თამთა ჩაჩანიძე
05.08.2026

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. რუსეთის სამხედრო მოქმედებებს თან დაერთო ჰიბრიდული ოპერაციების გაფართოება, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოების, არამედ ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გამოცდას.

ამ ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - რამდენად მზად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად და შეძლებს თუ არა მისი მთავარი პრინციპის, მეხუთე მუხლის, ეფექტიანად განხორციელებას?

აქვე უნდა ითქვას, რომ ნატოს მეხუთე მუხლში აღნიშნულია, რომ ერთ წევრ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა. თუმცა, თანამედროვე გამოწვევები ხშირად არ ჯდება ტრადიციული სამხედრო აგრესიის ჩარჩოებში. ბოლო წლებში ევროპაში გაიზარდა კიბერშეტევების, დეზინფორმაციული კამპანიების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და საზღვრებთან პროვოკაციების რაოდენობა.

დასავლეთის არაერთი დაზვერვითი სამსახური ამ ქმედებების ნაწილს რუსეთს უკავშირებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი ცდილობს იმ ზღვრის პოვნას, რომლის გადაკვეთაც ნატოს მხრიდან კოლექტიური პასუხის აუცილებლობას გამოიწვევს, თუმცა, სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს თავიდან აირიდებს. ასეთი ოპერაციები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.

სწორედ ამ რეალობის საპასუხოდ ნატომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააძლიერა აღმოსავლეთ ფლანგი. გაიზარდა მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტები ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, გაფართოვდა სწრაფი რეაგირების ძალები, გაძლიერდა საჰაერო და საზღვაო პატრულირება, ხოლო კიბერუსაფრთხოება ალიანსის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა.

ამასთან, თანამედროვე საფრთხეები მხოლოდ სამხედრო სფეროთი აღარ შემოიფარგლება. ხელოვნური ინტელექტი, უპილოტო სისტემები, კოსმოსური შესაძლებლობები და ენერგეტიკული უსაფრთხოება უკვე ეროვნული თავდაცვის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. ნატო ცდილობს ამ მიმართულებებითაც გააძლიეროს თანამშრომლობა წევრ ქვეყნებს შორის.

ამ კონტექტში აღსანიშნავია ის, რომ 2026 წლის 29 მაისის ღამეს, უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუსული დრონი ნატო-ს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და სასაზღვრო ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, დაშავდა ორი ადამიანი და ევაკუირებული იქნა 70-ზე მეტი მცხოვრები.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, რუსეთის მთავარი მიზანი შესაძლოა არა უშუალოდ ნატოსთან სამხედრო დაპირისპირება, არამედ ალიანსის პოლიტიკური ერთიანობის გამოცდა იყოს და თუ წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებული მიდგომები იქნება კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხში, ეს შეკავების ეფექტს შეასუსტებს.

როგორ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ნატო

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი ნატოს მისამართით ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რისი მიზანიც, ალიანსის მეხუთე მუხლის გამოცდაა, თუმცა, ნატოს ბოლო რეფორმები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ამის გასამკლავებლად.

"რუსებს "ჩემი შენ გითხარიო" სჭირთ. ნატო საკმაოდ კარგად პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, წარმატებით უმკლავდება რუსეთის ჰიბრიდული ომს, რომელსაც ბალტიისპირეთისა და ევროპული ქვეყნების მიმართ აწარმოებს. ნატო უკრაინას უკვე საკმაოდ ეფექტურად ეხმარება, უკრაინამ კი საკმაოდ სერიოზული ეფექტი აჩვენა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ რუსეთში ეკონომიკური კოლაფსია.

