რეზონანსი
27.07.2026

 ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გაფართოების სურვილი აღარ აქვთ. ისეთ საკითხებს წარმოშობენ, ისეთი რაკურსით უტევენ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს მისწრაფება აქვთ თითქოს და ჩაკეტვა უნდათ იმ სისტემის, რომელშიც ისინი არსებობენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" პარლამენტის პიველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირში გერმანიის ინიციატივაზე.

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი თავად კეტავს იმ კარს, რომელზეც ამბობდა, რომ ღიაა სხვა ქვეყნებისთვის.

„თავად გადაწყვეტენ, როგორი კონსენსუსით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ვეტოს უფლება იქნება თუ არა. ჩვენ გარედან ვინც ვართ - კანდიდატია თუ მოლაპარაკების პროცესში მყოფი ქვეყანა, იმათ საერთოდ არ ექნება არავითარი სიტყვის უფლება. აი, თითქოს და ჩაკეტეს ის კარები, რომელშიც მივისწრაფვით, რომ შევიდეთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციის ნარატივი, რომ თითქოს ხელისუფლებას აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება აბსურდია.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიუღებელია ის მოთხოვნები, რომელსაც ევრობიუროკრატია საქართველოს უყენებს.

„რატომ არ უნდა გვინდოდეს?! მაგრამ ერთი თემა წამოწიეს ისეთი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენზე ვიმსჯელოთ მაშინ და ვიკამათოთ და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გასაგებია აშკარად, რომ საქართველოს დაანგრევს და მის თვითმყოფადობას მოშლის. შენ თურმე ვალდებულება გაქვს, რომ არავის უნდა დაუშალო ბავშვებთან ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ გენდერი შეიძლება იყოს მრავალნაირი. არ არის აუცილებელი, რომ ქალი და კაცი იყო, შეგიძლია ერთნაირსქესიანთა ქორწინება გააფორმო და ეს კონსტიტუციაში უნდა გქონდეს. მოკლედ, ისეთი თემებია წარმოშობილი, რომელიც გვაშორებს იმ პრინციპებიდან, რაზეც ევროკავშირშია საუბარი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ამ მიზეზებით აღარ გვინდა ევროკავშირში ყოფნა. ძალიან ბევრი, უშველებელი ნაწილია ისეთი, რომელიც ჩვენთვის არა თუ მისაღები არამედ ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენი გაძლიერებისთვის", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანიის ინიციატივა ევროკავშირში გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპისა და ვეტოს უფლების გაუქმებას, რათა მნიშვნელოვანი საკითხები კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყდეს. ამ წინადადებას უკვე შეუერთდა ევროკავშირის 12 წევრი ქვეყანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×