
კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, ნაურუს მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებითა და აშშ-ის სანქციების შიშით ვაჭრობას უკავშირდება. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში ვენესუელასა და სირიაშიც მიიღება, როგორც კი ამის პოლიტიკური თუ სავაჭრო საჭიროება დადგება და საქართველოს მხრიდან აქტიური დიპლომატიური მუშაობა წარიმართება.
მამუკა არეშიძე: ასეთი გადაწყვეტილება არ არის ნაურუსნაირი ქვეყნებისთვის პირველი. ისინი ვაჭრობენ ხოლმე თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ აღიარება-არააღიარების თემაზე. მაგალითად, ვანუატუმ ტაივანი აღიარა თავის დროზე ნახევარ მილიონ დოლარად. მერე, როცა ჩინეთმა ცოტა კატეგორიულად დასვა საკითხი და ფული გადაიხადა, ეს აღიარება უკან წაიღო. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება.
ახლა ნაურუს აქვს ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. თავის დროზე ის ფოსფატებით მდიდარი ქვეყანა იყო. პატარა კუნძულია და ნელნელა წყალში იძირება, ცოტა მოსახლეობა ჰყავს და ფოსფატებით მდიდარი იყო, მაგრამ ეს ფოსფატები აღარ არის და ახლა არ იციან რა ქნან. მთლიანად ავსტრალიაზე არიან დამოკიდებული. ამიტომ ვაჭრობს ხოლმე.
თუ გახსოვთ, 2017 წელს ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სანქციები უწესდებოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც „სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთს აღიარებდნენ. შეიძლება ნაურუმ ივაჭრა და რაღაც სანაცვლოდ მიიღო - რაღაცაში გაიცვალა.
ეს იყო რაღაც დიპლომატიური მუშაობის შედეგი. მე მაინც მგონია, რომ რაღაცა დასჭირდა და ამის გამო მოხდა აღიარების გაუქმება.
„რეზონანსი": თქვენი აზრით, რატომ არ აუქმებენ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას ვენესუელა და სირია? ამ ქვეყნებში ხომ უკვე კარგა ხანია შეიცვალა ხელისუფლება, რომლებმაც თავის დროზე რუსეთის თხოვნით აღიარეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი?
მ.ა.: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ქვეყნებში მუშაობაა საჭირო. რამდენად მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, გამიჭირდება ამის თქმა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის მერე ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ორივე შემთხვევაში.
„რ.": და რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ეს გადაწყვეტილება სირიამ და ვენესუელამ?
მ.ა.: როგორც კი ამის განსაკუთრებული საჭიროება დადგება, ეს მიხდება. როცა რაღაც სავაჭრო ექნებათ, იმ წუთში შეცვლიან ამ გადაწყვეტილებას. ეს ხომ თავის დროზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო? რუსეთის ხათრით გაკეთდა. აქედან გამომდინარე, გადააწყვეტილება შეიცვლება, როცა ამ ქვეყნებს ამის საჭიროება გაუჩნდებათ.