ასტრა" იუწყებოდა, რომ 24 ივლისის დილას კიროვში აფეთქებების ხმა გაისმა, რასაც ქარხანა „ავიტეკის" ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა. აღნიშნული საწარმო რუსული არმიისთვის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს აწარმოებს. ღია წყაროებზე მომუშავე მკვლევრებისა და მონიტორინგის ჯგუფ "Exilenova+"-ის ინფორმაციით, იერიშის სამიზნე კიროვში, ოქტიაბრსკის პროსპექტზე მდებარე „ვიატკის მანქანათმშენებელი საწარმო - ავიტეკი" გახდა. სავარაუდოდ, თავდასხმისას „ფლამინგოს" ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

პირველადი ცნობებით, დარტყმა ქარხნის ერთ-ერთ ცენტრალურ კორპუსზე განხორციელდა, სადაც იერიშის მომენტში, შესაძლოა, თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ აღნიშნული ქარხანა საჰაერო ტიპის მართვადი და სამიზნე რაკეტების წარმოებაზე სპეციალიზდება. გარდა ამისა, საწარმო ჩართულია „ტორ-ის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების წარმოების პროცესშიც.

რუსეთის პასუხი პარასკევს ნაშუადღევს, რუსულმა ძალებმა იერიში კიევის ოლქზე მიიტანეს, რასაც ათი ადამიანი ემსხვერპლა, ასამდე კი დაშავდა, ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. თავდაცვის სფეროს კონტრაქტორი კომპანია „First Contact"-ის დამფუძნებელმა და საბრძოლო მოქმედებების ვეტერანმა, ვალერი ბოროვიკმა აღნიშნა, რომ მტრის თავდასხმის სამიზნე პოლიგონი გახდა, სადაც იარაღის გამოფენა იმართებოდა.

„ძალიან სერიოზული დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე, სადაც იარაღის გამოფენა მიმდინარეობდა. იქ ჩვენი ნაცნობებიც იმყოფებოდნენ. დიდი ალბათობით, იერიში მიზანმიმართულად სწორედ ამ ღონისძიებაზე მიიტანეს და, სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც", განაცხადა ბოროვიკმა.

მოგვიანებით, „უკრაინის იარაღის მწარმოებელთა საბჭომაც" დაადასტურა, რომ , ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ადგილზე, სადაც უკრაინის თავდაცვის მრეწველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ დამსწრეთა ზუსტი ადგილსამყოფელი საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა.

დარტყმის გარემოებებს კომპეტენტური ორგანოები იძიებენ. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ სამართალდამცავები დაადგენენ, იქ კონკრეტული ღონისძიება, ნამდვილად გაიმართა თუ არა. „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დიდი ხანია აკრძალულია მასობრივი თავყრილობები, საჯარო ღონისძიებები და ხალხმრავლობა. ეს ყველა სამოქალაქო პირს მართებს, რომ ახსოვდეს", - განაცხადა იგნატმა.

მან ასევე დასძინა, რომ კიევის ოლქზე ორმხრივი იერიში განხორციელდა, თუმცა ერთი „ონიქსის" ტიპის რაკეტის ჩამოგდება ჰაერშივე მოხერხდა. გენერალური პროკურატურა აღნიშნული ომის დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის წარმოებას ზედამხედველობს. არდა ამისა, გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზეც, ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისას, რამაც ადამიანების მსხვერპლი და სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია.

უკრაინელების გააქტიურებული იერიში

ბოლო კვირებია უკრაინელებმა საჰაერო იერიშები გააძლიერეს, 24 ივლისის ღამეს დრონებმა იერიში " უაილდბერისი" საწყობებზე მიიტანეს, როგორც სანქტ-პეტერბურგში, ისე დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში. წინასწარი ცნობებით, დარტყმის სამიზნე შესაძლოა ახლომდებარე ნავთობბაზაც ყოფილიყო. 18 ივლისის შემდეგ ეს უკვე სულ მცირე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსული ონლაინ-კომპანიები უკრაინული დარტყმების სამიზნე გახდნენ. თუმცა, თუ მანამდე იერიშები ექსკლუზიურად "უალდბერისის" ობიექტებზე ხორციელდებოდა, , ამჯერად თავდასხმა „რუსეთის ფოსტის" სადისტრიბუციო ცენტრზეც განხორციელდა.

20 ივლისს დრონებმა მოსკოვის ოლქს კვლავ დაარტყეს, რამაც ხანძარი გააჩინა "უაილდბერისის"კიდევ ერთ საწყობში, პოდოლსკში. 22 ივლისის ღამეს კი უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე "უაილდბერისის"ორ მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრს დაარტყეს - სამიზნე კრასნოდარში დაახლოებით 100 000 კვადრატული მეტრის ფართობის ობიექტი და ნევინომისკში (სტავროპოლის მხარე) 90 000 კვადრატული მეტრის საწყობი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×