
ენმ-ის პოლიტსაბჭომ 5 აგვისტოს პარტიის ყრილობის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც გარდამავალ პერიოდში პარტიის მართვის მოდელი უნდა დამტკიცდეს. სხდომაზე, რომელიც ხმაურისა და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა, ასევე განისაზღვრა დელეგატების რაოდენობა და შეიქმნა ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფი. პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს შიდა რეფორმები და „ცოცხალი დისკუსია" როგორც პარტიის სტრუქტურაზე, ისე მომავალ ხელმძღვანელობაზე.
30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა, რაც თანაპარტიელების მხრიდან მისი ქობულეთში ყოფნით აიხსნა. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ არდასწრების მიზეზი უფრო სიღრმისეული იყოს და შესაძლოა ბოკუჩავამ თავი აარიდა პოტენციურად კონფლიქტურ სიტუაციას.
ენმ-ის ლიდერები თავადვე აღიარებენ, რომ სხდომა მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა, რაც პარტიაში არსებული განსხვავებული ხედვებით აიხსნა. მათი განცხადებით, კამათი შეეხებოდა როგორც პარტიის მართვის ახალ მოდელსა და რეფორმებს, ისე მომავალ ხელმძღვანელობასა და ორგანიზაციულ საკითხებს.
რაც შეეხება თავმჯდომარეობის კანდიდატებს, როგორც პოლიტსაბჭოდან გამოსულმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, თუ ჟურნალისტი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, „საბოლოო გადაწყვეტილებას ყრილობის დელეგატები მიიღებენ".
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ანა წითლიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს. ასევე ჯერჯერობით უცნობია თინა ბოკუჩავას პოზიცია, რომელსაც თავმჯდომარეობის ორწლიანი ვადა 8 ივლისს ამოეწურა, აპირებს თუ არა მეორედ ჩაბმას ბრძოლაში.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევამდე 6-თვიან გარდამავალ პერიოდში დროებითი მმართველობითი ორგანო იმუშავებს „რეფორმების საბჭოსთან" ერთად, რომელიც არის პარტიის ე.წ. გარეთა ორგანო. ასევე დაანონსებულია, რომ „რეფორმების საბჭოს" ნანუკა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.
ამ ეტაპზე პარტიას რეფორმირების ორი მთავარი ამოცანა აქვს დასახული - „გახდეს ბევრად უფრო სახალხო და ფინანსურად დამოუკიდებელი".
რა გადაწყდა ენმ-ს პოლიტსაბჭოზე
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ყრილობა გაიმართება 5 აგვისტოს 15:00 საათზე. დელეგატების რაოდენობა კი 300-მდე იქნება. ასევე დაინიშნა შვიდკაციანი საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს.
„არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა - დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს.
„დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი და ერთ-ერთი ასპექტია. ამ ორგანიზაციის შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრა 7 ადამიანით", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეკითხვას, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თინა ბოკუჩავას პოლიტსაბჭოს სხდომაზე არყოფნას შეეხებოდა, ცისკარიშვილმა უპასუხა:
„ასე ვერ დავუმიზნებთ ყველას ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა-არყოფნას. ყრილობაზე რომ უნდა იყოს მოქმედი თავმჯდომარე, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი. იმედი გვაქვს, რომ 5 აგვისტოს შემოგვიერთდება. სამწუხაროა, რომ წინამოსამზადებელ პოლიტსაბჭოს ვერ დაესწრო.
„პარტიაში ძალიან ცოცხალი დისკუსიაა, როგორც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ზუსტად ასევე პარტიის შიდასაორგანიზაციო თემებთან დაკავშირებით. ვისაც აირჩევს თავმჯდომარედ ყრილობა, ან უფრო ფართო არჩევნებით, ის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას დაერქმევა თავმჯდომარე.
„კანონის მოთხოვნაა, რომ პარტიას უნდა ჰყავდეს პოლიტსაბჭო და თავმჯდომარე, შესაბამისად, ჩვენი წესდებაც და ყრილობის გადაწყვეტილებებიც თანხვედრაში იქნება კანონმდებლობის ამ მოთხოვნებთან.
„რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, თუ ის დააყენებს თავის კანდიდატურას ამ პოზიციაზე, შესაბამისად ყრილობის დელეგატები იმსჯელებენ და ვისაც დაუჭერენ მხარს, ის იქნება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
კიდევ ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით კი, გარდამავალი პერიოდი განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.
- ლევან ბეჟაშვილი: „კოლეგიალური ორგანოს თავმჯდომარე რეალურად იქნება პარტიის თავმჯდომარის სტატუსით. ის შეასრულებს კოლეგიალური ორგანოს გადაწყვეტილებებს და მას ოფიციალური წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება".
