თამთა ჩაჩანიძე
07.08.2026

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომის თემაზე გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას ეხება, რომელიც მან "გირჩის" ლიდერის იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში გააჟღერა. ფაქტს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც.

ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. მან პროკურატურას ჩვენება მისცა.

  • კობა კობალაძე: "სჯობს, ისევ პროკურატურამ, სახელმწიფო უწყებებმა დასვან კითხვები, ვისაც კითხვის დასმის საშუალებაც აქვთ და პასუხის გაანალიზებისაც"

კობალაძის თქმით, ბარამიძის განცხადება არის "სიბოროტით გაჯერებული ტაქტიკური სვლა".

"თქვენ ნახეთ ერთობლივი მოთხოვნა და განაცხადი, რომლებიც ჭეშმარიტების დადგენაში დახმარებას ითხოვენ. სჯობს, ისევ პროკურატურამ, სახელმწიფო უწყებებმა დასვან კითხვები, ვისაც კითხვის დასმის საშუალებაც აქვთ და პასუხის გაანალიზებისაც. ასევე იმ გარემოებების დადგენის საშუალებაც, რატომ საუბრობს ეს [ბარამიძე] ამას", - აღნიშნა კობალაძემ.

თავად ბარამიძემ ხვიჩიას გადაცემაში აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ". მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის ომის პირველ პერიოდში, ბრძოლისას ტყვეებს არ იყვანდნენ და კლავდნენ, რადგან ადამიანები გამწარებული იყვნენ, მოგვიანებით ეს ვითარება შეიცვალა".

  • გიორგი ბარამიძე: "არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს"

"მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე! ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო" საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის!

"სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს",- წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

პროკურატურის განცხადება

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება გახდა.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

"საგამოძიებო ორგანოში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხელისუფლების შეფასება

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის მოღალატეობრივი განცხადება.

"ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება. „ნაცისგანაც" კი ამაზრზენია ასეთი განცხადების მოსმენა. როდესაც ასეთ რაიმეს აკადრებ საკუთარ ხალხს, თანამოქალაქეებს, კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც" კი წარმოუდგენელი. ამას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია. სამარცხვინო და ამაზრზენია, რაც ამ კონკრეტულმა „ნაციონალმა" თქვა", - აღნიშნა კობახიძემ.

  • ირაკლი კობახიძე: "ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება. „ნაცისგანაც" კი ამაზრზენია ასეთი განცხადების მოსმენა"

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აფხაზეთის ომზე ბარამიძის ბრალდება ქართული სახელმწიფოსა და ჯარის შეურაცხყოფაა.

„ესეც არის გაგრძელება იმ ჰიბრიდული ომის, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოს და ქართული ჯარის წინააღმდეგ.

"წარმოუდგენელია, მოისმინო ის სიტყვები, რაც მოვისმინეთ და დატოვო რეაგირების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ქმედება, შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსა და ჯარის. ჩვეულებრივი მავნებლები და მოღალატეები არიან. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ და ამ ყველაფერს აუცილებლად რეაგირება უნდა მოჰყვეს", - განაცხადა კალაძემ.

რას ამბობენ ოპოზიციაში

"გახარია საქართველოსთვის" წევრის შალვა კერესელიძის თქმით, ბარამიძის განცხადება არასახელმწიფოებრივია.

"მით უმეტეს, არ უნდა აკეთებდეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ამიტომ მე ამას დადებითად ვერანაირად ვერ შევაფასებ. ეს არის არასახელმწიფოებრივი და არასწორი განცხადება. პოლიტიკურადაც არასწორია, ადამიანურადაც. იმ მებრძოლების და დაღუპული ვაჟკაცების წინაშეც არასწორია, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ერთიანობას",- განაცხადა კერესელიძემ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ გიორგი ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ სჭირდება.

„პროკურატურა რომ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, ამასაც არ სჭირდება მტკიცება. ის, რომ გიორგი ბარამიძეს არ ჩაუდენია დანაშაული, არც ამას სჭირდება მტკიცება.

  • ნიკა გვარამია: "ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია და ასე არ ხდება... პირადად ვიცნობ და სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის, შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, მისი პატრიოტიზმია"

"ის, რაც ითქვა, არ შეესაბამება სიმართლეს... არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამბავი. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია და ასე არ ხდება. გიორგი ბარამიძის შემთხვევაში, რაც მისი ბიოგრაფია ვიცი, პირადად ვიცნობ და სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის, შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, მისი პატრიოტიზმია", - აღნიშნა გვარამიამ.

ენმ-ის განცხადება

‘ნაციონალური მოძრაობის" სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარამიძის წინააღმდეგ დღეს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, "კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებამ პროკურატურა საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების და რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად".

"გიორგი ბარამიძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის, მათ შორის იარაღით ხელში, როგორც რიგითი ჯარისკაცი აფხაზეთსა და უკრაინაში. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მას პატრიოტიზმს უწუნებენ, წლების განმავლობაში ამართლებდნენ რუსეთის ინტერესებს, აზიანებდნენ საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებდნენ. გავიხსენოთ თუნდაც ბიძინა ივანიშვილის და მისი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები აფხაზებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდაზე.

"რა სიმბოლურია, რომ დღეს რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესიის დაწყების დღეს, დევნა დაიწყეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც რუსეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"როდესაც კრემლი, გიორგი ბარამიძეს საკუთარ მტრად აცხადებს და სჯის, „ქართული ოცნების" ხელისუფლება იმავე ადამიანს სამშობლოს ღალატს ედავება.

"პატრიოტიზმს არც კრემლი განსაზღვრავს და არც „ქართული ოცნების" პროკურატურა და პროპაგანდა. საქართველოს ინტერესების სამსახური დანაშაული არ არის, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ შეცვლის ამ სიმართლეს.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ცილსმწამებლური და აბსურდული საქმე, არა სამართლებრივი საფუძვლით, არამედ ივანიშვილის რეჟიმის, პოლიტიკური მიზნებსა, და რუსული პროპაგანდის ამოცანებს ემსახურება. ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამრეჟიმის რუსული ბუნების.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიორგი ბარამიძის მიმართ დაწყებულ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება",- აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×