
2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა, თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.
ხაზს უსვამენ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას.
საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეწყვიტოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა.
მეგობარი ქვეყნები მხარს უჭერენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელოვან ფორმატს და ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა კვლავ უცვლელი რჩება.
საქართველოს ტერიტორიის დახალოებით 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ტერიტორიებზე განთავსებულია რუსეთის სამხედრო ძალები, ხოლო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პერიოდულად ფიქსირდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა და ადგილობრივი მცხოვრებლების უკანონო დაკავების შემთხვევები.
ომის თარიღთან დაკავშირებულ საქართველოს სახალსო დამცველის სპეციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა.
ამავე განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები "უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას".
აგვისტოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
საელჩოები
თბილისში აშშ-ს საელჩო წერს, რომ ვაშინგტონი კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობს.
"დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.
- აშშ-ს საელჩო: "სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას"
"სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
პოლონეთის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება, სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას",- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
საგარეო უწყებები
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ქვეყნები მივესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მოვუწოდებენ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს.
"კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონალურ და ევროპულ სტაბილურობას.
- საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი: "მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები"
"2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები.
"შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება" კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება.
"ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების" (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას", - ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
"დღეს, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ, შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას", - აღნიშნულია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" ოკუპაცია საერთაშორისო სამართალს არღვევს.
ამასთან, ლიეტუვის, სლოვენიის, პოლონეთის, ნორვეგიის, ესტინეთის საგარეო საქმეტა სამინისტროები ეხმიანებიან ომის მე-18 წლისთავს და ურყევად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.