ნატალია ჯვარიძე
05.08.2026

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობის საფუძველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას. პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრს და თითოეულ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.

„21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობის საფუძველი.

საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს, რომელიც მუშაობს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისათვის", - განაცხადა პრემიერმა.

მალევე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაურუს გადაწყვეტილება "უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის" შედეგია.

სოხუმის მტკიცებით, 2009 წელს, "აფხაზეთის აღიარების" შემდეგ, საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები ნაურუზე წლების განმავლობაში პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენდნენ, რათა ქვეყანა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე დაეყოლიებინათ.

დე ფაქტო უწყება ამტკიცებს, რომ ზეწოლის შესახებ საჯაროდ საუბრობდა ნაურუს ყოფილი პრეზიდენტიც.

ნაურუს გადაწყვეტილებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ნაურუს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ პირდაპირ ასახავს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების", საგარეო პოლიტიკის წარმატებას.

„სწორედ „ქართული ოცნების" მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ცალკეული ქვეყნები, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ამით პრაქტიკულად ეჭვქვეშ დააყენეს ქვეყნის სუვერენიტეტი, უკან აბრუნებენ ამ აღიარებას", - თქვა მათიკაშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, „საქართველოს ნაურუზე პირდაპირი ზემოქმედების საშუალება რომ ჰქონოდა, ამას 16 წლის წინ გააკეთებდა, სწორი იყო, გვემუშავა მათთან, ვისაც ამ ქვეყანაზე ზემოქმედება შეეძლო."

ოპოზიციური პარტიების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" „ლელოს" და „ახალის" წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არაღიარების პოლიტიკის წარმატება საქართველოს სახელმწიფოებრივი, მრავალწლიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ წინა წლებში ჩაეყარა (როდესაც მსგავსად გააუქმეს აღიარება ვანუატუმ და ტუვალუმ), და ამ შედეგის მიწერა მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების დამსახურებად არასწორია.

გარდა ამისა, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას გმობს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული არაპროვოცირებული აგრესიის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთი კვლავ გმობს აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში უკანონო სამხედრო ყოფნას", - წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „იქსზე".

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, თავის დროზე მოსკოვმა დიდი თანხები დახარჯა იმისათვის, რომ ცალკეულ ქვეყნებს აფხაზეთი ეღიარებინათ.

„თავის დროზე რუსეთის საგარეო უწყებამ დიდი რესურსი დახარჯა იმისთვის, რომ ნაურუს, ვანუატუსა და ტუვალუს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ეღიარებინათ. ნაურუს ფული ნამდვილად გადაუხადეს. ზუსტი ოდენობა არ ვიცი, მაგრამ ეს დადასტურებული ფაქტია. ნიკარაგუის, ვენესუელისა და სირიის შემთხვევაში კი უფრო სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური გაცვლები მოხდა.

დაახლოებით ვიცი, სირიაში როგორ მუშაობდა ადგილობრივი აფხაზური დიასპორა და ისიც ვიცით, რა როლი ითამაშა მოსკოვმა. იქაურ ტარტუსის რუსულ სამხედრო ბაზაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ ადგილობრივი აფხაზები და მათ გარკვეული გავლენა ჰქონდათ როგორც დიასპორაზე, ისე ადგილობრივ გარემოზე.

თუმცა, ეს გადამწყვეტი არ ყოფილა. მთავარი მაინც მოსკოვის კატეგორიული მოთხოვნა იყო. ბაშარ ასადი იმ პერიოდში რუსეთის განსაკუთრებულ მოკავშირედ მიიჩნეოდა და იძულებული შეიქნა ეს გადაწყვეტილება მიეღო. მაშინ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სირია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას აპირებდა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ცდილობდნენ ამ პროცესის შეჩერებას, თუმცა, შედეგს ვერ მივაღწიეთ.

სამაგიეროდ, იორდანიის შესაბამისი გადაწყვეტილების დაბლოკვა მოხერხდა, სადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იქაური ჩერქეზული დიასპორის ანტაგონისტურმა მიდგომამ ამ საკითხისადმი",- თქვა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×