
აშშ-ის საელჩოს მიერ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს" შექმნის კრიტიკის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მომავალზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაჯანსაღების პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა და ხაზი გაუსვა ორივე მხარის მზაობას, რომ სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან", ურთიერთპატივისცემასა და კონკრეტულ შინაარსზე დაფუძნებით დაიწყოს.
ამერიკის საელჩოს განცხადებამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით მწვავე პოლიტიკური გამოხმაურებები და დისკუსია გამოიწვია.
დასავლელი პარტნიორების და უფლებადამცველების მთავარი წუხილი უკავშირდება იმას, თუ რამდენად შეიძლება მსგავსი ინსტიტუტი/სამმართველო გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. საელჩოს განცხადებებში ხშირად ესვა ხაზი საფრთხეს, რომ „სიძულვილის ენის" ბუნდოვანმა დეფინიციამ შესაძლოა კრიტიკული აზრისა და ოპოზიციური დისკურსის ცენზურას შეუწყოს ხელი.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განცხადება შეაფასეს, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ან ორმაგი სტანდარტი. მათი არგუმენტით, სიძულვილის ენასთან ბრძოლა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების ნაწილია, ხოლო საელჩოს კრიტიკა - პოლიტიზებული.
- მაკა ბოჭორიშვილი: „ორივე მხარე ვიზიარებთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ასევე მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ აშშ-სთან, რომ კონკრეტული შინაარსით დატვირთული უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა."
ორი დღის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე კვლავ ისაუბრა და რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება.
მისივე შეფასებით, ბოლო თვეებში ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართულებით პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა, რასაც თან ახლავს ვაშინგტონის მხრიდან განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ქართულ მხარეს საკუთარი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
„ბოლო თვეებში პოზიტიური ნიშნებია ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართულებით. არაერთხელ გვითქვამს ჩვენი პოზიცია, რას მოველით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ჩვენი სურვილია, ეს ურთიერთობა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ჯანსაღი და სტრატეგიული პარტნიორობა იყოს შინაარსით დატვირთული. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას ამერიკულ მხარესთან", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი განცხადებით, ორივე მხარე თანხმდება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპი „სუფთა ფურცლიდან" უნდა დაიწყოს.
„ორივე მხარე ვიზიარებთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ასევე, მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, რომ კონკრეტული შინაარსით დატვირთული უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, როგორ და რა იქნება შინაარსი, ეს დიპლომატიური მუშაობის და პოლიტიკური დიალოგის საგანია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა, გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თბილისი ანალოგიურ მზაობას ამერიკული მხარისგანაც მოელის.
აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამის ფონზე შეიცვალა საქართველოშ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. 30 ივლისიდან ამ მოვალეობას ემი დიაზი ასრულებს.
რას ნიშნავს ბოჭორიშვილის განცხადება
ანალიტიკოსის, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ბოჭორიშვილის განცხადება იმის შეხსენებაა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სულისკვეთება არის შესანარჩუნებელი.
„ბოჭორიშვილის განცხადებას შეიძლება სწორედ ის ფუნქციაც აქვს, რომ თავად ამერიკულ მხარესაც შეახსენოს და ქართველ ოპონენტებსაც, რომ პროცესი სხვანაირად მიდიოდა ბოლო მომენტამდე და ის სულისკვეთება, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ბოლო ხანებში ჰქონდა, ეს სულისკვეთება არის შესანარჩუნებელი.
„განცხადება, რაც ამერიკის საელჩომ გააკეთა, შეიძლება ჩაითვალოს იმის საკმარის მოტივად, რომ ელჩი დაიბარონ და იმას უთხრან დახურულ კარს მიღმა. თავისთავად ელჩის დაბარება ძალიამ სერიოზული მოვლენაა ხოლმე და შეიძლება ამდენად სერიოზული მნიშვნელობის მიცემა არ ღირდეს.
- რამაზ საყვარელიძე: „ბოჭორიშვილის განცხადებას შეიძლება სწორედ ის ფუნქციაც აქვს, რომ ამერიკულ მხარეს შეახსენოს, რომ პროცესი სხვანაირად მიდიოდა ბოლო მომენტამდე და ის სულისკვეთება, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ბოლო ხანებში ჰქონდა, შესანარჩუნებელია."
