
ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად, - განუცხადა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორმა კობა ლიკლიკაძემ „ქრონიკას“.
მისი თქმით, გიორგი ბარამიძემ ომის დანაშაული საკუთარ ხალხს და მეომრებს დააბრალა, რის გამოც მან სამართლებრივი პასუხი უნდა აგოს.
„ყველა კონფლიქტში ვარ ნამყოფი საქართველოს ტერიტორიაზე და იმ კონფლიქტებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად. რაც მთავარია, ცუდი სიგნალი გაუგზავნა სეპარატისტებს - კრემლის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც არაფრით სურთ აფხაზებსა და ქართველებს შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდეს. სარჩელი თუ შევა პროკურატურაში და ასეა განწყობილი ყველა და [ვეტერანთა] სამსახურის დირექტორიც, მიმართვის მთავარი არსი იქნება ის, რომ სამართლებრივად შეფასდეს, რამდენად არის ზიანის შემცველი ეს განცხადება და შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს“, - აღნიშნა ლიკლიკაძემ.
გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს ბუნებრივი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.