
ენმ 5 აგვისტოს ყრილობისთვის შიდა დაპირისპირების ფონზე ემზადება. ცნობილი ხდება, რომ ყრილობაზე აღარ აირჩევს თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ძველი წესით - მათ ნაცვლად იქმნება მმართველობითი საბჭო, რომელიც ამ ფუნქციებს შეითავსებს, ხოლო ფორმალურად ერთი პირი იქნება განსაზღვრული დოკუმენტებზე ხელმოსაწერად.
ამასთან, მედიით ცნობილი ხდება, რომ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბიკუჩავა პარტიის ყრილობას არ დაესწრება, ის კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება და მიაჩნია, რომ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომა ლეგიტიმური არ იყო, რადგან არ შედგა ქვორუმი. საწინააღმდეგოს ამტკიცებს პარტიის მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, ბოკუჩავა კი ელოდება პოლიტსაბჭოს ოქმის წარდგენას.
პარტიის ლიდერთა განცხადებით, ეს იქნება ტექნიკური ყრილობა, რომელმაც ახალი თავმჯდომარის არჩევამდე 6-თვიან გარდამავალ პერიოდში დროებითი მმართველობითი ორგანო უნდა დაამტკიცოს, რომელიც „რეფორმების საბჭოსთან", პარტიის ე.წ. გარეთა ორგანოსთან ერთად იმუშავებს.
პარტია თავმჯდომარის გარეშე?
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიის მართვას გარდამავალ პერიოდში მმართველი საბჭო გაუძღვება, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ფორმალური თავმჯდომარეც აირჩიონ.
"ალბათ ეს მმართველი საბჭო იქნება, მაგრამ, შეიძლება მაინც თავმჯდომარე ჰყავდეთ, პარტიის დე ფაქტოც და დე იურე ხელმძღვანელიც ის იქნება. ეს შეიძლება იგივე თინა ბოკუჩავას შესთავაზონ, თუმცა, შეიძლება თვითონ არ დათანხმდეს მაგ ფორმატს, თორემ თეორიულად ყველაფერი შეიძლება.
"პარტია 5 აგვისტოს ყველა გეგმას გაგვაცნობს, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ალბათ, რაღაც ალტერნატიულ პროგრამას შესთავაზებენ საზოგადოებას.
- ნიკა ჩიტაძე: "ალბათ ეს მმართველი საბჭო იქნება, მაგრამ შეიძლება მაინც თავმჯდომარე ჰყავდეთ, პარტიის დე ფაქტოც და დე იურე ხელმძღვანელიც ის იქნება"
"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია კარგი ალტერნატიული პროგრამა შესთავაზონ და გაფანტონ ის ჭორები, რომელსაც "ოცნება" ამ ხნის განმავლობაში აგორებდა, ეს იქნება პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა.
"ერთი მიმართულება უნდა იყოს პროპაგანდასთან ბრძოლა და მეორე - ალტერნატივა, ანუ, პროგრამის შეთავაზება", - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არატრადიციულ მმართველობაზე გადასვლა იმის ნიშანია, რომ პარტიაში რიგ საკითხებზე უთანხმოებაა და კონსენსუსი არაა.
"ვფიქრობ, მმართველობის არატრადიციულ ფორმაზე გადასვლა იმის მომასწავებელია, რომ პარტიის შიგნით მაინცდამაინც ჯანსაღი პროცესები არ მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა პარტიის ხელმძღვანელად დაემწესებინა ნანუკა ჟორჟოლიანი და ჩემამდე მოსული ინფორმაციის თანახმად, პარტიაში ყველა ამით კმაყოფილი და ბედნიერი არაა.
"შესაბამისად, ეს მმართველობის ფორმა სავარაუდოდ უფრო ნანუკა ჟორჟოლიანზე მორგებული მმართველობის ფორმაა და რაღაც ეტაპზე კოლექტიური მმართველობის მოდელი მოსინჯონ და მერე უკვე იმოქმედებენ იქიდან გამომდინარე, თუ პოლიტიკური სიტუაცია რას უკარნახებს.
"სხვანაირად ვერ ვხსნი რატომ დასჭირდა "ნაცმოძრაობას" მმართველობის ტრადიციულიდან, არატრადიციულ ფორმაზე გადასვლა, ეს მიუთითებს პარტიაში არსებულ უთანხმოებაზე.
"ალბათ, ახლა მიმდინარეობს ბოკუჩავასთან ურთიერთობის დალაგების პროცესი. თუ არაფერს შესთავაზებენ და ის იმ მმართველებს შორის არ იქნება, რომლებმაც პარტია უნდა მართონ, რიგით წევრად ხომ არ დარჩება?
"პარტიის შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ, მაგრამ, მე რომ მათ ადგილზე ვიყო, კონფლიქტის ჩასაცხრობად, ბოკუჩავას ალბათ რაღაც მიმართულებას მაინც შევთავაზებდი, რომ მან თავი თამაშგარე მდგომარეობაში არ იგრძნოს.
