
ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა. ომი, კორუფცია, ეკონომიკური პრობლემები და პოლიტიკური სკანდალები - ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც, სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შეარყია. ორგანიზაცია "სოცისის" გამოკითხვა აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში 50-პროცენტიან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, მეორე ტურში კი, ვოლოდიმირ ზელენსკის შანსები მის პოტენციურ კონკურენტებთან მიმართებით მნიშვნელოვნად მცირდება. მათ შორის არიან ვალერი ზალუჟნი, კირილ ბუდანოვი და მიხაილო ფედოროვი. მეორე ტურში ნებისმიერ მათგანთან კონკურენციის შემთხვევაში უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, ხმების მხოლოდ 33-დან 39 პროცენტამდე მიიღებს.
პერსონალური რეიტინგის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკის პრობლემები პარტიულ რეიტინგებშიც აქვს. კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 19,4 პროცენტი ვალერი ზალუჟნის ბლოკს დაუჭერდა მხარს, 17,9 პროცენტი - მიხაილო ფედოროვის ბლოკს, ხოლო უკრაინის მმართველ პარტიას, "ხალხის მსახურს" - მხოლოდ 12,7 პროცენტი.
გამოკითხული უკრაინელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებულ საერთო მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას კორუფცია და სახელმწიფო სახსრების მითვისება ახდენს. რიგით მეორე ნეგატიურ ფაქტორად სახელდება ოკუპანტების მიერ დრონებითა და სარაკეტო სისტემებით ენერგეტიკულ და სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები, მესამე გამოწვევად კი - სიღარიბე, ფასების ზრდა და ინფლაცია.
"სოცისის" კვლევის მიხედვით, კორუფციასა და სოციალურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მოქალაქეების თითქმის 57 პროცენტი უკრაინის პრეზიდენტს აკისრებს. სწორედ კორუმპირებული კლანების გავლენას უკავშირებენ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლებასაც. ექსმინისტრის მხარდასაჭერად კიევის ქუჩებში მოქალაქეები შეიკრიბნენ, თავად ფედოროვი კი პოლიტიკურ წრეებში უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ კონკურენტად განიხილება.
სხვადასხვა დროს მასშტაბური კორუფციის ბრალდება ანტიკორუფციულმა ბიურომ არაერთ მაღალჩინოსანს წარუდგინა. მათ შორისაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკიც. ბოლო ფინანსური სკანდალი კი ამერიკაში უკრაინის ელჩს უკავშირდება, რომლის მიმართაც გამოძიება უკვე დაწყებულია.