რეზონანსი
28.07.2026

პირადად მე, ზურაბ ცეცხლაძე საერთოდ არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს. სხვა ტექნიკური საშუალებები უნდა გამოვიყენო, რომ გავუმკლავდე ამ ადამიანს. ეს ყველაფერი შეიძლება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს , - ამის შესახებ აქტივისტმა ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის" მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

როგორც ცეცხლაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, ისტორიაში არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც მსგავსი ჯგუფები ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა, შემდეგ კი მათზე უარი თქვა.

ცეცხლაძემ ასევე მიმართა გიორგი ქართველიშვილსა და მისი მოძრაობის წევრებს, არ გახდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ობიექტები.

„საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ძალადობა და ძალის გამოყენება, არის დასჯადი. რაღაც ფორმით ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები პოლიციის გარკვეული ფუნქციებს არალეგალურად შეითავსებენ. არ ვიცი, პოლიციის მიმართ ნდობა შემცირდა და რაღაც ფორმით „ტიტუშკებმა" მეტი საქმე უნდა გააკეთონ, ვიდრე ფორმა ჩაცმულებმა პოლიციელებმა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხალხი დაარბია, მოწამლა, აწამა, შეიძლება იგივე პროცესები კიდევ განვითარდეს და ასეთი რამ აღარ გააკეთონ, ის ყველაფერი, რაც ყოფილმა პოლიციის მაღალ ჩინოსნებმა გააკეთეს, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ თადარიგს იჭერენ, რომ გამოაყარონ კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც უბრალოდ შეაშინებენ და სახლებში შეყრიან ხალხს. ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი. პირადად მე, ზურაბ ცეცხლაძე საერთოდ არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს. სხვა ტექნიკური საშუალებები უნდა გამოვიყენო, რომ გავუმკლავდე ამ ადამიანს. ეს ყველაფერი შეიძლება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ვინც ამ საქმეში ჩადგა ფეხი, ქართველიშვილის ვეუბნები და მის ხალხს, ნახონ რა დაემართა „მხედრიონს". ჯერ გამოიყენეს და მერე თვითონ ჩახოცეს, ცოცხალმა ვერავინ გაასწრო. მათ ვაფრთხილებ, რომ თავს ნუ გამოაყენებინებენ. „ხარება" საჭიროა რომ აღარ გახდა, მეორე დღესვე გაიქნიეს. ამ შემთხვევაში ვინ არის ვიღაც ქართველიშვილი, რომელსაც გამოიყენებენ და გაუშვებენ. ჭკუით იყვნენ და ამ ავანტიურაში, რომელიც ქვეყანაში დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს, არ გადადგან ნაბიჯი",- განაცხადა ცეცხლაძემ.

გარდა ამისა, ზურაბ ცეცხლაძემ ისაუბრა საკრებულოსთან აქტივისტების ბანერის ხელში ჭერის გამო ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებაზე. მისი თქმით, ბანერის ხელში დაჭერისთვის ადამიანების დაკავება თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

ამასთან, ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას" საკუთარ თავზე არ უნდა მიეღო ბანერს შინაარსი, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი ბიძინაა - „აუცილებელი არ არის, რომ ამ ბიძინაზე იყოს საუბარი".

მისი თქმით, მიზეზია მთავარი თუ რატომ უჭირავთ ადამიანებს მსგავსი შინაარსი ბანერი და რა ის, რომ უხამსი სიტყვაა.

„სოლიდარობა მათ, ვინც ბანერის ხელში დაჭერისთვის არის დაკავებულია. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის დარტყმა თავისუფალ სიტყვაზე. თუ შეურაცხმყოფელი სიტყვაა, მაშინ ყველასთან მიმართებაში უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და არა მარტო ბიძინასთან მიმართებაში. გუშინ აქციის მონაწილეს ხელში ეჭირა ბანერი პუტინზე ანალოგიური შინაარსის (კითხვა პასუხის), მოვიდნენ [პოლიცია], გადაუღეს ფოტოები, წავიდნენ და აღარ გამოჩენილან. ამბობენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა. გიჭირავს ბანერი, სადაც არის უხამსი წარწერა. უბრალოდ მოდის მოქალაქე, რომელიც ამას ხედავს და არ მოსწონს, ექმნება დისკომფორტი. ასეთმა ასმა ადამიანმა შეიძლება ჩამოიაროს და ასივეში გამოიწვიოს ნეგატივი, ზოგადად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა იყოს. თუ ერთან მიმართებაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა, მეორესთან მიმართებაში რატომ არ არის? ადრე ვხედავდით ბანერებს, რომელიც ირაკლისთან დაკავშირებით იყო. სხვაზე რომ გააკეთო ბანერი ნებისმიერი შინაარსის, არანაირი რეაგირება არ ექნებათ, არა თუ დაკავება.

არ არის საკუთარ თავთან მიღება საჭირო. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ბიძინაა. აუცილებელი არ არის, რომ ამ ბიძინაზე იყოს საუბარი. რატომ მიიღეს საკუთარ თავზე? იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები. მიზეზია გამოსაკვლევი და არა ის, რომ უხამსი სიტყვაა და ქვეყანა დაანგრიეს. როდესაც ადამიანს ლეგიტიმურ და კანონიერ საშუალებებს მოუსპობ, სხვა გამოსავალი არ არის.

ევროპის კართან მისული ქვეყანა დაანგრიეს, ჩამოშალეს, ყველა გზა ჩახერგეს, ლეგიტიმური ბრძოლის ყველა გზა აკრძალეს და ადამიანებს სხვა გზა აღარ დარჩათ. ეს კაცი ანგრევს ამ ქვეყანას, თორემ ამ საქმეებში არ იყოს გარეული, არავის გაახსენდებოდა ბიძინა ივანიშვილი. არავის არ მოსწონს სამი ასოთი ბანერი ხელში ეჭიროს. მე პირადად ამ ბანერს ხელში ვერ დავიჭერ, თუმცა თუ ისე განვითარდა სიტუაცია და ყველა გზა გადაკეტეს, მართლაც შეიძლება მთელი საქართველო ამ ბანერით იდგეს", - განაცხადა ცეცხლაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×