"თუ ბოკუჩავამ გადაწყვიტა, რომ პარტიასთან კონფრონტაციაში უფრო ღრმად შევიდეს, მას შეუძლია ისეთი ფაქტები გამოიტანოს, რომლებიც "ნაცმოძრაობისთვის" მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება. ენმ-მაც იმითვე უპასუხოს და შესაბამისად, ეს საბოლოო ჯამში ისევ პარტიას დააზიანებს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
რამდენად მოსალოდნელია, რომ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტოს და გარდამავალ პერიოდში ფორმალურ თავმჯდომარედ ისევ ბოკუჩავა დარჩეს, თუნდაც "დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად", ანჯაფარიძემ გვითხრა:
"წინასწარ მაგის თქმა ძნელია. ის, რაც მოხდა, იმას უკვე უკან ვეღარ დააბრუნებ. მან პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას არალეგიტიმური უწოდა, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, ეს შეიძლება გახდეს იმის საფუძველიც, რომ პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ, თუკი მართლა დადასტურდა ის, რომ სხდომაზე კვორუმი არ იყო და ასე შემდეგ.
- ზაალ ანჯაფარიძე:"პარტიის შიგნით ჯანსაღი პროცესები არ მიმდინარეობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა პარტიის ხელმძღვანელად დაემწესებინა ნანუკა ჟორჟოლიანი და ყველა ამით კმაყოფილი არაა"
"ეს კონფლიქტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბოკუჩავა კვლავ პარტიის თავკაცი გახდეს, ან რაღაცნაირად ეს უფლებამოსილება გაუგრძელონ. მაგრამ, მას უნდა შესთავაზონ ალბათ ისეთი რაღაცა, რაც მის პატივმოყვარეობას ჩააცხრობს და პარტიაში კრიზისის, ვთქვათ, გაღრმავების საშუალებას არ მისცემს.
"თუმცა, ენმ-ში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ნებით ხდება. თუ მან გადაწყვიტა, რომ ბოკუჩავა უნდა გაიწიროს, ის გაიწირება. თუ არა და, მაშინ მას ალბათ რაღაცას შესთავაზებენ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
რას აცხადებენ ენმ-ში
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ყრილობაზე დიდი ალბათობით პარტიის თავმჯდომარეს არარ აირჩევენ და იქნება ფორმალურად ერთი პირი, რომელიც პარტიის სახელით დოკუმენტებზე ხელს მოაწერს.
"მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, ძლიერი, მებრძოლი. პარტია გახდეს ბევრად უფრო სახალხო, დემოკრატიული, გამჭვირვალე და ამით უზრუნვეყოფილი იყოს ბევრად უფრო მეტი სამართლიანობა პარტიის შიგნით.
"პარტიის წევრები, შემოწირულობების სახით, როგორც პარტიის საწევროს გადაიხდიან და აქედან გამომდინარე, დაეხმარებიან პარტიას იყოს ყველაზე დამოუკიდებელი ორგანზიაცია, ისევე როგორც ეს არის მთელ მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროში. ფინანსურად დამოუკიდებლობა ნიშნავს, ყველანაირად დამოუკიდებლობას, ძალიან ბევრ ჩვენს მომხრეს, რომელიც შედარებით უფრო პასიურია, უკან დაგვიბრუნებს, ან შეიძლება წავიდა და აქვს სურვილი ენმ-თან ერთად იბრძოლოს საქართველოს გადარჩენისთვის, ისინი დაგვიბრუნდებიან, ახალია ადამიანები მოვლენ.
"პარტიის თავმჯდომარეს აღარ ავირჩევთ, დიდი ალბათობით, ამ ყრილობაზე, რადგან გვინდა, რომ აღარც თავმჯდომარე ავირჩიოთ ისეთი ფორმით, როგორც ახლა არის და აღარც გენერალური მდივანი. გვინდა, იყოს ერთგვარი მმართველობითი საბჭო, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს. რა თქმა უნდა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ერთი ადამიანი იყოს, რომელიც ფორმალურად პარტიის სახელით გარკვეულ დოკუმენტებზე ხელს მოაწერს და ასეთი ადამიანი იქნება შერჩეული, მაგრამ ეს იქნება ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი და არა, იმ სტატუსით, რაც აქამდე ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ბარამიძემ.
პარტიის წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ენმ "ჰორიზონტალურ მმართველობაზე" გადასასვლელად ემზადება.
"ენმ ემზადება, რომ გადავიდეს ჰორიზონტალურ მმართველობაზე, მეტი პასუხისმგებლობა ჩვენ ამომრჩეველთან, წევრებთან, მოქალაქეებთან, გამჭვირვალობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოლექტიური გადაწყვეტილებები არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ, - განაცხადა ფარულავამ.