
6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დაღუპულ დედა-შვილს ნათესავი ემოციურ წერილს უძღვნის:
"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე…
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან.
მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს…
დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე.
ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…” - დაწერა ნათესავმა.
32 წლის ელენე სახეიშვილი 7 და 4 წლის შვილებთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში ნათესავთან, დასასვენებლად ჩავიდა. დილით მან შვილები მდინარის პირას, იქვე ახლოს სასეირნოდ წაიყვანა, რა დროსაც 7 წლის ბავშვი მდინარეში გადახტა. წყალში მის საშველად სასწრაფოდ გადაეშვა დედაც, თუმცა, სწრაფმა დინებამ ორივე გაიტაცა.
ნაპირზე დარჩენილი 4 წლის ბავშვი ერთხანს დედას და ძმას უხმობდა, მერე კი სახლისკენ გაიქცა და მომხდარი ოჯახის წევრებს შეატყობინა.
ლაზარეს ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს, ელენეს ცხედარი კი, 6 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, არ იყო ნაპოვნი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდება.
წყარო: მეგა ტვ