
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე უმეროვი კოორდინაციას გაუწევს დრონებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმებების დადებას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ამჟამად ასეთი შეთანხმებები ცხრა ქვეყანასთან აქვს და კიდევ 15-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უმეროვი გააგრძელებს დიპლომატიურ საკითხებზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების პროცესზე მუშაობას.
ექსპერტების მოსაზრებით, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს ტრადიციული სადაზვერვო სტრუქტურა აქციოს სამხედრო-ტექნიკური და დიპლომატიური მოლაპარაკების მთავარ ინსტრუმენტად. უმეროვს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში, რაც დაზვერვის სამსახურს დაეხმარება პირდაპირი რესურსებისა და შეიარაღების, მათ შორის, დრონების მოზიდვაში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უმეროვი არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი. მისი გადაყვანა საგარეო დაზვერვაში არ ნიშნავს მის ჩამოშორებას სამშვიდობო და უსაფრთხოების დიალოგებიდან - პირიქით, ახალ პოსტზე მას ექნება პირდაპირი წვდომა სადაზვერვო მონაცემებზე, რაც აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან მოლაპარაკებებში მის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.
პოლიტოლოგების დასკვნით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ უკრაინისთვის საგარეო დაზვერვა ამჟამად მხოლოდ ფარული ინფორმაციის მოპოვების ინსტრუმენტი კი არა, ტექნოლოგიური პარტნიორობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შეთანხმებების მიღწევის მთავარი პლატფორმაა.