მოქმედმა თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა და მისი გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად გამოაცხადა
თამთა ჩაჩანიძე
02.08.2026

ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტსაბჭოს 30 ივლისის სხდომასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად აცხადებს. ეს ნიშნავს, რომ იგი წინასწარ არალეგიტიმურად მიიჩნევს პოლიტსაბჭოს მიერ 5 აგვისტოს დანიშნულ ყრილობას და ამ ყრილობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც არ გამორიცხავს სცენარს, რომ 5 აგვისტოს შემდეგ პარტიაში ორხელისუფლებიანობა ვიხილოთ - ერთის მხრივ ბოკუჩავა ძველი პოზიციით და მეროეს მხრივ პარტიის მმართველი დროებითი საბჭო.

თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ბოკუჩავა ამაზე არ წავა. უფრო მოსალოდნელია, რომ მან თავის გუნდთან ერთად პარტია დატოვოს.

ბოკუჩავა პასუხისმგებლობას პარტიის გენერალურ მდივანს პეტრე ცისკარიშვილს აკისრებს და ამტკიცებს, რომ მან 30 ივლისის პოლიტსაბჭოზე ქვორუმის არარსებოვის პირობებში მიიღო გადაწყვეტილებები, როთაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალება შეასრულა. ცისკარიშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვორუმი იყო და პლიტსაბჭოს 30 ივლისის სხდომას უფლებამოსილებები ჰქონდა გადაწყვეტილებები მიეღო.

სკანდალური მოვლენების ქრონოლოგია

30 ივლისს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომესაც ბოკუჩავა არ დასწრებია, ის ოჯახთან ერთად ქობულეთში იმყოფებოდა. სხდომიდან გამოსული ლიდერების მისამართით მედიის კითხვები დიდწილად სწორედც ამ თემას შეეხებოდა, პასუხად კი პარტიიდან მიანიშნეს, რომ ქალაქგარეთ ყოფნა არ იყო პოლიტსაბჭოზე არდასწრების ლოგიკური მიზეზი, რადგან, მათი შეფასებით, რეგიონებიდან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა და ბოკუჩავასაც ეს შეეძლო იგივე გაეკეთებინა, მითუმეტეს, რომ მისთვის პოლიტსაბჭოს სხდომის თარიღი წინასწარ ცნობილი იყო.

პოლიბსაბჭოს სხდომამ, მედიის ინფორმაციით, მაურისა და ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა. მასზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 5 აგვისტოს ჩატარდება ენმ-ის ყრილობა, რომელსაც 300-მდე დელეგატი დაესწრება.

პარტიის ლიდერთა განცხადებით, ეს იქნება ტექნიკური ყრილობა, რომელმაც ახალი თავმჯდომარის არჩევამდე 6-თვიან გარდამავალ პერიოდში დროებითი მმართველობითი ორგანო უნდა დაამტკიცოს, რომელიც „რეფორმების საბჭოსთან", პარტიის ე.წ. გარეთა ორგანოსთან ერთად იმუშავებს. ამავე სხდომაზე შეიქმნა ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფიც.

31 ივლისს, ბოკუჩავამ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ქალაქიდან გასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2-3 კვირის წინ აცნობა პარტიის გენერალურ მდივანს და ხელმძღვანელობა ამაზე ინფორმირებული იყო. შესაბამისად, ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ კითხვა დასვა - „რატომ იჩქარეს სხდომის ჩანიშვნა?".

  • თინა ბოკუჩავა: „პოსტფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოსდა ქვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არმყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ეს ძალიან ჰგავს „ქოცურ" მეთოდებს".

ვიდეომიმართვის შემდეგ, ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ლეგიტიმური არ იყო, რადგან ენმ-ის პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, სხდომას კი 40-მდე ადამიანი ესწრებოდა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ქვორუმი არ იყო.

„პოსტფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოსდა ქვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არმყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ეს ძალიან ჰგავს „ქოცურ" მეთოდებს", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ამბობს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებები შეასრულა, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო სხდომა და ხელმოწერები გააყალბა.

„სავარაუდოდ, ამგვარი დავალება იყო, სხვა საფუძველს ვერ ვპოულობ. პეტრე ცისკარიშვილმა მიიღო დავალება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო ყრილობა იმისთვის, რომ ის ცვლილებები განხორციელდეს, რაც მას აქვს დასახული. ეს მისი გადასაწყვეტია. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიახ, ეს ყოველთვის იყო მიშას პარტია და ყოველთვის იქნება, ამიტომ მას სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ ის ცვლილებები გაატაროს, რაც სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან თუ გასცა ასეთი დავალება და ბრძანება, რომ ყრლობა ჩაინიშნოს, როგორც მინიმუმ, მთავარ პასუხისმგებელ პირს იმის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა, რომ წესის, რიგის და კანონის დაცვით მომხდარიყო ეს და არა გაყალბებული ხელმოწერების ხარჯზე", - განაცხადა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან".

ამის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველს" განუცხადა, რომ „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია. შესაბამისად, ქვორუმიც იყო და პოლიტსაბჭოსაც ჰქონდა გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება. მისი თქმით, თბილისში თინა ბოკუჩავას ჩამოსვლასთან დაკავშირებით პარტიამ ყრილობა გადადო.

  • პეტრე ცისკარიშვილი: „დაგვირეკა და გვითხრა, 3 აგვისტომდე ქალაქში არ ვარ, იქნებ ისე გავაკეთოთო, რომ 4-5 ში ჩატარდეს ყრილობაო. დავეთანხმეთ და გადავწიეთ 5-მდე. ამ ყრილობას რომ პოლიტსაბჭო უწევს, ჩვენი ბრალი არ არის".

„მას უნდოდა ყრილობას დასწრებოდა. ყრილობა, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა ჩაგვეტარებინა, გადავდეთ, რომ ის ქალაქში ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ წესი და კანონი გვავალდებულებს, ყრილობის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართოს და, შესაბამისად, ეს პოლიტსაბჭო იყო წინამოსამზადებელი სხდომა ყრილობისთვის, რომელიც დავუმიზნეთ ქალბატონი თინას თბილისში ყოფნას.

„ქალაქგარეთ რომ არის, ნახევარი პოლიტსაბჭო რეგიონიდან ჩამოვიდა. წესით, 8 ივლისს რომ გაგვივიდა ვადა, ვგეგმავდით ყრილობას, ივლისის ბოლო უწევდა. მართალია, დაგვირეკა და გვითხრა, 3 აგვისტომდე ქალაქში არ ვარ, იქნებ ისე გავაკეთოთო, რომ 4-5 ში ჩატარდეს ყრილობაო. დავეთანხმეთ და გადავწიეთ 5-მდე. ამ ყრილობას რომ პოლიტსაბჭო უწევს, ჩვენი ბრალი არ არის", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კითხვაზე, გაემინჯნა თუ არა თინა ბოკუჩავა პარტიას, ცისკარიშვილმა უპასუხა: „თავად ჰკითხეთ, გაემიჯნა თუ არა პარტიას".

მანამდე ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ბოკუჩავას განცხადებას „თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა" უწოდა. როგორც წითლიძე აღნიშნავს, პოლიტიკოსს ღირსეულად წასვლა უნდა შეეძლოს.

„ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე -

როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის ქვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

  • ანა წითლიძე: „თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე".

„სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ, თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც", - წერს  წითლიძე.

რა იქნება 5 აგვისტოს მერე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ბოკუჩავამ და მისი გუნდის რამდენიმე წევრმა პარტია დატოვოს.

„დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება. ფაქტია, რომ 5 აგვისტოს ყრილობას გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი გაუძღვება. იმედია, რომ ენმ ერთიანობას მაინც შეინარჩუნებს, თუმცა ვნახოთ, არაა გამორიცხული, რომ თინა ბოკუჩავამ დატოვოს პარტია და მისი გუნდის რამდენიმე წევრი გაჰყვეს.

  • ნიკა ჩიტაძე: „არაა გამორიცხული, რომ თინა ბოკუჩავამ დატოვოს პარტია და მისი გუნდის რამდენიმე წევრი გაჰყვეს."

„ბოკუჩავას თავმჯდომარეობის ვადა 8 ივლისს ამოეწურა, თუმცა მოვალეობის შემსრულებელია. არაა გამორიცხული, რომ ყრილობაზე გადაწყდეს და პარტიას რამდენიმე თანათავმჯდომარე ჰყავდეს, თუმცა, ამას ბოკუჩავა რამდენად დათანხმდება, არ ვიცი.

„პარტიაში ე.წ. ორხელისუფლებიანობა არ იქნება. ბოკუჩავასაც შესთავაზებენ რამეს. ერთიანობისთვის კარგი იქნება, რომ არანაირი განხეთქილება არ მოხდეს", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, რამდენად დასაშვებია ის სცენარი განმეორეს, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა - რომ ბოკუჩავამ და მისმა ჯგუფმა პარტია დატოვონ განხეთქილების ფონზე, ჩიტაძემ გვიპასუხა:

„უარეს შემთხვევაში - კი, შესაძლებელია ეგ მოხდეს", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×