
აგროსექტორის მხარდამჭერი პროექტები ერთ სისტემაში მოექცა. პირველი ივლისიდან ფერმერებს და მეწარმეებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ერთი პროგრამის ფარგლებში მიიღონ მხარდაჭერა როგორც პირველადი წარმოების, ისე პროდუქტის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებით. ინიციატივა მიზნად ისახავს დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დაჩქარებას, წარმოების მოცულობის ზრდას და ადგილობრივი პროდუქციის პოზიციების გამყარებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
აგროთანადაფინანსების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს. სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.
რა შესაძლებლობებს უხსნის ახალი პროგრამა ფერმერებსა და აგრობიზნესს ვინ შეძლებს ახალი პროგრამით სარგებლობას და რა მიმართულებებს მოიცავს ახალი დაფინანსების მექანიზმი? - ვრცლად ამ საკითხებზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, მართვის სტილი იქნება მაქსიმალურად მოქნილი. ეს კი ცოცხალი პროცესია, რაც საშუალებას მისცემს პროგრამის განმახორციელებლებს, დინამიკაში დააკვირდნენ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად მოახდინონ რეაგირება სექტორის მხრიდან წამოსულ გამოწვევებზე.
,,იქმნება მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმი, რომელიც ერთდროულად მოიცავს როგორც პირველად წარმოებას, ისე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს. ინიციატივის მთავარი მიზანი თანამედროვე, ეფექტური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც წარმოების ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მთავარი კითხვა, რაც ამ რეფორმის მიმართ ჩნდება, ბანკების როლს უკავშირდება: რა იცვლება ფერმერებისთვის ახლა, როდესაც საკრედიტო და საინვესტიციო პროექტების შეფასების პროცესიდან კომერციული ბანკები გამოდიან? რამდენად გაამარტივებს ახალი, ცენტრალიზებული მოდელი დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.
მნიშვნელოვანია გავიხსენოთ განვლილი გზა, რომელმაც ამ ცვლილებამდე და რეფორმამდე მოგვიყვანა. წლების განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას, რაც მოიცავდა როგორც პირველად წარმოებას, ისე გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ ტექნიკურ მხარდაჭერას. დროთა განმავლობაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ეს პროგრამები მუდმივად განიცდიდა ტრანსფორმაციას.
დღეს კი დადგა მოცემულობა, როდესაც სისტემა თვისობრივად ახალ ეტაპზე უნდა გადაეწყოს. თუ ამ გარდამავალ პერიოდს ერთი წინადადებით შევაფასებთ, მთავარი სათქმელი ასეთია: ჩვენ ფრაგმენტული წარმოების მოდელიდან, ერთიან, შედეგზე ორიენტირებულ სისტემაზე გადავდივართ.
რეფორმის პრაქტიკული არსი რომ უკეთ გავიგოთ, შეგვიძლია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამის, „დანერგე მომავლის“ მაგალითი ავიღოთ. აქამდე ეს მიმართულება სხვადასხვა კომპონენტად იყო დაყოფილი: სახელმწიფო თანადაფინანსება ნერგებზე 70%-ს შეადგენდა, წვეთოვან სარწყავ სისტემებზე - 50%-ს, ხოლო სეტყვისგან დამცავ ბადეებსა და ჭაბურღილებზე - 30%-ს. ახალი მიდგომით, ეს ფრაგმენტული დაყოფა გაუქმდა და ყველაფერი ერთიან პაკეტში გაერთიანდა. უფრო მეტიც, სისტემას დაემატა ის აუცილებელი კომპონენტები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს და აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ იყო.
შედეგად, მოსახლეობა იღებს ერთიან, ინტეგრირებულ პაკეტს, რომელიც ერთნაირად ფარავს როგორც პირველად წარმოებას, ისე პროდუქციის გადამუშავებისა და შენახვის მიმართულებებს“, - აღნიშნა გიორგი ავალიანმა.
მან ასევე განმარტა მიზეზები, რამაც რეფორმის აუცილებლობა განაპირობა. კერძოდ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ორი ძირითადი მიმართულება გამოყო: სასურსათო უსაფრთხოება და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება - სეგმენტები, რომლებმაც წლების განმავლობაში უკვე დადეს კონკრეტული შედეგი,
„ცვლილების გამომწვევ გარემოებებს შორის პირველი სასურსათო უსაფრთხოებაა. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ აქცენტი უნდა გადაიტანოს იმ დარგებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თვითუზრუნველყოფისთვის აუცილებელია. ამ თვალსაზრისით, პირველად წარმოებაში გამოვყოფდი მერძეულ და მეხორცულ მიმართულებებს, ასევე სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერას. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ის პროდუქტები, რომლებმაც წლების განმავლობაში უკვე დადეს კონკრეტული შედეგი, დაგვანახეს რეალური პოტენციალი და გააჩნიათ მაღალი საექსპორტო შესაძლებლობები. სახელმწიფო ვალდებულია, ასეთ ბიზნესებს გვერდით დაუდგეს და მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს. სწორედ ამ ორი პრიორიტეტის გათვალისწინებით, ახალი აგროდაფინანსების პროგრამა სრულიად გამორჩეული იქნება.
