
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა თანასოფლელების ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის ფილიპე ლაგაზიძეა. ის მეუღლესთან ერთად სოფელში არსებულ მატყლის საამქროში მუშაობდა.
ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ შემთხვევა წუხელ, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცის მეუღლე პურის საცხობში სამუშაოდ იყო გასული. პავლე ლაგაზიძემ მამას, რომელიც შემთხვევის დროს ეზოში ძროხას წველიდა, სავარაუდოდ, რკინის ნაჭრით, თავის არეში მრავალჯერადი დარტყმით, დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოსთან მდებარე ნაკვეთში გადაიტანა, ორმო გათხარა და დამარხა. სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ ქმრის ძებნა დაიწყო და ცხედარს მოგვიანებით მიაკვლიეს. გავრცელებული ინფორმაციით, პავლე ლაგაზიძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მკურნალობის კურსს იტარებდა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. სავარაუდო დამნაშავეს 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"მთავარი ამბები კახეთიდან"