ენერგეტიკაში კადრების დეფიციტია და ბევრ მიმართულებას არაპროფესიონალები ხელმძღვანელობენ
ქეთო გოგოხია
06.08.2026

ენერგეტიკის სექტორში დიდი პრობლემებია. ეს გამოვლინდა კიდეც ბოლო პერიოდში მომხდარ მასშტაბურ ავარიებში. გამომწვევი მიზეზების ვერსია სხვადასხვაა, მათ შორის მოიაზრება რუსეთის მხრიდან დივერსიაც, თუმცა ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის გათიშვას სისტემის გაუმართაობას უკავშირებენ, რამაც ავარიული მდგომარეობა გამოიწვია. 

სპეციალისტები პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობენ, რასაც მხარს უჭერენ ეკონომისტებიც და საზოგადოების დიდი ნაწილი. გადაჭრით ვერავინ ამბობს, რომ კიდევ არ მოხდება მასშტაბური გათიშვა, რაც უკვე დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მარტო მოსახლეობაზე, არამედ ბიზნესზეც, განსაკუთრებით ისეთ დარგებზე, როგორიცაა ჰორეკა სექტორი, ტრანსპორტი და სხვა. 

წამოჭრილ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი კადრების პროფესიონალიზმს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა დაუფარავად დაწერა.

„პირველი ორი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ თემაზე კითხვების დასმა არ ღირდა. სამწუხაროდ, გუშინ უკვე მესამედ თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ახლა როგორ ფიქრობთ, იმ დროს დასმული კითხვები სწორი იყო თუ არა?

დღეს ეს კითხვები კიდევ უფრო აქტუალურია. ჩემი აზრით, აქ მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა არსებობს - ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები და უკვე მესამედ დაუშვეს ასეთი მასშტაბის ავარია ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას.

უკვე მესამედ საერთაშორისო მედია მთელ მსოფლიოს აჩვენებს ჩაბნელებულ საქართველოს, გაჩერებულ მატარებლებს, მეტროდან ფეხით გამოსულ მგზავრებს, პარალიზებულ მოძრაობას და შეფერხებებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. სამწუხაროდ, ეს უკვე მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის. გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით, გამორთული შუქნიშნების გამო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

რაც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუშინდელ განმარტებას, მან კითხვებზე პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. თუ მართლაც ენერგოსისტემაში ტესტირება ან ტექნიკური ექსპერიმენტი ტარდებოდა, როგორ შეიძლებოდა ამის შედეგად თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილიყო?“ - აღნიშნულია კახიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ასევე ყურადღება გამახცილდა, მოსახლეობის ინფორმირებაა.  ენერგოომბუდსმენ ნინო გულეიშვილის განმარტებით, წესების მიხედვით, ავარიის შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინებები უნდა დაეგზავნოთ. 

,,სატესტო კვლევა ყველა შემთხვევაში არ იწვევს ხოლმე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას. ჩვენ გავაკეთებთ მოკვლევას. წინა წყვეტა როცა იყო, მე რაც ვნახე, გაიგზავნა მომხმარებელთან შეტყობინებები, მაგრამ ახლა საეჭვო. ამიტომ კომპანიებს უნდა მივმართო შეკითხვით - გაიგზავნა თუ არა ასეთი შეტყობინებები და ამასაც თავისი წესი აქვს. ამაზე რეაგირებას მოვახდენთ" - განაცხადა ნინო გულეიშვილმა. 

განსხვავებულად ფიქრობენ ენერგეტიკოსები. გია არაბიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის გართხილება აუცილებელია მხოლოდ გეგმიური სამუშაოების დროს და ამის საჭიროება ექსპერიმენტის დროს არ არსებობს.

,,მომხმარებლის გაფრთხილება არ იყო აუცილებელი. ვერ ვიგებ, რატომ ხედავენ ამის საჭიროებას კონკრეტულად ამ სიტუაციაში. ექსპერიმენტი, რაც იქ ჩატარდა, სისტემის გათიშვას არ ითვალისწინებს. გაფრთხილება ხდება გეგმიური გამორთვისას. რაც ენგურზე მოხდა, იქ დენის გამორთვა არ ყოფილა გათვალისწინებული, უბრალოდ,  საკითხის შესწავლა ხდებოდა, რასაც არ უნდა მოჰყოლოდა გამორთა. 

