რეზონანსი
06.08.2026

ვეტერანები სამართალდამცავი უწყებებისგან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გია ბარამიძის დაკითხვას ითხოვენ, რომელიც უაპელაციოდ ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. ისტორიის გადაწერის მცდელობა თუ ფაქტების გაყალბება? 1992-93 წლების მოვლენების უშუალო მონაწილეები აცხადებენ, რომ ქართველი სამხედროების ღირსების შემლახავი განცხადება შეურაცხყოფს ყველას, ვინც მაშინ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა. ომის ვეტერანები ბარამიძეს საჯარო ცილისწამების საპასუხოდ საჯარო ფაქტებსაც ახსენებენ და მოუწოდებენ - ბოდიში მოიხადოს მიზანმიმართული მავნებლობისთვის.

ბარამიძემ განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში გააკეთა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათქვამმა ქართველ სამხედროებზე მალევე საზოგადოების აღშფოთებაც გამოიწვია.

რაში დასჭირდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერს ქართველი სამხედროების მადისკრედიტებელი განცხადების გაკეთება? - აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ტყვეთა გაცვლის პროცესში ჩართული ვეტერანები იხსენებენ, რომ ბარამიძისთვის პოლიტიკური მიზნების ნებისმიერი საშუალებით მიღწევა არც მაშინ იყო პრობლემა და არც დღეს, როდესაც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული განცხადებით დარტყმის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს, ჯარისა და ქვეყნის რეპუტაციას.

სპონტანურად ნათქვამი რომ არ ყოფილა, ამაში დარწმუნებულია მმართველი პარტიაც. ბარამიძის განცხადებას "ქართული ოცნება" ჰიბრიდული ომის ნაწილს უწოდებს. მიაჩნიათ, რომ პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება საქართველოს იმიჯთან ერთად აზიანებს სახელმწიფო მიზანსაც - მშვიდობიანი გზით მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია. უმრავლესობის თქმით, მოღალატეობრივი და მავნებლური რიტორიკა არ უკვირთ იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით აგვისტოს ომის დაწყებაც ქართველ სამხედროებს დააბრალა.

თავად ბარამიძე დღეს დუმს. ის არც "კურიერის" სატელეფონო ზარებს პასუხობს, თუმცა საკუთარ ნათქვამს არ უარყოფს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ძალოვანი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტშიც იმავეს იმეორებს.

სამარცხვინო, მოღალატეობრივი და ამაზრზენი - ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებისგან სათანადო რეაქციას საჭიროებს.

აფხაზეთის ომის ისტორია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ არის - ასე ეხმაურება აფხაზეთის მეომართა კავშირი ბარამიძის განცხადებას და მას პროვოკაციულს, მოღალატეობრივსა და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×