
გენერალურ პროკურატურაში, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ გენერალ-მაიორი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი და აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრი პაატა ზაქარეიშვილი. საქმეზე გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით მიმდინარეობს.
გია ბარამიძის სკანდალურ განცხადებასა და მის მიერ გავრცელებულ „თავის მართლებაზე“ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, დავით ღვინჯილიამ ისაუბრა.
„მიუღებელი განცხადება იყო. ეს არა მარტო მე მეხებოდა, არამედ ეხებოდა მთლიანად ვეტერანებს, ომის მონაწილეებს და არა მარტო მათ, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას - საქართველოს. მე ავუხსენი, რომ, ჯერ ერთი, არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს მის სიტყვებს, ვინაიდან ტყუილი არის თავიდან ბოლომდე. ქვეყანა დააზარალა, მაგრამ თავის თავი დააზარალა მაგან, მე ასე მგონია, ყველაზე უფრო. ეს არის, ჯერ ერთი, არაკაცური საქციელი - ტყუილები და რაღაცები - და მერე თავის მართლება. რაღაც საცოდაობა იყო მისი თავის მართლება“, - აცხადებს დავით ღვინჯილია.
ცნობისთვის, გია ბარამიძის ირგვლივ ატეხილი სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტის ფონზე, მან მოგვიანებით ვიდეომიმართვა ჩაწერა და განმარტა, რომ ტყვეებს არა ჯარი, არამედ გამწარებული ხალხი ხოცავდა, მოგვიანებით კი ვეტერანებს ბოდიშიც მოუხადა. მიუხედავად ამისა, ვეტერანთა უწყების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით ომის მონაწილეები და ყოფილი მაღალჩინოსნები იკითხებიან.