რეზონანსი
07.08.2026

არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მას იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.

მისი თქმით, იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ქვეყნის წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია.

„ვისია ეს „მითების დეტექტორი“, ვინ გამოავლინა ან საიდან ფინანსდებიან? ხომ ვიცით, მსგავსი ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან. იუმორი მისაღებია და ყველას მოსწონს, როცა ადამიანი კარგად ხუმრობს, მაგრამ ეს ვითომ რაღაც იუმორისტული შოუები, ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება თუნდაც ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია. არ მესმის, რატომ უნდა გადავდგათ მსგავსი ნაბიჯები მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ხუმრობა და იუმორისტული შოუების გაკეთება. რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და რამაც დღემდე მოგვიყვანა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი გარედან თავსმოხვეული და დაფინანსებულია. ეს კონკრეტული ორგანიზაციები და ადამიანები ებრძვიან ჩვენ სარწმუნოებას, კულტურას, წარსულს, აწმყოს. ისინი ებრძვიან იმას, რაზეც დგას ქართული ერი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რომ „მითების დეტექტორის“ მტკიცებით, იუმორისტის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციები დაფინანსებული იყო, კახა კალაძის თქმით, ეს იყო საზოგადოების რეაქცია.

„რა არის დაფინანსებული, ის, რომ როცა ქვეყნის კულტურას, წარსულს აყენებენ შეურაცხყოფას და ამაზე საზოგადოების ნაწილს აქვს რეაქცია? სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ შეურაცხყოფა მიაყენო სხვას ან ქვეყანას ან ამას ჰქონდეს ძალადობრივი ფორმა. ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანს შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ეს უნდა იყოს კულტურულ ფარგლებში, არა ბილწსიტყვაობითა და შეურაცხყოფით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×