
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიის მმართვის მოდელის შეცვლა, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის გაუქმების მოთხოვნით აღძრულ სარჩელთანაც იყოს კავშირში. სასამართლოს ამ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების ვადა იანვარში ეწურება და სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა „ნაცმოძრაობის" მიერ გამოცხადებული 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პარტიას არ ეყოლება თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭო.
5 აგვისტოს ყრილობაზე მიღებული ცვლილებების მიხედვით, ენმ-ში გაუქმდა თავმჯდომარის, გენერალური მდივნისა და სხვა ხელმძღვანელი თანამდებობები, ხოლო პარტიის მართვა კოლექტიურად, 8-კაციან საბჭოს გადაეცა. პარტიაში ღიად აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯები უკავშირდება მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზადყოფნას. მათი შეფასებით, შიდაპარტიული რეფორმის მიზანია, რომ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში პარტიამ ფუნქცია არ დაკარგოს.
თუმცაღა, კონსტიტუციონალისტების აზრით, პარტიის შინაგან მოწყობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და თუ სასამართლო პარტიას კრძალავს, ის კრძალავს ნებისმიერი ფორმით მის ფუნქციონირებას და მათ შორის მასთან არსებულ ორგანოსაც აღარ ეძლევა კანონიერად მოქმედების უფლება.
ამასთან, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ „ოცნება" პარტიების აკრძალვაზე წავიდა, ეს საქმეს გაურთულებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
- ლაშა ფარულავა: „საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ვემზადებით. სწორედ ამიტომ გვჭირდება კოლექტიური საბჭო, ჰორიზონტალური მმართველობა. ვიცით, რომ ვინც იქნება პირველი (ლიდერი), შეიძლება ის ხვალ აღმოჩნდეს ციხეში."
ამა წლის აპრილში „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოდა ძველი სარჩელი გამოითხოვა და შემდეგ ახალი, დაკორექტირებული ვერსია შეიტანა. სადაც თავდაპირველ სამ პოლიტიკურ ძალას - ენმ, „ახალი" და „ლელო", „ფედერალისტების" აკრძალვის მოთხოვნაც დაემატა. შესაბამისად, აპირილიდან სასამართლო განხილვის 9-თვიანი ვადის ათვლა ხელახლა დაიწყო.
„ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ პარტია ემზადება საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი შესაძლო გადაწყვეტილებისთვის, რის გამოც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პარტიის მმართველობა ერთ ლიდერზე არ იყოს დამოკიდებული.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ვემზადებით. სწორედ ამიტომ გვჭირდება კოლექტიური საბჭო, ჰორიზონტალური მმართველობა. ვიცით, რომ ვინც იქნება პირველი (ლიდერი), შეიძლება ის ხვალ აღმოჩნდეს ციხეში.
„ჩვენი პასუხისმგებლობა ახლა არის ის, რომ პარტია სტრუქტურულად და ორგანიზაციულად გადაეწყოს ისე, რომ მოახდინოს ტრანსფორმაცია ნებისმიერ სცენარზე, რომელიც ქვეყანაში დადგება. ჩვენ უნდა შევქმნათ ეფექტიანი ბრძოლის ინსტრუმენტები პოლიტიკურ და, რა თქმა უნდა, ეროვნულ დონეზე", - განაცხადა ფარულავამ.
ქმნის თუ არა იურიდიულ ბარიერს ენმ-ის მართვის ახალი მოდელი
კითხვაზე, თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაცმოძრაობის" გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, პარტიის ეს ახალი მოდელი შექმნის თუ არა რაიმე ბარიერს ამ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, კონკსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსს" უთხრა, რომ პარტიის მოწყობას ამ მხრივ არანაირიმნიშვნელობა არ აქვს.
„არა. რა მნიშვნელობა აქვს? ზოგადად კანონით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელიც ნებისმიერ გაერთიანებამ და მათ შორის პარტიამაც უნდა დააკმაყოფილოს - უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი,გადაწყვეტილების მიმღები პირი ვინ არის და ა.შ. მაგრამ შეცვლიან თუ არა მმართველობის ფორმას, პარტიის შინაგან მოწყობას, ამას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თუ სასამართლო კრძალავს პარტიას, ის კრძალავს ნებისმიერი ფორმით ამ პარტიის მოღვაწეობას.