არავინ ვიცით, სინამდვილეში რამ გამოიწვია სისტემის გათიშვა, ახლა სხვადასხვა ვერსიაა.  არ გამოვრიცხავ, ექსპერიმენტის ჩატარების დროს რაღაც საინჟინრო კონსტრუქციამ ვერ იმუშავა ან ცუდად იმუშავა ან ექსპერიმენტის დროს თვითონ ობიექტში მოხდა ტექნიკური შეუსაბამობა. ითქვა დივერსიაზეც. მაინც და მაინც შეთქმულების თეორიის დიდი მომხრე არ გახლავართ, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“, - აღნიშნა არაბიძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება პასუხმისმგებლობის საკითხს, ენერგეტიკისო ამბობს, რომ ეს აუცილებლად უნდა დადგეს და გამოიკვეთოს ყველა პირის ბრალეულობა, ვინც მომხდართან კავშირშია. 

,,პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. თუკი ექიმი ასრულებს სამედიცინო საქმეს, იურისტი  იურიდიულ საკითხებზე  მუშაობს, ენერგეტიკას სჭირდება ენერგეტიოკოსი. ვერავინ მოგცემთ გარანტიას, საინჟინრო სისტემაა, სადაც ყოველთვის შეიძლება მოხდეს გათიშვა, მაგრამ ასეთ მოკლე პერიოდშო ასეთი მასშტაბის ავარია დიდი პრობლემაა. სისტემურად უნდა მიუდგენ საკითხს, აბსოლუტურად თავიდან არის შესამოწმებელი ავტომატიკა, საიზოლაციო სისტემა. ქვეყანას სარეზერვო სიმძლავრეები ძალიან აკლია, ასევე გენერაციული ობიექტების მშენებლობაც დამაფიქრებელია. უნდა ვიფიქროთ და ვიკითხოთ, ვის აქვს ჩაბარებული და რა დონეზეა  ათვისებული ახალი ტექნოლოგიები, რომელიც სარეზერვო დაცვას უზრუნველყოფს?“ - განაცხადა გია არაბიძემ.

ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ეკონომისტი მერაბ ჯაბიაშვილი  კადრების სიმცირეს მიიჩნევს. მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს სპეციალური მოკვლევა, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს, ამიტომ ვარაუდების დონეზე საუბარი, ნაადრევია.

,,ვისი ბრალეულობით მოხდა სამი დიდი ავარია ერთიმეორის მიყოლებით და რამ გამოიწვია, ამაზე პასუხი მოითხოვს შესაბამის კვლევას და გარკვეულ პერიოდს, ასე მოკლე დროში პასუხს ვერ მივიღებთ, როგორი ინტერესიც არ უნდა იყოს საზოგადოებაში. პირველ რიგში, გამოძიების საფუძველზე უნდა გაკეთდეს დასკვნა და ვისაც დანაშაული დაუმტკიცდება, პასუხიც უნდა აგოს. 

ბევრი რამ პროფესიონალი კადრების დეფიციტს უკავშირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ დენის გათიშვაზე, ქვეყნის იმიჯის საკითხიცაა. ზარალდება ბიზნესი, ტურისტები განიცდიან დისკომფორტს, რაც შემდეგ უკვე ნეგატიურ რეიტინგში იჩენს თავს. ბევრი ისეთი დეტალია, რაც ენერგეტიკის სისტემის გაუმართაობას ადასტურებს, ამიტომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, შეიძლება რამდენიმე თვეც“, - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენი ისევ რამდენიმე საათით გაითიშა. ამჯერად მთელი ქვეყინის ჩაბნელება ენგურჰესზე ტესტირებას უკავშირდებოდა. ბოლო 12 დღეში ეს მესამე მასშტაბური ავარია იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×