ნატალია ჯვარიძე
03.08.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს, - ინფორმაციას „ალჯაზირა" ავრცელებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ირანი რეალურად ომანთან მოლაპარაკებას აწარმოებს ჰორმუზის სრუტეზე უსაფრთხო, დროებითი მარშრუტის უზრუნველსაყოფად.

მისი მტკიცებით, მარშრუტზე ომანთან შეთანხმების მიღწევა სრუტის ხელახლა გახსნისთვის აუცილებელი პირობაა, თუმცა, საკმარისი არ არის და საჭიროა აშშ-სა და ისრაელის „სამხედრო აგრესიის" დასრულება.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დაკეტილი ირანსა და ომანს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჰორმუზის სრუტე პრობლემების წინაშე დგას აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის გამო", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

იქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკება დღეს დაიწყება.

„მათ იცოდნენ, რამდენად ფართომასშტაბიანი იქნებოდა ეს თავდასხმა, რადგან ხედავდნენ, როგორ მზადდებოდა იგი. ახლა ჩვენ მათ მოლაპარაკების ფორმატში ვესაუბრებით. ეს ხვალ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, დაგეგმილი თავდასხმის გაუქმებისკენ მას საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა და თავად ირანმაც მოუწოდეს.

„ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ როდესაც მოკავშირეებმა გვთხოვეს, თავდასხმა გაგვეუქმებინა, ვიფიქრეთ: „კარგი, ვნახოთ." მათი თხოვნის მიზეზი ის არის, რომ ფიქრობენ, რომ შეთანხმება არსებობს. არსებობს შეთანხმება ჰორმუზთან დაკავშირებით, შემდეგ კი იქნება შეთანხმება ბირთვულ საკითხზეც, ან შეგიძლიათ მას ირანის დენუკლეარიზაცია უწოდოთ. მე ამას ირანის დენუკლეარიზაციას ვუწოდებ," - განაცხადა ტრამპმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, დონალდ ტრამპი ხშირად იყენებს საჯარო განცხადებებს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს. მოლაპარაკებების „დაწყების" გამოცხადებით ის ცდილობს, დაამშვიდოს გლობალური ფინანსური და ნავთობის ბაზრები, ამასთანავე, საკუთარი აუდიტორიის თვალში პოზიციონირდეს, როგორც ლიდერი, რომელმაც ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა.

ექსპერტთა შეფასებით, თეირანს არ სურს გამოჩნდეს ისე, თითქოს აშშ-ის სამხედრო იერიშებისა და წნეხის ქვეშ დათმობებზე მიდის ან კაპიტულაციას აცხადებს. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ორივე მხარე ნაწილობრივ სიმართლეს ამბობს.

პირდაპირი შეხვედრები ამერიკელ და ირანელ ოფიციალურ პირებს შორის სავარაუდოდ არ მიმდინარეობს, თუმცა, არაპირდაპირი დიპლომატია შუამავლების ჩართულობით ძალიან აქტიურია.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ან მასში ნავიგაციის შეზღუდვა ირანის უმთავრესი სტრატეგიული ბერკეტია. ირანი სრუტის სრულად გახსნას პირდაპირ უკავშირებს თავის მთავარ მოთხოვნებს - აშშ-ის სანქციების შემსუბუქებას, საზღვაო ბლოკადის მოხსნასა და თავდასხმების შეწყვეტას.

ომანთან დროებით მარშრუტზე მსჯელობა ტაქტიკური ნაბიჯია, თუმცა ირანი სრუტეზე კონტროლის უფლებას იტოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×