რეზონანსი
07.08.2026

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო. უწყებაში კობა კობალაძე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მანამდე პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება.

განცხადება, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გია ბარამიძემ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში გააკეთა. მან თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბარამიძემ განმარტებისთვის ვიდეომიმართვაც გაავრცელა, თუმცა კრიტიკა არ გაიზიარა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა.

ანტიეროვნული, შეურაცხმყოფელი და მძიმე მოსასმენი - ასე აფასებენ ვეტერანები გია ბარამიძის განცხადებას. აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის მონაწილეები ამბობენ, რომ ბარამიძემ ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, ჯარსა და ქვეყნის რეპუტაციას. დღეს ისინი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეიკრიბნენ და ბარამიძისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

გია ბარამიძის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებს გენერალ-მაიორი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაუშვებელია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს.

გია ბარამიძე საკუთარ პოზიციას არ ცვლის და არც ბოდიშის მოხდას აპირებს. დღეს ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მწარე სიმართლეზე ისაუბრა. ბარამიძის განცხადება არ დაუგმიათ "ნაციონალურ მოძრაობაშიც", სადაც დღეს მას სოლიდარობა გამოუცხადეს.

გია ბარამიძის განცხადებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად და ჰიბრიდული ომის ნაწილად აფასებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები პასუხგაუცემელი არ დარჩება, რადგან ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯებია.

გია ბარამიძის განცხადებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა აფხაზეთიდან დევნილებისა და საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების მხრიდანაც. მათ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×