
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც გიორგი აბრამიშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აცხადებს, ზარდიაშვილი საკუთარი სურვილით გადადგა, ახლა კუთვნილ შვებულებაშია და შვებულების დასრულების შემდეგ „წავა“.
“შვებულებაშია ახლა და მერე წავა. არ მგონია, მისი წასვლა სემეკს უკავშირდებოდეს. სემეკის დასკვნას არ ვეთანხმები, იქ სუბიექტურ მიზეზებზეა საუბარი. ის ვერ იქნება, რომ ზარდიაშვილის ბრალია, რომელიც 1 წელია აქ არის. ის, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს ჩვენს ხაზებს, ათეულობით წლებია, ერთი პიროვნების ბრალი ვერ გახდება.
სემეკის შეფასება ობიექტური არ იყო და ეს ზარდიაშვილმაც იცოდა, ამიტომ ეს [მისი წასვლის მიზეზი] ვერ გახდებოდა. საქართველოში იმყოფება როგორც ვიცი. ძალიან ეფექტურ მენეჯერად მივიჩნევ და ადამიანად, რომელმაც დიდი ხნის არეული სისტემა დაალაგა და გამჭვირვალე გახადა“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
ინფორმაციისთვის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, 2 აგვისტოს გავრცელდა. მიზეზად ქვეყანაში 24-25 ივლისს ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა დასახელდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ თავის მხრივ, სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. სემეკის სამუშაო ჯგუფის განცხადებით, "24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას გამოეყო და დარჩა იზოლირებულ რეჟიმში და "საქართველოს სახელმწიფო ელექსტროსისტემას" უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის".