
დანაშაულის გახსნის მზარდი მაჩვენებელი სტატისტიკით დასტურდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებული 29 915 დანაშაულიდან 72 პროცენტზე მეტი გახსნილია. ამ მაჩვენებლით საქართველოს საგამოძიებო ორგანოები მნიშვნელოვნად უსწრებენ დასავლეთ ევროპის ისეთ განვითარებულ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი. ოფიციალური სტატისტიკით, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში რეგისტრირებული დანაშაულიდან იხსნება საქმეების მხოლოდ 35-დან 58 პროცენტამდე.
როგორც მოსალოდნელი იყო, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებული გააქტიურება საერთო მაჩვენებელზეც აისახა. თითქმის გაორმაგებულია ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და გახსნის მაჩვენებელი. სტატისტიკით დგინდება, რომ ოფიციალურად რეგისტრირებული საქმეების 92 პროცენტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამსაღებლებისა და ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ სპეცოპერაციებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ბოლო ექვს თვეში სამართალდამცავების მიერ ნარკოდანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4995 პირის მიმართ, რომელთაგან 963 ნარკორეალიზატორია.
ნარკოდანაშაულის გამოვლენის ხარჯზე გაზრდილი საერთო მაჩვენებლის პარალელურად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის რაოდენობა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით ყაჩაღობის ფაქტები შემცირდა 27%-ით, ქურდობა - 9%-ით, ბინიდან ქურდობა კი - 28%-ით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა უკანონო მიგრაციასთანაც. მხოლოდ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 2036 მოქალაქე გააძევა. ეს მაჩვენებელი 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
სისხლის სამართლებრივი დევნის გარდა, ციფრები მნიშვნელოვნადაა შეცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობაშიც. მაგალითად, 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მართვის მოწმობა 19 515 მოქალაქეზე გაიცა, ანუ 45,5%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.