რეზონანსი
06.08.2026

"გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო", ნია იმნაძის დაკავებისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებების მოსმენის შემდეგ სწორედ ეს ხალხური სიბრძნე გამახსენდა", - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად, ისინი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ.

მისივე თქმით, ასეთი ტრაგედიების შემდეგ საზოგადოების მისამართით მუქარის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და აგრესიული რიტორიკის გამოყენება არა მხოლოდ მიზანშეუწონელია, არამედ დანაშაულის ტოლფასად მიიჩნევა.

"ჩემი შეფასებით, ამ ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ნია იმნაძის ქმედებები და მის მიერ დაშვებული შეცდომებია. მან გადაწყვიტა "მაგარი გოგოს" იმიჯის შექმნა და გაავრცელა მითი, თითქოს არა მხოლოდ თანატოლები, არამედ მასწავლებელიც კი მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. სწორედ ამ ნარატივმა შექმნა ლეგენდა, რომელიც მოგვიანებით საკუთარ შეყვარებულსაც დააჯერა და საბოლოოდ ახალგაზრდა, განათლებული ადამიანის ტრაგიკულ სიკვდილამდე მივიდა საქმე. თუ ნიას მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი არასასურველ კომუნიკაციას, შევიწროებას ან რაიმე ფორმის ზეწოლას, მას შეეძლო ეს ფაქტები დაეფიქსირებინა. დღეს თითქმის ყველას აქვს მობილური ტელეფონი და ერთი აუდიოჩანაწერი, ვიდეო ან შეტყობინების ოჯახის წევრებისთვის ან შესაბამისი უწყებებისთვის წარდგენაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ პრობლემა დროულად მოგვარებულიყო და საქმე ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე არ მისულიყო. ამის ნაცვლად, ნიას გადაწყვეტილებებმა და მისმა პოზიციამ მოვლენები ისეთი მიმართულებით განავითარა, რომელიც საბოლოოდ უმძიმესი შედეგით დასრულდა.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს გოგოს გამო ბიჭების დაპირისპირება, ჩხუბი ან ძალადობა გარკვეული "პრესტიჟის" ან "კაცობის" გამოვლინებაა. ეს მავნე კულტურა არაერთი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ხშირად ასეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. ჩემთვის გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ნაცვლად ისინი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ. ასეთი ტრაგედიების შემდეგ საზოგადოების მისამართით მუქარის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და აგრესიული რიტორიკის გამოყენება არა მხოლოდ მიზანშეუწონელია, არამედ დანაშაულის ტოლფასად მიიჩნევა. რა თქმა უნდა, ადამიანურად ნებისმიერი დაკავებული მეცოდება. მებრალება ნია იმნაძეც და მისი ოჯახის წევრებიც, მაგრამ ეს ვერ გაამართლებს მისი დედის განცხადებებს, რომლისთვის სხვისი ახალგაზრდა შვილის სიკვდილი, ჩვეულებრივი ამბავია, საკუთარი შვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კი უდიდეს უსამართლობად. სანამ ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი, სწორედ მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის", - წერს დავით ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×