მარიამ ვეკუა
25.07.2026

ვიქტორ ყიფიანისა და მისი ახალი პარტიის, „ჯერ საქართველოს" ინიციატივამ სამართლიანი არჩევნების გარშემო კონსოლიდაციაზე, ოპოზიციურ სპექტრში ტაქტიკური გადანაცვლება გამოიწვია. იდეას, რომელიც ბოიკოტის წინააღმდეგ პროცესში ჩართულობასა და საზოგადოებრივ მობილიზაციას ითვალისწინებს, უკვე შეუერთდა „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, მხარდაჭერას გამოხატავს „ლელოც". ექნება თუ არა ამ ახალ ინიციატივას არსებითი შედეგი, თუ საქმე გვაქვს ოპოზიციონერების მორიგ ანონსთან, რომელსაც რეალური განხორციელება არ უწერია?

ჯერ საქართველოს" ლიდერი ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ საზოგადოების უმრავლესობა ამ მოთხ0ვნას მხარს დაუჭერს.

ჯერჯერობით დაზუსტებული არაა რა კონკრეტული მოთხოვნა ექნება ოპოზიციას - საარცევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თუ ყველაფერი ერთად. ხოლო ამ მოთხოვნით ოპოზიციის გააქტიურება, სავარაუდოდ, შემოდგომიდანაა მოსალოდნელი.

ყიფიანის პარტიის იდეას უკვე შეუერთდა „დროას" ლიდერი ელენე ხიშტარია, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ამას უერთდება „კოალიცია ცვლილებებისათვის" და, სავარაუდოდ, მთელი „ოპოზიციის ალიანსი".

„მინდა გამოვეხმაურო „ჯერ საქართველოსა" და ვიქტორ ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ინიციატივას. აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მის მიერ დასმულ ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო. მისი ინიციატივა ეხება არა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგის დაწყებას, არამედ ოპოზიციის კონსოლიდაციას და აქტიურ მოქმედებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევის მიზნით, რასაც უნდა მივაღწიოთ ბიძინა ივანიშვილზე სისტემური ზეწოლის გზით.

„ჩვენი მუშაობა უნდა იყოს ისეთი თანმიმდევრული და ინტენსიური, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, პროტესტის საკუთარი ფორმით, ეს პოზიცია გააჟღეროს. მაგალითად, რომ იკითხავ: „როგორ ხარ?", გიპასუხოს - „თავისუფალი არჩევნები" რომ ჰკითხავ - „როგორი ამინდია?", გიპასუხოს - „თავისუფალი არჩევნები". სადაც არ გაივლი, უნდა ხედავდე აივნიდან გადმოფენილ წარწერას: „თავისუფალი არჩევნები!" ამან უნდა მოიცვას მთელი ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციაზე აქტიურად ვერ დადიან. როდესაც ამ ეტაპს მივაღწევთ, მერე უნდა იყოს მძლავრი კულმინაცია - დიდი აქცია რუსთაველზე", - ვკითხულობთ ელენე ხოშტარიას წერილში

ამ იდეას მხარს უჭერს „ლელოც". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ოპოზიციაში ბოიკოტის სენტიმენტების რღვევას მიესალმება.

„ვხედავ ბოიკოტის სენტიმენტის რღვევას, რასაც მივესალმები. ამას ზოგი უფრო გვიან ხვდება, ვიდრე სხვა. მგონია, რომ ბოიკოტი და საარჩევნო ნიჰილიზმის გაღვივება არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. მომავალში ის ენერგიები, რომლებიც აქტიურად მოუწოდებენ ბოიკოტისკენ, ჩემთვის იქნებიან „ქოცური" ენერგიის გამაძლიერებლები. იმიტომ, რომ ბოიკოტი ბიძინა ივანიშვილს აწყობს. ყველა ბოიკოტით იგებს ივანიშვილი. ძალიან მარტივი წესი მაქვს: თუ ბიძინა ივანიშვილი რამით იგებს, მე ვაგებ. ამიტომ, არანაირი ბოიკოტი, ბევრი მუშაობა. არანაირი ახალი ფორმაციები და ერთობები არ არის საჭირო. ვნახეთ, რომ რაღაცებს ქმნიან, გვპატიჟებენ და მერე თვენახევრის შემდეგ ამბობენ - დავაპაუზეთო. არ გვცალია ამისთვის", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ყველაფერი ოპოზიციონერების ერთიანობაზეა დამოკიდებული.

  • გრიგოლ გეგელია: „ვხედავ ბოიკოტის სენტიმენტის რღვევას, რასაც მივესალმები.... ვნახეთ, რომ რაღაცებს ქმნიან, გვპატიჟებენ და მერე თვენახევრის შემდეგ ამბობენ - დავაპაუზეთო. არ გვცალია ამისთვის".

ნიშნავს თუ არა „ჯერ საქართველოს" ინიციატივა, რომ შემოდგომიდან ოპოზიციამ შეიძლება დაიწყოს ახალი კამპანია თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით, ჩიტაძე ამბობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია".

„ყველაფერი შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, ემხრობიან არჩევნების გზით „ოცნების" დამარცხებას, თუ საპროტესტო აქციების გაგრძელებას. საერთო პოზიცია უნდა მომზადდეს. ვადამდელი იქნება, თუ 2028-ში გაიმართება, ოპოზიცია მზად უნდა იყოს, თუ რა ალტერნატივას სთავაზობს მოსახლეობას იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც დღე არსებობს", - განუცხადა ჩიტაძემ „რეზონანსს"

  •  ნიკა ჩიტაძე: „ეს დამოკიდებულია სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, ემხრობიან არჩევნების გზით „ოცნების" დამარცხებას, თუ საპროტესტო აქციების გაგრძელებას. საერთო პოზიცია უნდა მომზადდეს."

კითხვაზე, არის თუ არა მზად დღეს ოპოზიცია არჩევნებისთვის, იგი გვპასუხობს:

„ნაწილობრივ არის მზად, საკამრისად არ არის მომზადებული, მითუმეტეს მაშინ, როცა „ოცნების" ხელშია ყველაფერი, ჯერჯერობით რეალური ალტერნატიული პროგრამა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას სოციალური საკითხები, პოლიტიკური საკითხები, თუნდაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ოპოზიციას დღეს არ აქვს".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ მსგავს კამპანიას აქედანვე პერსპექტივა არ ექნება.

„როგორც ამდენი ხნის განმავლობაში იძახდნენ - ვადამდელი არჩევნები, არალეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური პრეზოდენტიო. მსოფლიოს უზარმაზარმა სახელმწიფომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკამ წერტილი დაუსვა ყოველივეს. არჩევნები ჩატარდება 2028 წელს და ეს არის მოცემულობა. ასე რომ, ამ კამპანიას პერსპექტივა არ ექნება".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×