
მმართველი პარტია ეროვნული იდენტობის დაცვის მიმართულებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ საჭიროა კანონმდებლობის მოწესრიგება იმ ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც, მათი შეფასებით, ქვეყნის ეროვნული იდენტობის "შერყევას" ემსახურება.
მმართველი პარტია ამ მიმართულებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბოლო დღეებში "ქართული იდენტობის, ეროვნული ერთობის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვის" მიზნით რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა.
30 ივლისს დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი ქართული იდენტობის, ეროვნულ ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითხოვს. მისი წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან.
მანამდე კი, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მოძრაობა, რომელიც მისი განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით შეიქმნა".
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება იდენტობის დაცვის საკითხთან დაკავშირებით მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, ეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს
"ეროვნული იდენტობის დაცვა"
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანასთან" აცხადებს, რომ "ოცნებამ" ამ ინიციატივით უკიდურესად სახიფათო ტენდენცია წამოიწყო, რადგან ეს კონფლიქტების გაღვივებას შეუწყობს ხელს.
"ქართულმა ოცნებამ" ძალიან სახიფათო ტენდენცია წამოიწყო, ეს ისაა, რასაც ჰიტლერი აკეთებდა, როცა ერთ ეთნიკურ ჯგუფს გამოყოფ დანარჩენებისაგან. საქართველოში ამან შეიძლება კატასტროფული შედეგი გამოიღოს. უკვე ვნახეთ ახალციხეში, მუსლიმი სასულიერო პირი სცემეს და ხელისუფლებამ ეს როგორც ხულიგნობა ისე გააფორმა და არა როგორც სიძულვილის გამოხატვა.
"საქართველოს ხელისუფლება აშკარად ეროვნული შუღლის გაღვივების მიმართულებით მიდის, რათა შექმნას პრეცედენტები იმისა, რომ აი, ჩვენთან პრობლემებია ეთნიკური მიმართულებით.
- პაატა ზაქარეიშვილი: "ქართულმა ოცნებამ" ძალიან სახიფათო ტენდენცია წამოიწყო, ეს ისაა, რასაც ჰიტლერი აკეთებდა. საქართველოში ამან შეიძლება კატასტროფული შედეგი გამოიღოს"
"აშკარად რუსეთს სჭირდება საქართველოს შიგნით არეულობები. მას არ გამოუვიდა აფხაზებისა და ცხინვალის მიმართულებით, ეხლა უკვე შიდა ეროვნულ და რელიგიურ კონტექსტში მიდის. ხელს უწყობს "ოცნება", რომ საქართველოში ისეთი ჯგუფების შექმნას, რომელიც დაპირისპირებაზე, სიძულვილზეა ორიენტირებული.
"ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა ხელს უწყობს, რომ საქართველო ისე დაინვალიდდეს, ისე უუნარო გახდეს, თავისი შიდა პრობლემების მოსაგვარებლად, მერე რუსეთის დახმარება დასჭირდეს. ამით რა თქმა უნდა, ევროპული ღირებულებებიდან, თანასწორობიდან, სამართლიანობის პრინციპიდან მოვდივართ და გადავდივართ ფაშისტურ, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის რელსებზე.
"საქართველოში ამ იდეოლოგიის მომხრეები იმდენად არ არსებობს, რამდენადაც "ქართულ ოცნებას" სჭირდება, რათა მუდმივი დაძაბულობის კერები შექმნას ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, ქართველებსა და არაქართველებს შორის, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებსა და არა ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს შორის.
"ეს წმინდა წყლის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის კლასიკური მაგალითებია. ეს მილიონჯერ გაიარა კაცობრიობამ და მილიონჯერ კატასტროფებში და მსოფლიო ომებში შევიდა და ნგრევის მეტი არაფერი მოუტანია.
