ნატალია ჯვარიძე
30.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი „პეტრიოტის" რაკეტების ადგილობრივი წარმოების ლიცენზიას მიიღებს. თეთრ სახლს ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შეთანხმებას ორივე მხარისთვის სტრატეგიულად ხელსაყრელია. კრემლში კი აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აშენებული ნებისმიერი სამხედრო ქარხანა მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსს" განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა კიევისთვის „პეტრიოტის" სისტემების საჰაერო თავდაცვის რაკეტების უკრაინის ტერიტორიაზე წარმოების ლიცენზიის გადაცემას. ზელენსკის თქმით, ეს ქვეყანას ამერიკულ მარაგებზე დამოკიდებულების შემცირების საშუალებას მისცემს.

„პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ის დათანხმდა ჩვენთვის ლიცენზიების გადაცემას", - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე მხარეები ამ შესაძლებლობას თურქეთში გამართული ნატო-ს სამიტის კულუარებში განიხილავდნენ.

„ვფიქრობ, ამ გარიგებას დავდებთ. ჩვენ მოგცემთ „პეტრიოტის" წარმოების ლიცენზიას", - განაცხადა ტრამპმა თურქეთში ზელენსკისთან წინა შეხვედრის შემდეგ.

  • უკრაინაზე მასშტაბური შეტევების დროს რუსეთი საშუალოდ 40-მდე ბალისტიკურ რაკეტას იყენებს, ასეთი დარტყმები კი თვეში 3-5-ჯერ ხდება.

„პეტრიოტის" რაკეტები კრიტიკულად მნიშვნელოვნად ითვლება რუსული ბალისტიკური რაკეტებისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან დასაცავად. ზელენსკის თქმით, უკრაინაში ასეთი რაკეტების მარაგები კრიტიკულად დაბალ დონეზეა. ამ რაკეტების წარმოება შეზღუდულია. კომპანია „არ-თი-ექსი" წელიწადში დაახლოებით 500 ერთეულ რაკეტას აწარმოებდა, თუმცა ეს სიმძლავრეები პენტაგონისა და აშშ-ის მოკავშირეების დიდი საჭიროებების გამო საკმარისი არ არის.

გარდა ამისა, გამოცემა „აქსიოსთან" ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპს ასევე სთხოვა რაკეტების გადაუდებელი „საზამთრო პაკეტი", რათა გათბობის სეზონზე უკრაინის ენერგოსისტემა დაიცვას. მისი თქმით, თუ პრობლემა ზამთრამდე არ მოგვარდება, რუსულმა დარტყმებმა შესაძლოა ელექტროსადგურები მწყობრიდან გამოიყვანოს და მილიონობით უკრაინელი გათბობის გარეშე დატოვოს.

„პეტრიოტები" ჩვენ უკვე გუშინ გვჭირდებოდა", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაზე მასშტაბური შეტევების დროს რუსეთი საშუალოდ 40-მდე ბალისტიკურ რაკეტას იყენებს, ასეთი დარტყმები კი თვეში 3-5-ჯერ ხდება.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე: „ჩვენი ურთიერთობა ბევრად უკეთესი და კონსტრუქციულია. ის აღარ არის ისეთი ემოციური, როგორც ადრე. ვფიქრობ, კარგია, რომ ვითარება გამოსწორდა".

თუმცა, ლიცენზიის მიღება უკრაინას რაკეტების მასობრივი წარმოების სწრაფად დაწყების საშუალებას ვერ მისცემს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი მოცულობის გამოშვების დაწყებას შესაძლოა ერთიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მან ასევე განაცხადა „არ-ტი-ექსისა" და „კოქჰედ მარტინის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შესახებ, სადაც წარმოების დაჩქარების შესაძლებლობები განიხილებოდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპთან ურთიერთობა უფრო კონსტრუქციული გახდა:

„ჩვენი ურთიერთობა ბევრად უკეთესი და კონსტრუქციულია. ის აღარ არის ისეთი ემოციური, როგორც ადრე. ვფიქრობ, კარგია, რომ ვითარება გამოსწორდა".

ამერიკის პოზიცია

ლიცენზიის გადაცემის თაობაზე თეთრ სახლს ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დეტალების და ტექნიკური მხარეების შეთანხმებაზე ორმხრივი სამუშაო ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას.

ამერიკელი ექსპერტები და ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, რომ „პეტრიოტის" რაკეტების წარმოების ლიცენზირება მხოლოდ უკრაინას არ არგებს. მათი თქმით, ახლო აღმოსავლეთში და გლობალურად გაზრდილი მოთხოვნის გამო, აშშ-ის თავდაცვის უწყებაც განიცდის რაკეტა-გადამჭერების დეფიციტს.

ასევე უკრაინაში წარმოების დაწყება, ან ევროპული დაფინანსებით წარმოება ამერიკულ ბიუჯეტსა და თავდაცვით ინდუსტრიას დატვირთვას შეუმსუბუქებს.

რუსული მხარის პოზიცია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში „ვარდისფერი სათვალეებით არ უყურებენ" მოვლენებს და კარგად ესმით, რომ ვაშინგტონი აგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებას. მოსკოვისთვის მოულოდნელი არ არის, რომ აშშ უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით განაგრძობს.

გარდა ამისა, კრემლში აცხადებენ, რომ ნებისმიერი სამხედრო ქარხანა, საწარმო თუ ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური იარაღისა თუ რაკეტების წარმოებას/აწყობას დაიწყებს, რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე" გახდება.

რუსული მხარე ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი მაღალტექნოლოგიური ობიექტების აშენება ან ფუნქციონირება უსაფრთხოების თვალსაზრისით თითქმის შეუძლებელია, ვიდრე ომი მიმდინარეობს.

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ახალი იარაღის, ლიცენზიების ან ტექნოლოგიების გადაცემა მხოლოდ ახანგრძლივებს საბრძოლო მოქმედებებს და ხელს უშლის მშვიდობიან მოლაპარაკებებს. მოსკოვის მტკიცებით, დასავლური სამხედრო დახმარება ფრონტზე არსებულ რეალურ სურათს ძირეულად ვერ შეცვლის.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იარაღის მიწოდებისა, ვაშინგტონის პოზიციაში ორაზროვნება შეინიშნება - ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია მაინც აცხადებს, რომ სამშვიდობო პროცესზე გადასვლის ხელშეწყობა სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×