
ევროკავშირი არ არის მზად უკრაინას დაჩქარებული წესით წევრობა მიანიჭოს - სრულფასოვანი წევრობის გზაზე უდიდეს დაბრკოლებად კვლავ რჩება ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონე, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრა რომ არა, უკრაინა კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს ვერასდროს მიიღებდა.
გარდა ამისა, უკრაინის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
„შეუძლებელია ევროკავშირში მიიღო 40-მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც გლობალური კორუფციის ინდექსში 104-ე ადგილი უკავია. ეს მთელი პროექტის მასხრად აგდება იქნება“, - ციტირებს Financial Times-ი ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატს.
ამავდროულად, ბრიუსელში აცნობიერებენ, რომ კიევის მიტოვება განხილვის თემაც კი არ არის. ოფიციალური პირები უკრაინის მთავრობის მიზანს - 2027 წლისთვის გახდეს ბლოკის წევრი - უფრო „დახმარების თხოვნად“ აღიქვამენ, ვიდრე რეალისტურ ვადად.
ამავდროულად, რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის გაფართოება ეკონომიკური პროექტიდან უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ინიციატივად გარდაიქმნა. წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, რომ უკრაინის ძლიერი და საბრძოლო მოქმედებებში გამოწრთობილი არმია მათ მხარეს იყოს.
თუმცა გაფართოების პროცესის შეფერხების ერთადერთი მიზეზი უკრაინა არ არის. აღმოჩნდა, რომ თავად ევროკავშირიც შიგნიდან არ აღმოჩნდა მზად ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად.
პრობლემის გადასაჭრელად საფრანგეთი და გერმანია „ეტაპობრივი ინტეგრაციის“ მოდელის პოპულარიზაციას ეწევიან. წინადადების თანახმად, რეფორმების განხორციელებასთან ერთად, კანდიდატი ქვეყნები ეტაპობრივად მიიღებენ წვდომას ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საკვანძო პროგრამებზე, ნაცვლად იმისა, რომ დაუყოვნებლივ მიენიჭოთ სრული წევრობა.