
ძალიან დროული იყო გამოძიების დაწყება, ვინაიდან ძალიან ორკესტრირებულად ვითარდება ეს ყველაფერი. თითქოს საქართველო არის ძალიან საშიში ქვეყანა, თითქოს რუს ტურისტებს ტყეში იტაცებენ, ათას ზღაპარს იგონებენ, რომელიც არა მხოლოდ იმაზეა გამიზნული, რომ რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ საქართველოში, არამედ ზოგადად რომ შიში დათესონ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ტურიზმზე დარტყმა ავტომატურად გულისხმობს ეკონომიკაზე დარტყმას და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას.
„ტურიზმზე დარტყმა ავტომატურად გულისხმობს ეკონომიკაზე დარტყმას და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას და ეს ყველაფერი სწორედ აქედან არის გამოწვეული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
სუს-მა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიას, კერძოდ, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას.