ნატალია ჯვარიძე
04.08.2026

3 აგვისტოს დილით, რუსეთი ზღვისპირა საკურორტო ქალაქ გელენჯიკის მახლობლად სანაპიროზე უკრაინული დრონი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, რომლებიც პლაჟზე ირუჯებოდნენ და ზღვაში ბანაობდნენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, შავი ზღვის სანაპიროზე საბრძოლო დრონები რამდენჯერმე ჩამოვარდა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე. სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ომის მასშტაბებიდან გამომდინარე, ამგვარი შემთხვევებისგან დაზღვეული არ ვართ.

აფეთქება გელენჯიკთან ახლოს მდებარე დასახლება არხიპო-ოსიპოვკას პლაჟზე დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა. ამ დროს პლაჟი სავსე იყო დამსვენებლდებით. ისინი აცხადებენ, რომ საფრთხის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ და არც განგაშის სირენები იყო ჩართული მიუხედავად იმისა, რომ დასახლებას აქვს წინასწარი შეტყობინების მოქმედი სისტემა.

რეგიონალური მედიის ცნობით, გელენჯიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ბოგოდისტოვმა დილის 8:34-ზე გააკეთა განცხადება საჰაერო დარტყმის საფრთხის შესახებ, თუმცა დაახლოებით 10 წუთში მანვე განაცხადა, რომ საფრთხე უკვე აღმოფხვრილია.

რამდენიმე „ტელეგრამ" არხმმა გაავრცელა მომხდარის ამსახველი ვიდეო. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ხანგრძლივობაც 22 წამია, ჩანს დრონი, რომელიც ზღვის მხრიდან უახლოვდება სანაპიროს. ჩანაწერში ისმის გასროლების ხმაც. დრონის ჩამოვარდნამდე დაახლოებით 10 წამით ადრე გასროლები წყდება, დრონი კი მკვეთრად იცვლის ტრაექტორიას და პლაჟზე ეცემა.

დაახლოებით დილის 11 საათზე კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ დრონის სამიზნე „ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი" იყო, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი. მისივე ცნობით, დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანაყოფებმა გაანეიტრალეს და პლაჟზე მისი ნამსხვერები ჩამოვარდა.

მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლებამ უარყო, რომ დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თვდაცვამ ჩამოაგდო.

რუსეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 40-მდე ადამიანმა და მათ შორის ასევე არიან ბავშვები. ჰოსპიტალიზებულია 21 დაჭრილი.

  • ვახტანგ მაისაია: „ომის კანონების მიხედვით, აფხაზეთში განლაგებული რუსული ობიექტები სამართლიანადაა მიჩნეული უკრაინის დარტყმის ობიექტებად... ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

რაც შეეხება უკრაინული დრონის სამიზნეს, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს გაზსადენ „ლურჯი ნაკადის" ერთ-ერთი საკომპრესო სადგური. ამ გაზსადენით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის, რუსული ბუნებრივი აირი თურქეთს მიეწოდება.

გარდა ამისა, უშუალოდ დარტმის ქვეშ მოქცეულ სანაპიროსთან განთავსებულია სანატორიუმი „რასვეტის", რომელიც სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება „მაშინოსტროენიეს" ეკუთვნის. ეს გაერთიანება კი, მედიის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი მოწინავე სარაკეტო-კოსმოსური საწარმოა.

და ბოლოს, აფეთქტების ადგილიდან დაახლოებით 26 კილომეტრში მდებარეობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „გელენჯიკის სასახლე", რომელზეც თავის დროზე რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გახმაურებული საგამოძიებო ფილმი გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი საბრძოლო დრონები საქართველოს საზღვაო სანაპიროზეც არის დაფიქსირებული. მაგალითად, 2026 წლის მარტში, ოჩამჩირეში, შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ჩამოდგების შემდეგაც მისი ნამსხვრევები ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დააზიანა.

გარდა ამისა, 2026 წლის აპრილის დასაწყისში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევთან, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ადგილობრივებმა აღმოაჩინეს ზღვის მიერ გამორიყული დრონი. სამხედრო ექსპერტებისა და ბლოგერების შეფასებით, ეს რუსული „გერბერას" ტიპის კამიკაძე დრონი იყო. სავარაუდოდ, ის შავ ზღვაში ტექნიკური გაუმართაობის ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოქმედების გამო ჩამოვარდა, რის შემდეგაც დინებამ საქართველოს ნაპირებამდე მოიტანა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას აზრით, გამორიცხული არაა ჩამოგდებული დრონები საქართველოს შავი ზღის სანაპიროზე კვლავ გამორიყოს.

„საერთოდ, უკრაინის სტრატეგიის მიხედვით, ყველა ის ობიექტი, რომელიც სტრატეგიული დანიშნულებისაა და ემსახურება რუსეთში სამხედრო-ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, ეს არის სამართლიანი სამხედრო დარტყმის ობიექტები. ბუნებრივია, ამაში შედის მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტები, მითუმეტეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, მაგალითად, იგივე ე.წ. მოხალისეების" მომზადება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლოველად მათ გაგზავნამდე. ასევე იქ განთავსებულია საოკუპაციო მეშვიდე სამხედრო ბაზა. ომის კანონების მიხედვით, ეს სამართლიანადაა მიჩნეული უკრაინის დარტყმის ობიექტებად. აქ არაფერი არ არის უჩვეულო. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×