„რაც შეეხება თვითონ შენიშვნას, ჩვენ გვაქვს ერთი ზოგადი თავისებურება - საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობის დროს წარმოვიდგენთ ამერიკას, რუსეთს, საქართველოსა და ა.შ. ანუ გეოგრაფიულ-პოლიტიკური ნიშანი მოდის წინა პლანზე ამ დასახელებებში. ამ დროს ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკისთვის წამყვანი არის ხოლმე პარტიულ-პოლიტიკური ნიშანი. ანუ გააჩნია რომელი პარტია არის ხელისუფლებაში.
„ერთნაირი პოლიტიკა არ ჰქონდა საქართველოს სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს, ხომ? ანალოგიურად, ერთნაირი პოლიტიკა არა აქვს ამერიკაში ბაიდენის დროინდელ და ახლანდელ ადმინისტრაციებს.
„საქართველოს, პატარა ქვეყნის პოლიტიკა არ არის ერთნაირი სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში და ამხელა ინტერესების მქონე ამერიკაში რატომ უნდა იყოს ერთი და იგივე პოლიტიკა? მით უმეტეს, რომ ისევ საქართველოს ანალოგიით - ახლა სულ ლაპარაკობენ, რომ „ოცნებაში" „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან, ანუ ვინც სულ ემხრობიან კოჰაბიტაციის პრინციპს და „ნაციონალებს". ასეთივე სიტუაციაა ამერიკაშიც - ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, რომელიც სხვა პოლიტიკური შეხედულებებისაა, მათ შორის დემოკრატების შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების.
„ამიტომ მე არ გამოვრიცხავ საელჩოს განცხადება ასეთი შიდაპოლიტიკური განსხვავებების შედეგი იყოს, რადგან ნამდვილად არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რაც ბოლო ხანებში გამოჩნდა, როცა რაღაც აქტივობები გამოავლინა სახელმწიფო მდივანმა. ძალიან მკვეთრად ჯდება ბაიდენის დროინდელი ამერიკის სულისკვეთებაში, როცა შენიშვნების ინტონაციით იყო საქართველოსთან ყველა განცხადება მოწოდებული", - თქვა საყვარელიძემ.
რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან
რამაზ საყვარელიძის აზრით, ახალი ფურცლიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ გაგრძელდეს.
„ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოა მიმართ 2022 წლიდან და ცოტათი ადრეც, მკაფიოდ უკმაყოფილო იყო. ძირითადად მისი პრეტენზია საქართველოს მიმართ იყო ის, რომ რატომ არ აკეთებ იმას, რასაც გეუბნებით. ტრამპის ადმინისტრაცია თუ გააგრძელებს ამ პოლიტიკას, მაშინ განსხვავება არ არის, მაგრამ, ჯერჯერობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიმართ ტრამპს არ ეტყობა, რომ მორჩილება იყოს მისთვის მთავარი. მისთვის მთავარი არის ინტერესი, რაც ამერიკას შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან. ანუ პრაგმატული, გამოყენებითი ინტერესი. გამოყენებითი ინტერესი საქართველოსადმი რომ არის, ეს გამოჩნდა რუბიოს ნაბიჯებიდან - ეკონომისტები გამოუშვა, ანაკლიის პორტის ამბებში ჩაახედა, მერე პოლიტიკური კონტაქტები გახდა ინტენსიური, მოლოცვები და ა.შ. მერე ბოჭორიშვილი დაიბარა ტერორიზმთან ბრძოლის თავყრილობაზე.
„ამ ნაბიჯებიდან გამომდინარე სრულიად გაუგებარია საელჩოს განცხადება. ამიტომ მგონია, რომ საელჩოს შემადგენლობა შეიძლება სხვა პოლიტიკურ გუნდს ეკუთვნის, ვიდრე ის გუნდი, რომელიც დღეს არის წამყვანი ამერიკის მართვაში. ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპის გუნდი თუ წამყვანია, ბაიდენის გუნდის ან დემოკრატები გამქრალი არიან. ამერიკის 50% არის ერთი პარტიის და 50% მეორესი. ასე რომ, ეს ხალხი სადღაც აუცილებლად გამოჩნდებიან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".