  • ვახტანგ მაისაია: "რუსეთს ახლა პატარა წარმატება სჭირდება და მისი მიზანია აჩვენოს, თითქოს ნატოს მე-5 მუხლი არაქმედითუნარიანია, უკრაინაში სერიოზული ჩავარდნის კომპენსაცია მოახდინოს და უკრაინული სინდრომი დაძლიოს"

"ამის შედეგია, რომ 21 სექტემბრის მერე, მობილიზაციის გამოცხადებას ელოდებიან, რაც პუტინის რეჟიმს კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

"ნატოსთვის დიდი გამოწვევა იყო სწორედ მაროკოდან გადმოსული უკანონო მიგრანტების ნაკადი. ვარაუდობდნენ, რომ ამ ასიმეტრიული შეტევის უკან მაროკოს ხელისუფლება იდგა. ეს უკვე იყო ორგანიზებული შეტევა ჰიბრიდული ომის ფორმატში და ნატომ საკმაოდ ადეკვატური ღონისძიება მიიღო - ესპანეთმა მოიგერია ეს მოქმედება",- განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე, რამდენად გაგრძელდება რუსეთის სამხედრო მცდელობები ნატოსთან მიმართებაში, რომ შეამოწმოს წესდების მეხუთე მუხლის ეფექტურობა, მაისაიამ გვიპასუხა:

"რუსეთს ახლა რაღაც პატარა წარმატება სჭირდება და მისი მიზანია აჩვენოს, რომ, თითქოს ნატოს მეხუთე მუხლი არაქმედითუნარიანია, ცდილობს, რომ ეს მოქმედებები ფსიქოლოგიური ომის ფორმატში განახორციელოს, უკრაინაში სერიოზული ჩავარდნების ერთგვარი კომპენსაცია მოახდინოს და უკრაინული სინდრომი დაძლიოს.

"აქედან გამომდინარე, რუსეთს სჭირდება მცირე ზომის წარმატებაც კი, თუნდაც იგივე დაშინების ან ფსიქოლოგიური ომის ფორმატში, მაგრამ ესეც არ გამოსდის, ის პირდაპირ გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული. ახლა რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ ნატოს ე.წ. გამოცდები მოუწოს ალიანსის ქვეყნების ტერიტორიებზე, რაზედაც პასუხი ნატოს ყოველთვის ექნება.

"რუსეთი ალიანსთან სერიოზულ შეიარაღებულ დაპირისპირებას ვერ გაბედავს, მეორე ფრონტზე წარმოება რუსეთს ნამდვილად გაუჭირდება კი არა და, ეს წარმოუდგენელი იქნება. რუსეთი სერიოზულ დარტყმას მიიღებს.

"ჰიბრიდულ ომზეა გადასული და ამ ომში ჯერჯერობით წარმატება რუსეთს ჰქონდა, სანამ ეს წარმატებას უკვე ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობამ არ გაანეიტრალა და საკმაოდ სერიოზული კონტრზომები მიიღო.

"ახლა შეიძლება იგივე არალეგალური მიგრანტების ორგანიზებულ შემოსევებზე გადავიდეს, ესპანეთის სცენარი გაიმეოროს ნატოს ჩრდილოეთ ფლანგზე - შეიძლება იყოს ფინეთი, ესტონეთი, პოლონეთი.

"ასევე, შეიძლება იყოს სამხედრო მუქარები, მაგალითად, უპილოტოების უნებლიე ვითომ შესვლა რაღაცა ობიექტებზე, თუნდაც უნებლიე დარტყმები - ეს კი ბატონო. შეიძლება შეაგზავნონ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები ვითარების რადიკალიზაციისთვის", - განაცხადა მაისაიამ.

დამატებით კითხვაზე, რამდენად მტკიცეა აშშ-ს ვალდებულება ნატოს მიმართ დონალდ ტრამპის ხელისუფლების პირობებში, მაისაიამ გვითხრა, რომ ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთთან ხისტი პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

"ტრამპის პოზიცია მართალია ცოტა მერყევია და ხან ასე და ხან ისეა, მაგრამ დღეს ისიც მიხვდა, რომ რუსეთთან მაინც მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მისი ბოლო პოლიტიკა საკმაოდ ადეკვატურია.

"ტრამპიც უკვე მიხვდა, რომ ირანს ეხმარება რუსეთი. თუ ამერიკა ეხმარება უკრაინას, რუსეთი ეხმარება ირანს. ამერიკა-ირანისა და რუსეთ-უკრაინის ეს ორი ომი, ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია და უკვე ტრამპსაც ესმის, რომ რუსეთი არის ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგე",- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×