
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.
„რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ - 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა.
მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე. ამის გარდა, გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული.
აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.