რეზონანსი
04.08.2026

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში დამატებით პროგრესს ველოდებით, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ინიაციო კასისთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს სომხეთთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გახსნის მიმართულებით. ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი „ტრამპის გზის“ პროექტია.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ფარგლებში სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზების გახსნაზე მუშაობა გრძელდება.

„ვიმედოვნებთ, რომ მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ სომხეთში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აზერბაიჯანმა თავისი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შეასრულა“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მისივე თქმით, გარკვეული სამუშაოები სომხეთის ტერიტორიაზეც უნდა შესრულდეს. ბაირამოვმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის აღდგენა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.

„ამ პროექტების განხორციელება არა მხოლოდ უზრუნველყოფს კავშირს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჭევანს შორის, არამედ შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს მთელი რეგიონისთვის. ეს სარგებელს მოუტანს როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს, ისე მთლიანად რეგიონს. აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიწოდება უკვე მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ შემდეგ ეტაპზე სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაც იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×