- ვახტანგ ხმალაძე: „თუ სასამართლო კრძალავს პარტიას, ის კრძალავს ნებისმიერი ფორმით ამ პარტიის მოღვაწეობას. ეს პარტიის გარეთ არსებული რაღაც საბჭოც ვერ იარსებებს, რაც ამ პარტიის მიერაა შექმნილი. ეს ყველაფერი აღარ იქნება უკვე ლეგალური."
„ეს პარტიის გარეთ არსებული რაღაც საბჭო, ესეც შექმნა პარტიამ. შესაბამისად, ვერაფერი ვერ იარსებებს, რაც ამ პარტიის მიერაა შექმნილი. ეს ყველაფერი აღარ იქნება უკვე ლეგალური.
„ახალი სარჩელი რომ შეიტანეს, იქიდან დაიწყო 9-თვიანი ვადის ათვლა. შესაბამისად, თუ სარჩელი არ იქნა გაწვეული, მაშინ სასამართლომ ამ 9 თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვადამ რომ გადაიწიოს, არსებული სარჩელი უნდა გააუქმონ და მერე ახალი სარჩელი შეიტანონ, რომ თავიდან დაიწყოს 9-თვიანი ვადის ათვლა. სხვანაირად ეს ვერ გაკეთდება", - განაცხადა ხმალაძემ.
წავა თუ არა „ოცნება" პარტიების გაუქმებაზე
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ პარტიის აკრძალვა ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის უკიდურესი ნაბიჯია და „ოცნებას" გაურთულდება ბრძოლა როგორც შიდა ასპარეზზე, ისე საგარეო ფლანგზე.
„სიმართლე გითხრათ, საკითხის დაყენებასაც არ ველოდებოდი, რომ ავკრძალოთო. ეს ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის ძალიან მკვეთრი ნაბიჯია. პრაქტიკაში ბევრია, გერმანიაში ნაცისტების აკრძალვიდან დაწყებული, მაგრამ ეს ადვილად გახდება სალაპარაკო - „ოცნებას" ადვილად მიეკრობა მეტოქეებთან ადმინისტრაციული ხერხებით მებრძოლის იარლიყი.
- რამაზ საყვარელიძე: „არ ვიცი, ოპოზიციის ამ რეჟიმში გადაყვანა რამდენად აწყობს „ოცნებას". თუ აკრძალავენ, ეს იქნება უკვე „შავი ყუთი", რომელიც არავის არ ეცოდინება როგორია."
„მე პოლიტიკურ აზრს ვერ ვხედავდი მაშინაც და ახლაც მიჭირს დანახვა. რას იძლევა ეს აკრძალვა? ალბათ „ოცნება" რასაც შეგვპირდა შეასრულაო, მაგრამ აკრძალვა ხომ იმასაც ნიშნავს, რომ მისი ეთერში გამოჩენაც უნდა აიკრძალოს და ა.შ. არ ვიცი, ოპოზიციის ამ რეჟიმში გადაყვანა რამდენად აწყობს „ოცნებას".
„თუ აკრძალავენ, ეს იქნება უკვე „შავი ყუთი", რომელიც არავის არ ეცოდინება როგორია. ხელისუფლებით უკმაყოფილო ყოველთვის იქნება ვინმე და ისინი იტყვიან, რომ აი, არ ვარგა „ქართული ოცნება" და „ოცნების" ამარა დავრჩითო და ა.შ. ასე რომ, „ქართულ ოცნებას" გაურთულდება შიდა ბრძოლა და გაურთულდება ასევე საგარეო ასპარეზზე ბრძოლაც.
„როგორც ბევრ საქმეში, შესაძლოა ხელისუფლება ახლაც დაელოდოს მოვლენებს. ხშირად ამბობს, რომ სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში ვართო. შესაძლოა დაელოდონ რა მოხდება, როგორ შეიცვლება ძალთა თანაფარდობა, საქართველოს მიმართ რიტორიკა როგორი იქნება და ასე შემდეგ. თუ ამერიკასთან ურთიერთობა დალაგდება უკეთესად, ვიდრე დღესაა, შეიძლება მერე ითქვას, რომ „აი, ჩვენმა მეგობარმა ამერიკამ გვირჩია, რომ ოპოზიციური სპექტრი ასე არ გავპარსოთ და მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი არსებობს, გადავწყვიტეთ შევიკავოთ თავი". შეიძლება პირიქითაც გაკეთდეს - აშშ-დან იურისტების მთელი ჯგუფი ჩამოიყვანონ და მოეწყოს ამ გადაწყვეტილების უკვე საერთაშორისო განხილვა. სიტუაციას გააჩნია", - განაცხადა საყვარელიძემ.