„ასევე, ვისაუბრეთ წესდებაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას კოლეგიალური ორგანო, რომელიც გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, სანამ რეფორმების საბჭო დაადგენს კონკრეტულ რეფორმების პაკეტს, მისი განხორციელება დაიწყება და ახალი თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება, ამ კოლეგიალურმა ორგანომ უნდა წარმართოს პარტიის საქმიანობა. ეს მაქსიმუმ 6-თვიან პერიოდს შეიძლება მოიცავდეს. ამ კოლეგიალური ორგანოს წევრებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება 7 ან 9 იყოს, კონკრეტული კანდიდატურები ყრილობაზე წარდგება პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან და ყრილობა გადაწყვეტს ამ კანდიდატურების საკითხს. შემდეგ კოლეგიალური ორგანოს თავმჯდომარის საკითხი ასევე ყრილობაზე გადაწყდება იმ წევრებისგან, რომლებიც არჩეული არიან ყრილობის მიერ კოლეგიალურ ორგანოში.
„კოლეგიალური ორგანოს თავმჯდომარე რეალურად იქნება პარტიის თავმჯდომარის სტატუსით. ის შეასრულებს კოლეგიალური ორგანოს გადაწყვეტილებებს და მას ოფიციალური წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
სტრატეგია „გაბუტვა"
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოზე თინა ბოკუჩავას არყოფნის მიზეზი შესაძლოა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახდა.
„ამ სხდომაზე ბოკუჩავას საკითხი დაისმებოდა და ალბათ პოლიტსაბჭო კრიტიკული იქნებოდა მისი მოღვაწეობის მიმართ. თუ სააკაშვილის პოზიციიდან ამოვალთ, თავმჯდომარის ალტერნატივაზე საუბარი ალბათ იქნებოდა და ალბათ ბოკუჩავამ ამას აარიდა თავი.
„ალბათ ლოგიკური იქნებოდა ბოკუჩავა მისულიყო და თავისი პოზიცია დაეცვა, მაგრამ პოლიტიკოსებს სხვადასხვა სტრატეგია აქვთ და ერთ-ერთი სტრატეგია არის ხოლმე გაბუტვა.
„თუ პოლიტსაბჭოზე ცხარე კამათი იყო, მაშინ თემა ალბათ საკადრო საკითხი იქნებოდა, იმიტომ, რომ კაცმა რომ თქვას, მათ პოლიტიკურ პოზიციებში ახლა რამე ისეთი არაა, რომ ამ პოზიციების გამო ყოფილიყო კამათი", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რამდენად შეიძლებოდა ეს კამათი ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობაზე ყოფილიყო, საყვარელიძეს უჭირს პასუხის გაცემა:
„არ ვიცი, შეიძლება არც იყო იმაზე ლაპარაკი სააკაშვილმა რომელს მისცა უპირატესობა და რომელს არა და უბრალოდ იმაზე იყო საუბარი, თუ ფუნქციები როგორ გადაანაწილონ. ამა თუ იმ პერსონაზე ფუნქციის მიწერის თემა იქნებოდა კამათის საგანი, ერთი პიროვნების თემა არ იქნებოდა".
- რამაზ საყვარელიძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს თავისი ვიდეოვერსიებით, ხელოვნური ინტელექტის ვერსიებით უკვე პრობლემას უქმნის პარტიას. მისი სერიოზულად აღქმა აღარ ხდება, ან ნაკლებად ხდება და მემგონი, სწორედ ერთ-ერთი თემა იქნებოდა სააკაშვილის, თუ შეიძლება ითქვას, გავლენის თემა."
საყვარელიძე ამბობს, რომ მას მერე, რაც პარტიამ რეფორმა დააანონსა და ფინანსური პრობლემები შეექმნა, ვერ ხედავს პარტიის შიგნით იყოს რომელიმე ჯგუფი, ან ჯგუფები, რომელიც პირველობისთვის იბრძვიან.
„მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში ასეთ რამეს. მემგონი, ერთ-ერთი თემა არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის როლი. არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს თავისი ვიდეოვერსიებით, ხელოვნური ინტელექტის ვერსიებით უკვე პრობლემას უქმნის პარტიას. მისი სერიოზულად აღქმა აღარ ხდება, ან ნაკლებად ხდება და მემგონი, სწორედ ერთ-ერთი თემა იქნებოდა სააკაშვილის, თუ შეიძლება ითქვას, გავლენის თემა.
„ახალი ვერსიაა თვითონ სააკაშვილისგან წამოსული და შეიძლება სალაპარაკოც ეს იყო, რომ სააკაშვილის ხელოვნურ დუბლს მინიჭებოდა რაღაც პოლიტიკური ფუნქცია, რაც ოდიოზური იქნებოდა. ჩანს, რომ ჯერ არაფერი არ აქვთ გადაწყვეტილი და ფაქტიურად გვეუბნებიან - „ნუ გვეკითხებით ნურაფერს, მოგვეცით დრო", რაც პრინციპში გასაგები პოზიციაა", - განაცხადა საყვარელიძემ.