რეზონანსი
25.07.2026

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკი იზრდება. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და სახანძრო უსაფრთხოების წესები დაიცვან. სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების გამომწვევი მთავარი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები ტურისტულად დატვირთულ პერიოდში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აქტიურად პატრულირებენ და ვიზიტორებს სახანძრო უსაფრთხოების რეკომენდაციებს აცნობენ. ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები. QR კოდის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების, საპიკნიკე ადგილების მოწყობისა და კოცონის დანთების წესებს.

სატყეო სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ წიწვოვან ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე და სხვა ხანძარსაშიშ ადგილებში ცეცხლის დანთება აკრძალულია. კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ და ადვილად აალებადი მასალებისგან გაწმენდილ ბაქანზე.

ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, 300-დან 500 ლარამდე ჯარიმით ისჯება, ხოლო დაუდევრობით ხანძრის გამოწვევა 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×