რეზონანსი
07.08.2026

საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში 164 ადამიანი დაიკარგა, მათგან 57 პირის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლისა და 2026 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემები.

ამასთან, ოფიციალური ცნობებით, ბოლო წელიწადნახევარში დაკარგულია 18 არასრულწლოვანი, მათგან 4-ს ამ დრომდე ეძებენ.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში დაკარგულად 41 ადამიანი ითვლება. მათგან 25 იპოვეს (ერთი პირი გარდაცვლილი აღმოჩნდა), ხოლო 16 ადამიანის ძებნა კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი - 20 ადამიანი 25-დან 45 წლამდე ასაკის პირი იყო. მათგან 12 იპოვეს, ერთი გარდაცვლილია (უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო), ხოლო 7-ის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში დაკარგული 5 არასრულწლოვანი ყველა ნაპოვნია. ასევე, დაკარგულად ითვლება 46-დან 60 წლამდე ასაკის 7 ადამიანი. მათგან 3 იპოვეს, 4-ის ძებნა კი კვლავ გრძელდება. 60 წელს ზემოთ ასაკის 7 დაკარგული პირიდან 3 ნაპოვნია, 4-ს კი ამ დრომდე ეძებენ. 18-დან 24 წლამდე ასაკის 2 დაკარგული პირიდან ერთი ნაპოვნია, მეორეს კი კვლავ ეძებენ.

შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაკარგული 41 ადამიანიდან 36 საქართველოს მოქალაქეა, 5 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ნაპოვნია საქართველოს 21 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე.

რაც შეეხება 2025 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 123 ადამიანი დაიკარგა. მათგან 82 იპოვეს, ხოლო 41 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან, შარშან დაკარგულ პირთა შორის, 13 არასრულწლოვანი იყო. მათგან 9 იპოვეს, 4-ის ძებნა კი კვლავ გრძელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ნაპოვნი 82 დაკარგული პირიდან 69 ცოცხალი იპოვეს, 13 კი - გარდაცვლილი.

2025 წელს დაკარგული 123 ადამიანიდან 113 საქართველოს მოქალაქე იყო. მათგან 73 იპოვეს, მათ შორის 12 - გარდაცვლილი. 10 დაკარგული პირი კი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. მათგან 9 იპოვეს, მათ შორის ერთი პირი გარდაცვლილი იყო.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 1973 წლიდან დღემდე საქართველოში სულ 6 848 ადამიანი დაიკარგა, მათგან 1 017 ადამიანი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×