
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გაიხსენა ის სპეკულაციები, რომელსაც შოვის ტრაგედიის დღეებში ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი.
„ჩვენ უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდის განმავლობაში. იყო საუბრები, სპეკულაციები თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარათ ეს ინფორმაცია. უამრავი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა განსაკუთრებით იმ ემოციურ დღეებში, როცა თითოეული ჩვენგანი ვიყავით ძალიან ღრმა მწუხარებაში. რა თქმა უნდა სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ თითოეულ შეკითხვას ჰქონოდა ამომწურავი პასუხი და აქ ჩვენ უკან არ დაგვიხევია. ამ პროცესებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩავრთეთ უცხოელი ექსპერტები - მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი მოწინავე შვეიცარიული კომპანია, რომელმაც რეალურად შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა ამ მოვლენის ირგვლივ. დადასტურდა, რომ ეს იყო მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა. კლდეზვავური პროცესი, რომელმაც გამოიწვია დიდი მასშტაბის სტიქია. ამ დასკვნაში ასევე იყო აღნიშნული, რომ სამწუხაროდ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა და ასევე თანამედროვე საყვირების სისტემა ამ სტიქიური პროცესის პრევენციისთვის ვერ იქნებოდა ადეკვატური ზომა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ცნობისთვის, 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა. სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. სამძებრო სამუშაოები თითქმის მთელი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.