ახალი მოდელი რეალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. მაგალითად, თუ ჩუმლაყში მცხოვრებ ფერმერს ბაღის გაშენება სურს, ის განაცხადით მიმართავს სააგენტოს. პირველადი მონიტორინგის ეტაპზე, სპეციალისტებთან ერთად დგინდება ბაღის გაშენებისთვის აუცილებელი სტანდარტები და იწერება გეგმა. ამის შემდეგ ფერმერს ეძლევა 2-წლიანი ვადა პროექტის სრულად დასასრულებლად. ეს დროითი ჩარჩო შემთხვევითი არ არის - სახელმწიფომ გაითვალისწინა წინა წლების ყველა ის ნიუანსი, როგორიცაა საზღვარგარეთიდან ნერგების ჩამოტანის დაგვიანება თუ ტექნიკური აღჭურვილობის საბაჟოზე შეფერხება.
პროგრამის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო თანხას მხოლოდ დასრულებულ შედეგში იხდის. სამუშაოების ნაადრევად დასრულების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფი ხელახლა ამოწმებს ბაღს საწყის გეგმასთან შესაბამისობაზე და ფერმერი დაფინანსებას მყისიერად იღებს.
რაც შეეხება ბიუჯეტს, პროექტის მინიმალური მოცულობა 100 000 ლარი უნდა იყოს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური თანადაფინანსება 2 მილიონ ლარს შეადგენს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ საბიუჯეტო სახსრები მიზნობრივად, მკაცრად გაწერილ ევროპულ სტანდარტებში დაიხარჯოს“, - განმარტა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.
ახალი სისტემის საჭიროება წინა წლების სტატისტიკამ და რეალურმა გამოცდილებამ გამოკვეთა. კერძოდ, როგორც გიორგი ავალიანმა აღნიშნა, შეღავათიანი აგროკრედიტის დაწყებისას, სექტორის წლიური პორტფელი მხოლოდ 58 მილიონ ლარს შეადგენდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 8,5 მილიარდ ლარს აღწევს, სადაც სახელმწიფოს წვლილი პროცენტის სუბსიდირებაში 1,5 მილიარდია. ამასთან, თუკი თუ 2013 წლის მოცემულობით მთავარი მიზანი საბანკო სექტორის გამოცოცხლება და იაფ სესხებზე ხელმისაწვდომობა იყო, დღეს აგრობიზნესის წინაშე ახალი ამოცანები დგას: კომერციალიზაცია და კოპნკურენტუნარიანობის გაზრდა, გლობალურ ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში უშუალოდ ადგილზე გაეცნენ გამოწვევებს, შეხვდნენ ფერმერებს და სწორედ მათი გამოწვევებიდან გამომდინარე, შემუშავდა რეფორმა. შედეგად, აგროპროექტები უფრო გაფართოვდა და დაემატა ისეთი მიმართულებებიც, რაც ადრე გათვალისწინებული არ იყო.
,,რამდენიმე კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას, ცნობილია, რომ საგაზაფხულო ყინვა საკმაოდ პრობლემური საკითხია ჩვენი ფერმერებისთვის, არ იყო გათვალსიწინებული ყინვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსება წინა პროექტებში. ეს მიმართულებაც დაემატა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პირველად წარმოებაში აკვაკულტურის მიმართულებაზე აქცენტი გავაკეთეთ. ცალკე კომპონენტად დაემატა, სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების, სასაკლაოების მიმართულებით გაფართოება და ახლის მოწყობა.
პროექტში ,,შეღავათიან აგროკრედიტი“ შევიტანეთ ცვლილება და თვითონ ამ პროექტის ნაწილი გავხადეთ. სოფლის განვითარების სააგენტო კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებას განაგრძობს. აღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმი ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის წლების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, ხოლო მიმდინარე წლის ივლისიდან ინტეგრირებულია „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“. სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით ( წლიური 8,25%).
ცნობისთვის, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია. რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებელია ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში - „ფერმერთა რეესტრი“.
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი წარმოადგენს ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც აერთიანებს მონაცემებს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად მოქმედი საწარმოების შესახებ.
რეგისტრაციისას ერთიან ელექტრონულ სისტემაში აისახება ბენეფიციარის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემები მიწის ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსა და მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამისა“ და „ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის“ შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www.rda.gov.ge