"ქართული ოცნება" არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნების წინ მას უნდა შექმნას აი ეს დაძაბულობის კერები. ქართულ საზოგადოებას გონება უნდა ეყოს, რომ "ქართული ოცნება" ომს კი არ ებრძვის, ომისკენ მიდის. ახლა მაინც, ეს იდიოტი ოპოზიცია გამოფხიზლდეს და ხალხს აუხსნას, რომ "ქართულ ოცნებას" სრულიად საქართველო ომისკენ მიჰყავს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაბამისი აქტის მიღება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში, როდესაც, რომ იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და ხდება ეროვნული ღირებულებების აღრევა და ეროვნული იდენტობის გაქრობა, ამ დროს, როგორც თევზისათვის წყალი და ადამიანისათვის ჰაერი, ისევე სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთი უმნიშვნელოვანესი აქტის მიღება.
- ედიშერ გვენეტაძე: "კანონები თანამედროვე მოვლენების განვითარების შესაბამისად იცვლება და ამიტომაც საჭიროა და მე პირადად მივესალმები, რაც მეტად იქნება ეროვნული ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა"
"მივესალმები ინიციტივას და ცოტათი დაგვიანებულადაც კი მეჩვენება. ძალიან კარგია, რომ იქნება მიღებული. დღესაც დარეგულირებულია, შესაბამისი კანონმდებლობა მიღებულია, რომ სახელმწიფო ზრუნავს და ეკლესიაზე და ა.შ. მაგრამ მოგეხსენებათ, კანონები თანამედროვე მოვლენების განვითარების შესაბამისად იცვლება და ამიტომაც საჭიროა და მე პირადად მივესალმები, რაც მეტად იქნება ეროვნული ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა.
"გინება არცერთი კონფესიის მიმართ არცერთ შემთხვევისათვის არ შეიძლება. შუა საუკუნეებში არა ვართ, როდესაც განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო ადამიანებს კოცონზე წვავდნენ და ხმლით ჩეხავდნენ, ყველგან საჭიროა ზომიერება",- განაცხადა გვენეტაძემ.
რას აცხადებენ მმართველ პარტიაში
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა შეიძლება ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ჩაიწეროს და რა შინაარსის კანონპროექტი წარედგინოს პარლამენტს.
"არის დაგეგმილი, კოორდინირებული და ხშირ შემთხვევაში დაფინანსებული პოლიტიკა, მიმართული იქითკენ, რომ საზოგადოების რღვევა მოახდინონ. საზოგადოება, რომელსაც არაფერი წმინდა არა აქვს და არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია, ყოველთვის ადვილად დასამორჩილებელი და ადვილად სამართავია. ამას შესაბამისი კონტრპოლიტიკის გატარება სჭირდება.
"გვეუბნებიან, რომ თუ დაუშვებელი იქნება ცოცხალი ადამიანის თუ მიცვალებულის შეურაცხმყოფელი მოხსენიება, ეს თავისუფალი აზრის და გამოხატვის შეზღუდვაა. გვეუბნებიან, რომ ბილწსიტყვაობა, გინება, ბულინგი და ადამიანის ღირსები შელახვა არის კარგი, არის თავისუფლების გამოვლინება. ვიმეორებ, რომ ეს არის ბოროტი განზრახვა - ბოროტია ასეთი იდეოლოგიის დანერგვა.
"ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას არ შეიძლება გასაქანი გქონდეს! ის თუ როგორ დაარეგულირებს ამას კანონი, აქ ზღვარი გონივრულად არის გასავლები, მაგრამ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ ამ ბოროტებას დაკანონებული სახე მიეცეს და ეს ადამიანებს შორის ურთიერთობის და საზოგადოების დეგრადაციის გზა გახდეს.
"რამდენიმე ხნის წინ საპატრიარქოს პრესსამსახურის წერილი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში კონკრეტული ტელევიზიების მიერ 3 500 ანტისაეკლესიო, საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტი მომზადდა. ახლა რომ ამბობენ, მსქროლავების სამმართველოო, ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში მსქროლავი არ არის, როცა "ფეისბუქის" პოსტების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება?!" - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მანამდე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "უცხოური აგენტურის მიზანია, ეროვნული იდენტობის შერყევა, უნდა დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით, რაზეც აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ".