ქართველი მეწარმეები უკვე შფოთავენ, მაგრამ ეკონომისტები მათ წუხილს არ იზიარებენ
თამარ ვეფხვაძე
05.08.2026

სომხური მედიის ინფორმაციით, მეზობელი ქვეყანა საქართველოში თევზის ექსპორტს გეგმავს. ეს გადაწყვეტილება „როსელხოზნადზორის“ მიერ, სომხური პროდუქციის, ახლა უკვე თევზის რუსეთში იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება. სხვათა შორის, თევზი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლის ექსპორტიც აიკრძალა რუსეთში. სომხეთის პრემიერის „დასასჯელ“ ზომებს პუტინმა დიდი ხანია მიმართა და თითქმის ყველა სახის პროდუქტის ექსპორტი აკრძალა. იმ ფაქტმა, რომ თევზის და სხვა სახის სომხური პროდუქტების ექსპორტი საქართველოში გადმოინაცვლებს, ადგილობრივი მწარმოებლები უკვე შეაშფოთა. ისინი შიშობენ, რომ ქართული საწარმოების განვითარდება შეფერხდება, მაგრამ ეკონომისტებს ადგილობრივი მეწარმეების „ცრემლების არ სჯერათ“. 

თევზის ქართველი მწარმოებლები განმარტავენ, რომ სომხეთიდან თევზის შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ აკვაკულტურას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ისედაც 97%-ით იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. მეტიც, მეწარმეების განცხადებები მედიაში უკვე გამოჩნდა, სადაც ისინი ამბობენ, რომ იმ სახეობების წარმოება, რაც სომხეთშია განვითარებული, საქართველოშიც სრულადაა შესაძლებელი.

სომხური თევზი არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომლის ექსპორტიც რუსეთში აიკრძალა. ამიტომ, თევზის მწარმოებლების მსგავსად, არ არის გამორიცხული, სხვა პროდუქტების მწარმოებლებიც აღშფოთდნენ და ადგილობრივი პროდუქციის დაცვა მოითხოვონ. ეს მაშინ, როდესაც საქართველო თავისუფალი ბაზრის, ღია ეკონომიკის ტიპის ქვეყანაა. სწორედ ამიტომ უკვირთ ეკონომისტებს ადგილობრივი მეწარმეების ასეთი მკვეთრი განცხადებები და მათი შფოთვების დაჯერებაც უჭირთ.  

არადა, სომხეთისთვის საქართველო ყველაზე ახლო მეზობელი ქვეყანაა, სადაც აუცილებლად განახორციელებენ იმ პროდუქტების ექსპორტს, რომლებსაც პუტინმა თავისი ქვეყნის საზღვრები ჩაუკეტა. რა მოხდება, თუკი სომხური პროდუქცია: თევზი, ხილი, ბოსტნეული და ა.შ. საქართველოში შემოვა? 

ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ არავითარი პრობლემა არ არის, თუკი სომხური პროდუქციის ექსპორტი საქართველოში დაიწყება. ჩვენ ღია ეკონომიკა აქვს, რაც თავისუფალ ვაჭრობას ნიშნავს. 

„რა მნიშვნელობა აქვს, სომხური პროდუქტი შემოვა, თუ აზერბაიჯანული, რადგან ჩვენ ვართ ღია ბაზრის ეკონომიკა და უნდა შემოვიდეს კიდეც. ისევე, როგორც ქართული პროდუქცია გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ექსპორტზე. ეს არის თავისუფალი ვაჭრობა და ღია ეკონომიკის პრინციპი. რას ნიშნავს, რომ მეწარმეს ეშინია, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაში დამარცხდება? უცხოურ პროდუქციას, რომელიც სხვა ქვეყნიდან მოდის, გაცილებით მეტი დამატებითი ხარჯები აქვს, ესე იგი ასეთი მეწარმის პროდუქცია არარენტაბელური ყოფილა. ვინმე თუ არარენტაბელურ პროდუქციას აწარმოებს, ეს მისი პრობლემაა, ამის გამო ეკონომიკასა და ვაჭრობას ვერ ჩავკეტავთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ბაირახტარმა. 

რაც მთავარია, მისთვის, როგორც ეკონომისტისთვის, სრულიად გაუგებარია, რატომ ეშინიათ ადგილობრივ მეწარმეებს. ბაირახტარის აზრით, გულის სიღრმეში, ყველა მეწარმეს უნდა, რომ სახელმწიფომ მხოლოდ მის მიერ წარმოებული პროდუქცია დაიცვას. 

„მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრ მეწარმეს უნდა, რომ ის იყოს ბუნებრივი მონოპოლისტი. ვის არ ენდომება ასეთი სასათბურე პირობები, მაგრამ ღია ბაზრის ეკონომიკა და ზოგადად, თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა სწორედ ჯანსაღ კონკურენციაზეა აგებული. მეორე მხრივ, სახელმწიფოს გააჩნია უამრავი რეგულაცია, გადასახადი და ასე შემდეგ, რაც ბიზნესს მნიშვნელოვნად აფერხებს. 

ქართულ ბიზნესს თუ რამ აფერხებს, ეს არის რეგულაციები და გადასახადები. შესაბამისად, თუ ადგილობრივ მეწარმეებს ხელს უშლის ზედმეტი რეგულაცია და გადასახადი, რის გამოც ვერ შეძლებენ პროდუქციის გაიაფებას, ეს ღიად უნდა განაცხადონ და მხარს დავუჭერ. სხვა შემთხვევაში, არ ვემხრობი და არ მივესალმები, რომ იმპორტირებულ პროდუქციას ხელოვნური ბარიერები შევუქმნათ. თუ რენტაბელურ პროდუქციას აწარმოებ, იმპორტირებულ პროდუქციას აუცილებლად გაუწევთ კონკურენციას და აჯობებთ კიდეც. თუმცა, ბაზარი ჩავკეტოთ იმიტომ, რომ ადგილობრივ მეწარმეს სურს, უფრო მაღალ ფასში გაყიდოს პროდუქცია და იმპორტიორი არ უნდა შემოუშვას, ეს ღია ბაზრის ეკონომიკას არ შეესაბამება“, - აღნიშნა ბაიარახტარმა.  

ამ პოზიციას სრულად იზიარებს ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შესაძლოა, სომხური თევზი, ბოსტნეული, ხილი და სხვა პროდუქცია შევიდეს. მისი თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი საგულდაგულოდ ჩაკეტავენ თავიან ბაზრებს და არ დაუშვებენ სომხური პროდუქციის ექსპორტს. 

„რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებას, რომ სომხური პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება, ზღაპარია და ეს ამ დღეებშივე გაირკვა, როდესაც სომხურ პროდუქციაზე განაცხადეს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ზოგადად, რუსეთს ჰყავს მთავარი სანიტარი, გეოპოლიტიკური ყნოსვით, რადგან როგორც კი რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობა გართულდება, „სანიტარი“ იმ ქვეყნიდან შემომავალ პროდუქციაში აღმოაჩენს რაღაცას და სასწრაფოდ აკრძალავს. სხვათა შორის, ქართველი მეთევზეების, მეხილეებისა და მებოსტნეების შიშიც ბუნებრივია ერთი შეხედვით, რომ სახელმწიფომ დაიცვას ბაზარი, მაგრამ მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვის ეს არც ისე ცუდია. 

კეთილი ინებეთ, ქართველო მეწარმეებო, აწარმოეთ ხარისხიანი პროდუქცია და გაყიდეთ შედარებით ნორმალურ ფასად. ფასების რეგულირების პრობლემა, რაც პრემიერმა დააყენა, სულაც არ არის ჰაერიდან მოტანილი, რეალური და შინაარსიანი პრობლემაა. ყველას თავისი წილი სიმართლე აქვს - ქართველი მეწარმეების წილი სიმართლე ის არის, რომ ადგილობრივი ბაზრის დაცვა სურთ, მაგრამ მომხმარებლის სიმართლეც გასათვალისწინებელია“ - განუცხადა „რეზონანსს“კაპანაძემ.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არიან აღშფოთებულები ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც ბაზრის დაცვას ითხოვენ. 

„რატომ უნდა იყოს უფრო იაფი სომხური პროდუქცია, როდესაც მას ტრანსპორტირების, იმპორტის ხარჯი ემატება? მაშინ, ადგილობრივებმა დადონ თავისი ფასწარმოქმნა და შევადაროთ სომხურს, რათა ანალიზი გავაკეთოთ. თუ სახელმწიფო ახრჩობს მათ გადასახადებით, რის გამოც არ შეუძლიათ, რომ იაფად გაყიდონ, გამოვიდნენ და თქვან! სხვა შემთხვევაში, მათ შფოთვას ვერ გავიზიარებ. 

მე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სომხეთიდან ჩვენთან ძალიან ბევრი ხილ-ბოსტნეული და სხვა პროდუქტები შემოვა, ეს ყველაფერი გადაიფუთება ქართულად და რეექსპორტზე წავა, ისევ რუსეთის ბაზარზე. ზოგადად, ეკონომიკას აქვს ისეთი კანონი, რომელიც გრავიტაციის კანონის მსგავსად, ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ეს უნდა ვიცოდეთ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ნოდარ კაპანაძემ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×