თამთა ჩაჩანიძე
05.08.2026

"ნაციონალური მოძრაობის" მე-13 ყრილობაზე პარტიის მმართველობისა და რეფორმირების ახალი მოდელი დამტკიცდა. როგორც პარტიაში განაცხადეს, გადადიან მოდერნიზაციისა და განახლების ეტაპზე, რის ფარგლებშიც უქმდება მოქმედი ხელმძღვანელი თანამდებობები, იქმნება კოლეგიური მმართველობის ორგანო და იწყება პარტიის რეფორმირების სტრატეგიაზე 6-თვიანი მუშაობა.

გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა მოქმედი ხელმძღვანელი პოზიციები. შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო, მმართველი საბჭოს სახით, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა, საბჭოს შემადგენლობა კი განისაზღვრა არაუმეტეს 9 წევრისა.

როგორც პარტიაში თქვეს, ყრილობაზე წარდგენილი იყო პოლიტსაბჭოს მინიმუმ 15 წევრის მიერ სხვადასხვა კანდიდატები მმართველ საბჭოში, თუმცა, საბოლოო ჯამში ყოფილმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველ საბჭოში საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა რიგით პოლიტსაბჭოს წევრად.

ამ ეტაპზე ენმ-ს მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 8 წევრით და ფავლენიშვილის გარდა შემადგენლობაში არიან: პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი, ირაკლი ნადირაძე.

მმართველ საბჭოსთან ერთად, მუშაობას იწყებს პარტიასთან არსებული "რეფორმების საბჭო", რომლის თავმჯდომარე იქნება ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აღმასრულებელი მდივანი კი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომისგან განსხვავებით, რომელსაც თინა ბოკუჩავა არ დასწრებია, 5 აგვისტოს ენმ-ის მე-13 ყრილობაზე ის უკვე მონაწილეობდა და მისი საჯარო ტონი გაცილებით შერბილებული იყო. თუ ერთი კვირის წინ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე ღიად საუბრობდა და აცხადებდა, რომ პოლიტსაბჭოს შეკრება და გადაწყვეტილებები არალეგიტიმური იყო, ყრილობაზე ყურადღება პარტიის ერთიანობასა და განახლების პროცესზე გაამახვილა და დასძინა, რომ ის ენმ-დან წასვლას არ აპირებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, პარტიის "დაყოფისა და დემოტივაციის ყველანაირი მცდელობა შიდა დამყოფებს ცუდად შემოუბრუნდათ".

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება მოიაზრებოდეს "შიდა დამყოფებად" თავად ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავამ უპასუხა, რომ დიდი ხანია პარტიაშია და "არაერთი დაყოფა გახლეჩვა და გადინება უნახავს", თუმცა, თავად სულ ცდილობდა გამაერთიანებლის როლი ეთამაშა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ყრილობაზე დელეგატებმა მოისმინეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ხმოვანი შეტყობინება, ამასთან, გაეცნენ ასევე პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძისა და ლევან ხაბეიშვილის წერილებს.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" შეფასებებს, მმართველ პარტიაში ენმ-ში პროცესები "რებრენდინგის უსუსურ მცდელობად" შეაფასეს.

რა განაცხადა ბოკუჩავამ

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ყრილობამდე განაცხადა, რომ მან მიიღო შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, თუმცა თავს ვერ ხედავს დროებითი მართვის სტრუქტურაში და მისი პოზიციაა, რომ ბრძოლა გააგრძელოს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით.

  • თინა ბოკუჩავა: "მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ბრძოლა გავაგრძელო, როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი"

„მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი.

"ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში",- აღნიშნა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას არ აპირებს.

სააკაშვილის გამოხმაურება

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას ეხმაურება, მადლობას უხდის პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ბოლო ორწლიანი მუშაობისთვის და პარტიის სამომავლო ბრძოლებში მთავარ აქცენტს ახალგაზრდებსა და რეფორმატორთა საბჭოზე აკეთებს. ის თანაგუნდელებს მაღალ ინტელექტუალურ დონესა და გაბედულებას უწონებს, მმართველ გუნდს კი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტია დიდი ბრძოლებისთვის ემზადება.

  • მიხეილ სააკაშვილი: "თინამაც ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა, მას მადლობა ბოლო ორი წლის მუშაობისთვის. ახლა ჯერი ჩვენს ახალგაზრდებზეა, ჩვენს გამოცდილ მებრძოლებზე, ნანუკაზე [ჟორჟოლიანი] და რეფორმატორთა საბჭოზე"

„ბრწყინვალედ ჩატარდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა.

უმაგრესმა ხალხმა მოიყარა თავი, ჩვენ გვყავს ლამაზი, გონიერი და გაბედული წევრები. აბა, შეადარეთ ჩვენების ინტელექტი და საერთო დონე, ივანიშვილის მონების ჰაბიტუსს და აზროვნების დონეს.

თინამაც ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა, მას მადლობა ბოლო ორი წლის მუშაობისთვის.

"ახლა ჯერი არის ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს გამოცდილ მებრძოლებზე, ნანუკაზე [ჟორჟოლიანი] და რეფორმატორთა საბჭოზე. ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის. ძალა ერთობაშია!", - წერს სააკაშვილი.

რა გადაწყდა ყრილობაზე

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო საეტაპო ყრილობა.

„გაიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მე-13 ყრილობა. საეტაპო ყრილობა იყო, ვინაიდან პარტია გადადის მოდერნიზაციაზე, განახლებაზე. იცით, რომ რამდენიმე ახალი ინიციატივაა წარდგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, მათ შორის რეფორმების საბჭოს შექმნაზე ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, მათ შორის იქმნება გუნდი რომელიც დადებს სტრატეგიას პარტიის რეფორმირების და უახლოესი 6 თვის განმავლობაში პარტია ამ დოკუმენტს მიუბრუნდება ახალ ყრილობაზე.

"ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის საქმიანობის წარმართვისთვის და ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა თანამდებობები, პოზიციები და შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო, მმართველი საბჭოს სახით.

"მმართველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა არაუმეტეს 9 წევრისა, ყრილობაზე წარდგენილი იყო პოლიტსაბჭოს მინიმუმ 15 წევრის მიერ სხვადასხვა კანდიდატები ამ მმართველ საბჭოში, თუმცა საბოლოო ჯამში ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველ საბჭოში საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა რიგით პოლიტსაბჭოს წევრად. ამ ეტაპზე, მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 8 წევრით",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ  პარტიის მმართველობით საბჭოს შემადგენლობაში შემავალ 9 წევრს ეკისრება პასუხისმგებლობა, გარდამავალ პერიოდში განახორციელოს პარტიაში რეფორმები და პარტია გააძლიეროს.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის" მე-13 ყრილობა ჩატარდა. ამ ყრილობაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე საკითხი - ეს იყო დროებითი მმართველობის საბჭოს არჩევა. ეს არის მთავარი მმართველი ორგანო, რომელმაც უნდა მართოს პარტია ამ გარდამავალ პერიოდში.

წარმოდგენილი იყო 9 კანდიდატი, ეს კანდიდატები აირჩია ყრილობამ, შესაბამისად, ამ ადამიანებს დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ იმ რეფორმების საბჭოსთან, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი წარმოადგენს, უახლოეს 6 თვეში, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ პარტიაში განხორციელდეს რეფორმები და პარტია გაძლიერდეს.

"თინა [ბოკუჩავა] წარმოდგენილი იყო მმართველობის საბჭოში, მას ჰქონდა 17 პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაცია. ჩვენი წესდების შესაბამისად და საბჭოს დადგენილების შესაბამისად პოლიტსაბჭოს 15 წევრს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ 3 კანდიდატი დაეყენებინა მათ შორის თინა იყო დასახელებული - წარდგენილი იყო ყრილობაზე, თუმცა ქალბატონმა თინამ თქვა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკურ საბჭოში დარჩეს, როგორც პოლიტიკური საბჭოს წევრი და არა პარტიის მმართველობის საბჭოში",- განაცხადა წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×