
ვინაიდან კონსტიტუციური შეზღუდვის გამო აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ შეუძლია, რესპუბლიკელთა სავარაუდო კანდიდატებად ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო მოიაზრებიან. თუმცა, გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ტრამპს თავის მემკვიდრედ ვენსის წარდგენა სურს. ამასთან, ანალიტიკოსები ვენსსა და რუბიოს შორის მნიშვნელოვან იდეოლოგიურ განსხვავებებს ხედავენ.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი" ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის სპონსორებთან კერძო საუბრისას განაცხადა, რომ სურს, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დე ვენსმა გაიმარჯვოს.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჯეი დე ვენსი", - ციტირებს გამოცემა ტრამპის სიტყვებს.
საუბარი ოვალურ კაბინეტში, დაახლოებით ორი კვირის წინ შედგა.
„ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ეს განცხადება მიუთითებს ტრამპის მზაობაზე, საჯაროდ დაუჭიროს მხარი ვენსს. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს განცხადება ეწინააღმდეგება ტრამპის რიტორიკას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ის საჯაროდ ახალისებდა მეტოქეობას ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი აგრძელებს თავის გარემოცვაში კითხვების დასმას ვენსსა და რუბიოს შორის მეტოქეობის შესახებ. თეთრი სახლის წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ამ საკითხზე თანამშრომლები გასული თვის ბოლოს გამოკითხა.
ტრამპის მრჩეველმა, რომელიც მის პოზიციას იცნობს, გამოცემას განუცხადა, რომ პრეზიდენტმა პირადად გადაწყვიტა, ვენსი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყოს, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის გამოუცხადებას ტრამპი საჯაროდ მხარდაჭერას მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს.
ამავდროულად, ტრამპის კიდევ ექვსმა მრჩეველმა და ახლო მოკავშირემ აღნიშნა, რომ ისინი არ არიან ბოლომდე დარწმუნებული, რომ საბოლოოდ არჩევანი ვენსზე შეჩერდება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა პოზიციას აცნობს და შესაძლოა, აზრი შეცვალოს.
გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, ტრამპის თანაშემწეები თანხმდებიან, რომ პრეზიდენტი სავარაუდოდ გადადებს თავისი მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადებას, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი რეაქცია.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულ მედიაში ტრამპის მიერ ვენსის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების შესახებ ცნობები ივლისის ბოლოსაც გავრცელდა. წყაროებმა გარდამტეხ მომენტად ვენსის პრეს-ტური დაასახელეს, რომელიც მისი მემუარების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ტრამპმა შეაქო ვიცე-პრეზიდენტის უნარი, ინტერვიუები მიეცა ლიბერალი ჟურნალისტებისთვის და „ნახევრად მტრულ ტერიტორიაზე" ურყევი პოზიცია შეენარჩუნებინა.
რუბიოსა და ვენსის პოზიციები პარტიასა და მხარდამჭერებში
ვენსსა და რუბიოს ჯერ არ გამოუცხადებიათ პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვა. რუბიომ 2016 წელსაც იყარა კენჭი, მაგრამ პრაიმერიზში ტრამპთან წაგების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა.
რუბიომ ადრე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ვენსს, თუ ის გადაწყვეტდა კენჭისყრაში მონაწილეობას. გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი" იტყობინება, რომ სახელმწიფო მდივანი შესაძლოა გამოეთიშოს ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა ნებისმიერი პოტენციური წარუმატებლობისთვის.
ანალიტიკოსებისა და პოლიტიკური ექსპერტების შეფასებით, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივაში ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ორ სრულიად განსხვავებულ იდეოლოგიურ ფრთასა და შიდაჯგუფს წარმოადგენენ. პოლიტოლოგები, მაგალითად, „ტლანტიკური საბჭოს" ანალიტიკოსები და „ასოშეითედ პრესის" პოლიტიკური მიმხილველები, მათ შორის არსებულ მხარდამჭერთა ბაზას მკვეთრად ყოფენ.
ჯეი დი ვენსს, როგორც „ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელს, მხარს უჭერს მემარჯვენე პოპულისტებისა და „მაგა"-ს ბაზა, ანუ ტრამპის მოძრაობის ყველაზე რადიკალური და ერთგული ფრთები, რომლებიც უპირატესობას პოპულისტურ რიტორიკას ანიჭებენ. მის გვერდით არიან იზოლაციონისტები და სამხედრო ჩაურევლობის მომხრეები, მაგალითად ჟურნალ „ამერიკან კონსერვატივის" გარშემო გაერთიანებული კონსერვატორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ჩართულობას უცხოურ ომებში.
გარდა ამისა, ვენსის დასაყრდენია სილიკონის ველის მემარჯვენე ტექ-მილიარდერების ჯგუფი, მათ შორის პიტერ ტილი და მისი გარემოცვა, რომლებიც მისი კარიერულ აღზევებას თავიდანვე აფინანსებდნენ. ასევე „ჟანგიანი სარტყლის" მუშა კლასი, რომელსაც ვენსის პროტექციონისტული ეკონომიკური ხედვა მოსწონს.
მეორე მხრივ, ანალიტიკოსების შეფასებით, მარკო რუბიოს, როგორც „ტრადიციულ კონსერვატორს", ზურგს უმაგრებს პარტიული ისტებლიშმენტი და ტრადიციული რესპუბლიკელები - კონსერვატორთა ის ნაწილი, რომელიც კვლავ ემხრობა რონალდ რეიგანისეული ეპოქის პრინციპებსა და ძლიერ ინსტიტუციურ მართვას. მისი მხარდამჭერები არიან საგარეო პოლიტიკის „ქორები" და საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკამ გლობალური ლიდერობა და მოკავშირეების (ნატო, ისრაელი) დაცვა უნდა გააგრძელოს. რუბიოს ასევე ემხრობა დონორთა ტრადიციული ქსელი და ბიზნეს-ელიტა, რომელთაც თავისუფალი ვაჭრობა, პროგნოზირებადი პოლიტიკა და დაბალი გადასახადები აინტერესებთ, და ლათინოამერიკელი კონსერვატორების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ფლორიდასა და სამხრეთ შტატებში.